Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა სტიქიური კატასტროფის პროგნოზირება და პრევენცია


გეოლოგების შეფასებით, საქართველო, ბუნებრივი კატასტროფების თვალსაზრისით,

მაღალი რისკის ქვეყანათა რიგს განეკუთვნება. სტატისტიკის თანახმად, იშვიათად გამოერევა ისეთი წელიწადი, როცა მოსახლეობას გვალვის, მეწყერის, ზვავის ანდაც წყალდიდობის შემოტევის მოგერიება არ უწევს. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მიმდინარე, 2006, წელია. 13 ოქტომბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა კაბალმა ლაგოდეხის რაიონის სოფლები - კაბალი, შრომა და ვაზისუბანი - დააზარალა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის გარდა, აბობოქრებულმა სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა კომუნიკაციის საშუალებები და დაანგრია საცხოვრებელი სახლები. რატომ ვერ ხერხდება სტიქიური უბედურების დროული პროგნოზირება და რატომ ვერ მუშაობს ეფექტიანად წინასწარი შეტყობინების მექანიზმი?

წყალდიდობამ ლაგოდეხის რაიონს წელს უკვე მეორედ შეუტია. ადიდებულმა მდინარეებმა ხუთი თვის წინაც დატბორა ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, წაიღო ხიდები. წყალიდობის შედეგად დაიღუპა ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილის ერთი მოსამსახურე, რომელიც ღვარცოფმა ხიდთან ერთად ჩაიტანა. შეიძლებოდა თუ არა კატასტროფის თავიდან აცილება? ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ პროგნოზი მოსალოდნელი ამინდის შესახებ ყველა სახელმწიფო უწყებას ეგზავნება.

[ჯემალ დოლიძის ხმა] „ჩვენთან არის მხოლოდ ამინდის და მდინარეებზე წყალმოვარდნებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ინფორმაცია არის ყოველდღიური ბიულეტენების სახით, რომელშიც არის ცნობა როგორც გასული, ასევე მომდევნო სამი დღის მოსალოდნელი ამინდისა და მდინარეებზე მოსალოდნელი მდგომარეობის შესახებ. ეს მიდის როგორც პარლამენტში, ასევე პრეზიდენტთან, ასევე მთავრობაში და ასე შემდეგ...“(სტილი დაცულია)

ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის ჯემალ დოლიძის თქმით, სამ დღეზე ადრე გაკეთებული პროგნოზი მყარ მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული. იმასვე ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის დაგეგმარების განყოფილების უფროსი არჩილ ნიჟარაძე:

[არჩილ ნიჟარაძის ხმა] „ჩვენ კი გვაქვს შეტყობინება, რომ წვიმები იქნება, რომ მოსალოდნელია წყალდიდობა და ასე შემდეგ, მაგრამ ის, რომ ხიდს დაანგრევს, წინასწარ არავინ იცის; ან მდინარე როგორ შეიცვლის კალაპოტს, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. სტიქიური უბედურების პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამას, ჩვენ კი არა, განვითარებული ქვეყნები ვერ აკეთებენ.“

ნიჟარაძის თქმით, კატასტროფების პრევენციისა და შედეგების ზემოქმედების შემსუბუქების მიზნით, შექმნილია სწრაფი რეაგირებისა და ადრეული შეტყობინების სახელმწიფო გეგმა, რომელიც პრეზიდენტს ჯერ კიდევ შარშან უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს მეტად საჭირო დოკუმენტი დღემდე არ შესულა ძალაში. საინტერესოა, რატომ, რამ შეუშალა ხელი?

[არჩილ ნიჟარაძის ხმა] „ხელს არაფერი უშლის. ახლა სამინისტროები მუშაობენ ცალ-ცალკე. ყველა სამინისტრო ამზადებს რეაგირების საკუთარ გეგმას. ეს IEPAP-ის პროგრამითაცაა გათვალისწინებული და არსებობს პრემიერ-მინისტრის განკარგულებაც, რათა შეიქმნას ერთიანი სისტემა... დროის ფაქტორია, სხვა არაფერი.“

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ლაგოდეხის რაიონში შექმნილი საგანგებო შტაბი სწორედ რომ სწრაფი რეაგირების ეროვნული გეგმის მიხედვით მოქმედებს. მატერიალური რესურსები და ცოცხალი ძალა სტიქიური კატასტროფის მასშტაბების შესამცირებლადაა მობილიზებული, თუმცა, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სვეტლანა ნიორაძის, განმარტებიდან ირკვევა, კატასტროფა არ მოხდებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას თადარიგი დროულად რომ დაეჭირა. მაინც რა მოხდა 13 ოქტომბრის ღამეს? სვეტლანა ნიორაძის კომენტარი:

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „13-ში ღამით ლაგოდეხში მოვიდა 64 მმ ნალექი, რაც 1,6-ჯერ მეტია თვიურ ნორმაზე. რაც შეეხება მდინარეების დონეს, წყალდიდობა გამოიწვია ალაზნის მარცხენა შენაკადებმა, ანუ ადიდდა მარცხენა შენაკადების მშრალი ხევები, ძლიერი წვიმის შემდეგ წამოვიდა ნიაღვარი. კალაპოტი რომ ყოფილიყო გაწმენდილი, ასეთი სავალალო შედეგები არ მოჰყვებოდა ამ წვიმას.“

ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში - კერძოდ, ლაგოდეხის რაიონშიც - 17 ოქტომბერს ერთი დღით გამოიდარებს, 18-ში კი ისევ იწვიმებს; 19-დან, 22 ოქტომბრის ჩათვლით, მშრალი ამინდი იქნება. სწორედ საბოლოო გამოდარების შემდეგ დაითვლიან ლაგოდეხელები სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს, რომელსაც ხელისუფლება, უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივ თუ აანაზღაურებს.


XS
SM
MD
LG