Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 15 ოქტომბერი


გასულ კვირას, მინანქრის

საერთაშორისო ბიენალეს გახსნაზე, ერთმა მხატვარმა იხუმრა, თბილისში კულტურის რთველი დაიწყოო. საქართველოში ოქტომბერი ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურის მოვლენების ”სიუხვით”, მაგრამ წელს (ყოველ შემთხვევაში, ამ კვირაში) ყველა რეკორდი მოიხსნა: მართალია, რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ბლოკადამ შემოდგომაზე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა, ჩაშლით მაინც არაფერი ჩაიშალა - დროზე გაიხსნა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, წარმატებით ჩატარდა მუსიკალური ფესტივალის, ”შემოდგომის თბილისის”, კონცერტები, დაიწყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული სპექტაკლების ჩვენება. როგორც ჩანს, გავიდა დრო, როცა თბილისში, ხელოვნების ფესტივალების მოწყობა რუსეთიდან მოწვეულ არტისტებზე იყო დამოკიდებული - ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ ”კულტურა” მხოლოდ რუსულ თეატრალურ კოლექტივებს, მომღერლებს, კინემატოგრაფისტებს არ გულისხმობს, კულტურა მთელ მსოფლიოს მოიცავს და თუკი რუსეთი ამ სივრცეს დროებით გამოაკლდება, არც კულტურას დაუშავდება რამე და არც ჩვენს ხელოვნების მოყვარულებს.

არადა, საქართველოში (რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კვლავაც არაერთი ადამიანი ამტკიცებს, რუსული და ქართული კულტურა განუყოფელიაო. თავად კულტურის მუშაკებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია ცხოვრება რუსული კულტურის გარეშე. აი, მაგალითად... თბილისში ჩამოვიდა გიდონ კრემერი... არავის უნდა გაუკვირდეს, თუკი თანამედროვეობის უდიდეს ხელოვანს ზოგიერთ ქართულ გაზეთში ”რუს მუსიკოსად” მოიხსენიებენ. რა თქმა უნდა, რიგაში დაბადებულმა კრემერმა მუსიკალური განათლება რუსეთში მიიღო, თავის ქართველ კოლეგებს რუსულად ესაუბრება, უფრო მეტიც, თბილისში გამართულ კონცერტზე მისმა ანსამბლმა, ”კრამერატა მუსიკამ”, გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად, სწორედ რუსი კომპოზიტორების - შნიტკეს, სილვესტროვის, გუბაიდულინას - პიესები შეასრულა... მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრემერი რუსული ან, თუნდაც, საბჭოთა კულტურის ”პროდუქტია”.

[მუსიკა. შნიტკე, ”ტანგო”]

კრემერმა თითქოს განზრახ შეარჩია მეოცე საუკუნის საბჭოთა მუსიკა - ის კომპოზიტორები, რომელთაც საბჭოთა კავშირში თითქმის არ ასრულებდნენ, უფრო სწორად, ვერ ასრულებდნენ. კრემერმა დაუკრა მუსიკა, რომელიც არ მიეკუთვნება ერთ განსაზღვრულ, ვიწრო სივრცეს და იმას, ვინც დღეს მოსკოვსა და თბილისში საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებულ მითზე - ქართულ-რუსული კულტურის ურღვევ და ძლევამოსილ მთლიანობაზე - მსჯელობს, გაახსენა, რომ დიდ კულტურას არ შეიძლება ჰქონდეს საზღვერები.

და არამარტო კრემერმა. აი, მაგალითად, მუსიკოსი და მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე გავიხსენოთ - ამ კვირაში გალერეა ”კოპალაში” მისი პერსონალური გამოფენა დაიხურა. დაახლოებით მხატვრის 150 სურათი იყო გამოფენილი ”კოპალაში” და, როგორც გალერეის ერთ-ერთმა მესვეურმა, კინორეჟისორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა გვითხრა, სურათების უმრავლესობა გაიყიდა... და არა იმიტომ, რომ ”პრიმიტივიზმი” ისევ მოდაშია საქართველოში. უბრალოდ, ხელოვნების მოყვარულებს მოსწონთ, როცა ერთ პატარა სურათში დიდი მხატვრების შემოქმედების გამოძახილს გრძნობენ ხოლმე. ჯარჯი ბალანჩივაძის სურათები კი ხან რუსოს, ხან შაგალს, ხან მაგრიტს, ხან ირაკლი ფარჯიანს გაგახსენებთ...და, ამავე დროს, ყველა სურათში შენარჩუნებულია მხატვრის ხელწერა და ყველა სურათში იგრძნობა, რომ სურათების ავტორი მუსიკოსია. ასეთი მხატვრისთვის ”კულტურული საზღვრები”, ცხადია, არ არსებობს.

”საზღვრები” არ არსებობს არც ამ კვირის მთავარი კულტურული ღონისძიების, მინანქრის საერთაშორისო ბიენალეს, გამარჯვებულებისთვის. მართალია, ”ქორთიარდ მერიოტში” ბიენალეს გახსნაზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ ნამუშევრების დათვალიერება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, ორგანიზატორებიც და მოწვეული სტუმრებიც კმაყოფილები ჩანდნენ. - ეს არაა ელიტარული ღონისძიება, ჩვენ გვინდოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი დასწრებოდა გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას, - გვითხრა გალერეა ”შარდენის” მესვეურმა მაია ნოზაძემ (გალერეა ”შარდენი” მინანქრის ბიენალეს ორგანიზატორია).

[მაია ნოზაძის ხმა] ”თავიდან ბევრი ამბობდა, რომ მოდაა, მაგრამ ჩვენ ასე არ ვთვლით...რა თქმა უნდა, ისეთმა ხალხმაც დაიწყო მინანქარში მუშაობა, რომელიც მხატვარი არაა, მაგრამ მათაც კარგად გამოიყენეს ეს ხელობა, რასაც ასევე მივესალმები. გარკვეულწილად შეიძლება შემოსავლის წყარო იყოს ვიღაცისთვის... ძალიან მოსწონთ, რადგან განსხვავებულია.”(სტილი დაცულია)

ამ გალერეის წვლილი ქართული მინანქრის პოპულარიზაციაში ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ”შარდენმა” დაამკვიდრა მოდა მინანქარზე... და თუ სიტყვა ”მოდა” არ მოგწონთ, ასე ვთქვათ, ”ხელი შეუწყო ქართული მინანქრის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.

[მაია ნოზაძის ხმა] ”პრინციპში მინანქრის ცნობილი ”ბრენდი” არც არსებობს - ერთადერთი არსებობს ავსტრიული მინანქარი, რომელიც ქართულ მინანქარს ნამდვილად არ შეედრება... ისიც არ არის ტექნიკური, მარტივი ტექნიკაა, მაგრამ ცნობილი ”ბრენდია”. (სტილი დაცულია)

მინანქრის საერთაშორისო ბიენალეს ორგანიზატორებმა ”ახალი ტალღა” უწოდეს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ლაურეატებს შორის მხოლოდ ”მოდერნისტებს” მიანიჭეს უპირატესობა. წელს ბიენალეს შესარჩევ კონკურსში არაერთმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ჩვიდმეტი ქვეყნიდან... და არამარტო მხატვრებმა; მაგალითად, მაია კარანაძე, რომელსაც რადიო “თავისუფლება” ბიენალეს გახსნაზე ესაუბრა, ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობს - ხატვა, როგორც თავად აღნიშნავს, საერთოდ არ იცის.

[მაია კარანაძის ხმა] ”შევისწავლე ხელნაწერი წიგნების ყდის ისტორია, აქედან დაიწყო ემალით გატაცება... მე ესკიზებს არ ვაკეთებ, რადგან არა ვარ პროფესიით მხატვარი და ხატვა არ შემიძლია...ერთი ჩემი ნამუშევარი ირანის პრემიერ-მინისტრმაც შეიძინა - ”ვეფხისტყაოსნის” მინიატურების გავლენით გაკეთებული...”

ქალბატონ მაიას იმ ”წყვეტაზე” ვესაუბრეთ, რომელიც განიცადა ქართული მინანქრის ისტორიამ. იყო პერიოდი, როცა მინანქარი დაივიწყეს, მაგრამ, საბედნიეროდ, დარჩა უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც ახლებურ გააზრებას მოითხოვდა. მაია კარანაძეს ვკითხეთ, რამდენად დაეხმარა მას ქართულ ხელნაწერებსა და ილუსტრაციებზე მუშაობის გამოცდილება.

[მაია კარანაძის ხმა] ”დამეხმარა, რასაკვრიველია, რადგან მომიწია მუშაობა ისეთ ნამუშევრებზე, როგორიცაა წმინდანთა გამოსახულებები მეათე-მეთექვსმეტე საუკუნის ჩათვლით, ძველი აღთქმის სიუჟეტები - ვიზუალურად იმდენი მინიატურა მაქვს ნანახი, რომ აღარ მჭირდება უბრალო კოპირების გაკეთება.”

კულტურას საზღვრები არა აქვს არა მარტო სივრცეში, არამედ დროშიც. მინანქრის საერთაშორისო ბიენალე ამის დადასტურებაა...და თუკი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალზე ვერ მოხვდით, 17 ოქტომბრამდე კიდევ გაქვთ დრო იხილოთ საუკეთესო ნამუშევრები გალერეა
”შარდენში”...და თუკი დროს სწორად გაანაწილებთ, ოქტომბერში კულტურული ღონისძიებების ასეთი სიუხვე მხოლოდ და მხოლოდ გაგახარებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG