Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს რეზოლუციის შემდეგ საქართველო სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებასა და “ჰუმანიტარულ შტურმზე” ალაპარაკდა


საერთო შეფასებით, გაეროს

უშიშროების საბჭოს 13 ოქტომბრის 1716-ე რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკულია იმ რეზოლუციათა შორის, რაც კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თაობაზე ორგანიზაციის კედლებში მიღებულა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რეზოლუციას თავშეკავებული კომენტარებით გამოეხმაურა და იგი დადებითად შეაფასა, რაც მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გამო არ მოხდარა. რეზოლუციაში გვერდი აქვს ავლილი ერთ არსებით მომენტს, რაც თბილისს მომავალში აძლევს ერთგვარ კარტ-ბლანშს, კარგად დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, თავადაც მიაღწიოს გარკვეულ პროგრესს ე.წ. გაყინული კონფლიქტების სფეროში. ჩვენს დღევანდელ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” გაეროს საკამათო რეზოლუციის ერთ არსებით მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებებში ცდილობს დამალოს წყენა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ, რომელმაც, ჩრდილოეთ კორეის საკითხში რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რეზოლუციის ტექსტში შეიტანა თითქმის ყველა ის დებულება, რითაც მოსკოვის ამბიციები სრულიად დაკმაყოფილებულია. მაგრამ მოსკოვის ზეიმი, შესაძლოა, გადაჭარბებულიც იყოს. საქმე ისაა, რომ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ. და ასეთი მოთხოვნა რომც ასახულიყო, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მას არ შეასრულებდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ნურას უკაცრავად! ჯერ ერთი, ეს არ გავიდა. და კიდევ კარგი, რომ არ გავიდა. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ არა მხოლოდ არც ერთი მისხალი უკვე გაკონტროლებული ტერიტორიისა უკან აღარ გადაეცემა სეპარატისტებს, - და ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის ერთი მესამედი, - არამედ ჩვენ ვაპირებთ გავაფართოოთ საქართველოსა და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების კონტროლი, ყოფნა და ოპერირება ამ ტერიტორიებზე.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს “აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების კონტროლის გაფართოებას”. თბილისის დიპლომატიურ ლექსიკონში ამ შეკითხვაზე არსებობს ტრადიციული პასუხი: მშვიდობიანი გზით, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქვეტექსტს შეიცავს. პირველი და უმთავრესია რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება იმ ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტით, რომლებსაც, რუსეთისგან განსხვავებით, არავითარი დაინტერესება არა აქვთ, ანუ არ არიან კონფლიქტის მონაწილე მხარეები. სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ სამშვიდობო “კოქტეილში” აიტანოს რუსეთის სამშვიდობო ძალებიც, რათა, როგორც ნინო ბურჯანაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რუსეთმა არ ჩათვალოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობია შეეყარა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ სხვათა შორის, ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ აი, იმ საერთაშორისო ძალებში, რომლებიც შემოვა საქართველოში, ჩვენ რაღაც რუსოფობიული განწყობილებები გვაქვს და არც ერთი რუსი არ უნდა იყოს.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] “თქვენ გჯერათ, რომ შემოვლენ ეს საერთაშორისო ძალები?”

[ნინო ბურჯანაძე] “ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სერიოზული ძალისხმევა იქნება და გაგება ევროპისა და ამერიკის მხრიდან, ეს სრულიად რეალურია.”

მაგრამ ჯერჯერობით ფაქტი ისაა, რომ არც ევროკავშირს, არც ნატოს და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას არ გამოუთქვამთ სურვილი, ჩაერთონ სამშვიდობო ოპერაციის სამხედრო კომპონენტში. უფრო მეტიც: გასულ კვირაში ევროკავშირმა გადაჭრით განაცხადა, რომ არ აპირებს სამშვიდობო ძალების გაგზავნას საქართველოში. სხვა პოტენციური დონორებიც ჩუმად არიან. შესაბამისად, ეს ვითარება საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს დაივიწყოს პარლამენტში 15 თებერვალს ამაღლებულ ატმოსფეროში და საოცარი ერთსულოვნებით მიღებული რეკომენდაცია, რომელიც მთავრობას ავალებდა გამოსულიყო 1992 წლის დაგომისის შეთანხმებიდან და დაუყოვნებლივ დაეწყო მოლაპარაკება დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების შესახებ. თუმცა დადგენილება ძალაშია და იგი თაროზე არავის შემოუდვიაო, უთხრა რადიო “თავისუფლებას” პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] “არა, არ დევს თაროზე. დადგენილება ძალაშია და ის ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, იპოვოს ჩანაცვლების მსურველი მხარეები და ისინი ამაზე მუშაობენ.”

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი ე.წ. დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიმართ. უბრალოდ, თბილისმა, ცხინვალის სახით, ორიდან უფრო სუსტი რგოლი აირჩია. მაგრამ მას შემდეგ, რაც კოდორის ხეობაში ექს-პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის სამხედრო ამბოხის ჩახშობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფი და ეფექტური კონტროლი დააწესა კოდორის ხეობაზე, თბილისისთვის ნათელი გახდა, რომ რაღაცების გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდის ავლითაც შეიძლება. ამიტომაც არ გამოუწვევია გაეროს13 ოქტომბრის რეზოლუციას ნერვიული აჟიოტაჟი და ერთმანეთის ლანძღვა საქართველოს ხელისუფლების ეშელონებში. რეზოლუციაში ხომ საქართველოს ხელისუფლება 26 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის გამოა გაკრიტიკებული, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რომ კოდორის ხეობაში ივლისამდე არსებული სტატუს-კვო უნდა აღდგეს. ასე რომ, იმ “ცხადი სიგნალების” გარდა, რაზეც ამაყად საუბრობდა გაეროს შტაბბინაში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა სახის სიგნალიც მიიღო. ეს სიგნალი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ საქართველომ განაახლოს “ჰუმანიტარული შტურმი” - ამჯერად აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან:

[შოთა მალაშხიას ხმა] “ყველაფრისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და ვაჩვენოთ უნდა, რომ ეს იქნება საზღვართან მიმდინარე და ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენის მეშვეობით და ჩვენთან ერთად, უზრუნველყონ, რომ ის მოსახლეობა იყოს დაცული. გალში გაიხსნას გაეროს ოფისი. ჩვენ ხომ ისეთ კრიტერიუმებზე ვლაპარაკობთ, რაც არის მსოფლიოსთვის მისაღები. ჩვენ ხომ არ ვამბობთ: დაგვიბრუნეთ ტერიტორიები. ჩვენ ვამბობთ: ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აღდგენა ჩვენთვის ნიშნავს ტერიტორიის დაბრუნებას.”(სტილი დაცულია)

მაგრამ შოთა მალაშხია არ გამორიცხავს, რომ, “ჰუმანიტარული შტურმის” გარდა, საქართველოს ხელისუფლებას მოუხდეს საპოლიციო სპეცოპერაციის ჩატარებაც კონფლიქტურ კერებში. ოღონდ ეს სცენარი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ უსაფრთხოების ზონას დატოვებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის ვიცე-სპიკერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, რომელიც შემჩნეულია კრემლის იდეების რეტრანსლირებაში, გასულ კვირაში ორჯერ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიას რამდენიმე თვეში რუსეთის სამშვიდობო ძალის ნაწილებიც დატოვებენ. გაეროს ზემოხსენებული რეზოლუცია საქართველოს ამ პაუზის გადატანაშიც უნდა დაეხმაროს. დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG