Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელ ფუკო – 80


ფრანგი ფილისოფოსი მიშელ ფუკო ის მოაზროვნე არ არის,

რომლის შესახებ ადვილია რადიოთი, პოპულარულ ენაზე, საუბარი. ფუკოს ნაწარმოებები გადატვირთულია სპეციფიკური ტერმინებით, ფუკოს აზროვნების სტილისა და სტრუქტურის გაგება ფილოსოფიის, კულტურის ისტორიისა და თეორიის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა გამოვეხმაურო მიშელ ფუკოს დაბადების 80 წლისთავს, რომელსაც ამ დღეებში მისი კოლეგები, თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, გამოვეხმაურო რადიოსთვის უფრო მისაღები ფორმით – მუსიკით... მიშელ ფუკო და მუსიკა – ესაა ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”, დღევანდელი თემა.

[მუსიკა, “პოსტმოდერნისტული ბლუზი”]

ამერიკელმა მუსიკოსმა მარი რადფურდმა კომპოზიცია “პოსტმოდერნისტული ბლუზი” ფრანგი ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს, ხსოვნას მიუძღვნა. “ადამიანი გაქრება, გაქრება ისე, როგორც ზღვის ნაპირზე, ქვიშაზე დახატული პორტრეტი, რომელსაც წყალი წაიღებს,” – იმეორებენ ფუკოს სიტყვებს ამერიკელი მუსიკოსები – იმეორებენ ირონიით, რადგან სჯერათ, რომ თავად ფუკოს ამ ნათქვამში იყო ირონია.

ნიცშემ თავის დროზე ღმერთის სიკვდილი იწინასწარმეტყველა. მიშელ ფუკო უფრო შორს წავიდა - თავის ფილისოფიურ ხილვაში ადამიანი მოკლა და ამით “ჩააგდო შოკში” კოლეგები... და არამარტო კოლეგები.

1983 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, შიდსით დაავადებულმა მიშელ ფუკომ განაცხადა: “ადამიანებს არ მოსწონთ, რომ რჩევებს არ ვაძლევ, არ ვეუბნები, როგორ იცხოვრონ, არადა, თითქოს წინასწარმეტყველის როლს ვთამაშობ... რა ვქნა, რატომ ეზარება ხალხს დაეყრდნოს ინდივიდუალურ ეთიკას, ინდივიდუალურ გამოცდილებას... რად უნდათ მზამზარეული სქემები?”

“თითქოს წინასწარმეტყველის როლს ვთამაშობო,” – ამბობდა ფუკო, მისთვის დამახასიათებელი თვითირონიით, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, მისი მოძღვრება მართლაც ჰგავს წინასწარმეტყველებას.

ფუკოს თქმით, კლასიკურ ფილოსოფიაში ადამიანი ერთდროულად შესწავლის ობიექტიცაა და სუბიექტიც... რაც, არსებითად, ნონსენსია. 1966 წელს დაწერილი წიგნი “სიტყვები და საგნები” (როგორც ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ გვითხრა, თავად ფუკოს უფრო მოსწონდა სათაური - “საგანთა წესრიგი”) დრამატულად მთავრდება: ეს ფსევდოსაგანი, “ადამიანი”, შეიცვლება ანონიმური მოვლენით, რომელშიც “ადამიანის” ცნებისთვის დამახასიათებელი სუბიექტურისა და ობიექტურის წინააღმდეგობა მთლიანად გადაილახება. კინოში შედეგი უკვე გვაქვს: ჰოლივუდში იქმნება ფილმები, რომლებშიც ადამიანი, გარემო, ბუნება, ისტორიული ფონი კომპიუტერული არსებებითა და საგნებით იცვლება... მაგრამ ფუკოს წინასწარმეტყველება ყველაზე ნათლად მაინც თანამედროვე მუსიკაში გამოვლინდა.

70-იან წლებში, როცა ცენზურის პრობლემებს იკვლევდა, ფუკო წერდა ენაზე, რომელსაც საზოგადოება იმის მიხედვით აყალიბებს, თუ რომელი სიტყვის თქმა შეიძლება ხმამაღლა და რომლის არა... ასეთივე ცენზურა საუკუნეების მანძილზე აიძულებდა კომპოზიტორებს დამორჩილებოდნენ დამკვიდრებულ მუსიკალურ ჰარმონიებს.

მიშელ ფუკო ჯერ კიდევ 60-იან წლებში იმეორებდა რომენ როლანის აზრს, ფრანგული კულტურა “ვიზუალურია” და არა მუსიკალურიო; მიყვარს ბახი, მაგრამ ჩემთვის მუსიკა ისაა, რომელიც მიზიდავს და რომელიც საერთოდ არ მესმისო... ასეთი აღმოჩნდა მისთვის ამერიკელი კომპოზიტორის ჯონ კეიჯის ნაწარმოებები, იმ კეიჯისა, რომელმაც მუსიკალურ ინსტრუმენტებად სხვადასხვა საგნები გამოიყენა. კეიჯი სახელგანთქმული “დუმილის მუსიკის” ავტორია, მის ერთ ნაწარმოებში სიჩუმე ხუთ-ნახევარი წუთი გრძელდება. თავის დროზე კეიჯის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ძენ-ბუდიზმმა, რომლის თანახმად ბუნებას არა აქვს სტრუქტურა, არ ახასიათებს მოვლენათა იერარქია... და ე.ი. მუსიკაც არ უნდა იყოს “იერარქიული”. ასე დაიწყო მან “სიჩუმის” შესწავლა – მუსიკალური ინსტრუმენტებით “სიჩუმე” შექმნა, არამუსიკალურით კი - “ხმაურები”.

[ჯონ კეიჯის ხმაურები]

1983 წელს მიშელ ფუკომ კანადურ ჟურნალ “ეთოსს” მისცა ინტერვიუ, რომელშიც დუმილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დუმილი, ფუკოს აზრით, მრავალნაირი არსებობს... მე კათოლიკურ გარემოში გავიზარდე და ვიცი, “რამდენნაირად” შეიძლება დუმდეს ბავშვი – არსებობს გაბრაზებული ადამიანის დუმილი, არსებობს დუმილი, რომელიც თანაგრძნობასა და სიყვარულს გამოხატავს.

“სულ მიკვირდა, ვინ აძალებს ადამიანებს ილაპარაკონ... განა სიჩუმეში არ შეიძლება ურთიერთობა?!” –წერდა ფუკო.

]ბულეზი, “წყლის მზე”]

ეს მეოცე საუკუნის კიდევ ერთი სახელგანთქმული კომპოზიტორის, პიერ ბულეზის, მუსიკაა. ბულეზთან ერთად გატარებულ რამდენიმე თვეს ფუკო ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევდა თავის ცხოვრებაში. 1966 წელს ფუკომ და ბულეზმა ერთობლივი დისკო “უტოპია და ჰეტეროტოპია” ჩაწერეს. დისკო ბულეზის ამ კომპოზიციით იწყება და ფუკოს მონოლოგით სრულდება.

[ფუკოს ხმა]

მოგვიანებით ფუკო იტყვის, რომ ამ მონოლოგებში არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს იგი – მთავარი ტექსტის ინტონაციაა. მერე კი, ბულეზის გარდაცვალების შემდეგ, ფუკო დაწერს ვრცელ წერილს, რომელშიც მეოცე საუკუნის მუსიკას “ცხედრის გალვანიზაციას” შეადარებს. მეოცე საუკუნის მუსიკის ერთადერთი ცოცხალი თემა სიკვდილი ხდება, რაც ფუკოს თეზისის, ადამიანის “გაქრობის”, დადასტურებაა. თუმცა, როცა ბულეზი წინასწარმეტყველებდა, რომ ადამიანი გაქრება მუსიკიდან, იმას სულაც არ ამტკიცებდა, რომ გაქრება მუსიკა, საერთოდ... მუსიკა, იმ გაგებით, როგორც ჩვენ გვესმის – ვთქვათ, ვერდისა და მოცარტის ოპერები. ყოველთვის იქნება მოთხოვნილება “სამუზეუმო ექსპონატებზე”, მაგრამ ის მუსიკა, რომელიც ცოცხალია, თანამედროვე მუსიკა, მთლიანად ანდეგრაუნდში გადავა... ეს არც ბოროტებაა და არც სიკეთე, ეს არ არის “ვიღაცის ნება”... ეს ხელოვნების განვითარების ლოგიკაა.

[ბულეზი]


“უტრირებული და პესიმისტური აქტიურობა” – ასე ახასიათებს ფუკო თავის მოღვაწეობას სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. სიამოვნება, რომელსაც უბრალო ფრანგი თუნდაც ერთი ჭიქა ღვინისგან იღებს, არ მყოფნის. არა ვარ “სოციალური არსება”, “კულტურული არსება”... მე მოსაწყენი ადამიანი ვარ, მოსაწყენია ჩემთან ერთად ცხოვრება... ამიტომაცაა, რომ მუსიკა, რომელსაც მე ვუსმენ, ან “სიგიჟედ”, ან მოსაწყენად ითვლებაო.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ფუკომ აღნიშნა, სერიოზული პრობლემები მაქვს სიამოვნების მიღების თვალსაზრისით... იმედი მაქვს, რომ ვიგრძნობ “ჭარბად მიღებული სიამოვნების სიტკბოს” და ისე მოვკვდებიო.

წინასწარმეტყველი მოკვდა მაშინ, როცა სამყარომ ჯერ ბევრი არაფერი იცოდა შიდსის შესახებ. იგი “მეოცე საუკუნის ჭირის” ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა. ფილოსოფოსი მოკვდა, მოკვდა ფილოსოფია და მუსიკა. მოკვდა ადამიანი.






  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG