Accessibility links

logo-print

პრესის მიმოხილვა


ქართული პრესა კვლავაც ცდილობს განჭვრიტოს, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა,

კიდევ რა სანქციები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ და უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი. ამ თემებზე დღევანდელ გაზეთებში გამოქვეყნებულ ექსპერტთა მოსაზრებებს გაგაცნობთ.

ინტერვიუ ცნობილ ეკონომისტ, პროფესორ ლადო პაპავასთან, რომელიც მან “24 საათს” მისცა, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ და მოსალოდნელ სანქციებს შეეხება. თუმცა ლადო პაპავა ამბობს: “საბოლოო ჯამში, საკითხი ისე არ დგას, გაუძლებენ თუ არა ქართველები ყოველივეს. მთავარია, რამდენად იქნება საქართველო რეალურად მხარდაჭერილი დასავლეთისგან. მე ევროპას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ; მისთვის რუსეთი და მისი ენერგომატარებლები ძალიან მნიშვნელოვანია. მე აშშ-ის იმედი უფრო მაქვს”, - ამბობს პაპავა “24 საათის” კორესპონდენტთან საუბარში.

ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი “კვირის ქრონიკასთან” ინტერვიუში აზუსტებს, რა შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის იმედი საქართველოს ხელისუფლებას: “ამერიკელები სააკაშვილს დაუჭერენ მხარს იმ დრომდე, ვიდრე იგი მისი მონა-მორჩილი იქნება, გარდა ერთი შემთხვევისა – რუსეთთან ომისა. აშშ დღეს რუსეთთან დაპირისპირებაზე არ წავა, როცა ისლამურ სამყაროსთან პრობლემები აქვს. ბოლო ორი დღეა ჩრდილო კორეასთან დაეწყო პრობლემები. საქართველო ისედაც მისია, არ მისცემს უფლებას რუსეთთან ურთიერთობები გაამწვავოს”, - მიაჩნია რამაზ კლიმიაშვილს, რომელთან ინტერვიუსაც “კვირის ქრონიკა” აქვეყნებს.

პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე თავის მოსაზრებებს “ახალ ვერსიას” უზიარებს. მას მიაჩნია, რომ ყველაზე საშიში არა ეკონომიკური ბლოკადა, არამედ რუსეთის მიერ გადადგმული სულ სხვა ნაბიჯი შეიძლება იყოს: “ეკონომიკურ ბლოკადას საქართველო ავად თუ კარგად გადაიტანს, მაგრამ რუსეთს, ჩემი აზრით, სხვა რამეც აქვს შემონახული. კერძოდ, მან შეიძლება აფხაზეთისა Dდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ყველაზე პესიმისტური სცენარის შესახებ ვსაუბრობ, რომლის განხორციელების ალბათობა დღეს ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ საქართველო მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე და დასძენს, რომ, რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში, ამ ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობები რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვენ და რუსეთიც არ დააყოვნებს დახმარებას.

საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ, თუ ვინმეს ინტერესშია რუსეთმა დააფრთხოს მსოფლიო, სამხედროები არიან. “შეგნებული პოლიტიკა პუტინს აწყობილი ჰქონდა სხვა ქვეყნებში ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ექსპანსიაზე. ერთი მხრივ, ენერგეტიკული და ეკონომიკური გავლენის მსურველი იყო და, მეორე მხრივ, ქვეყანაში ფაშისტური სტრუქტურა გქონდეს, გამორიცხულია ერთმანეთს შეუთავსო. ეჭვის დონეზე მგონია, რომ სიტუაციის გამწვავება სამხედროების პროვოცირებული იყო. თუ ვინმეს ინტერესშია რუსეთმა დააფრთხოს მსოფლიო, ესენი არიან სამხედროები. თუ ასე მოხდება, ეკონომიკური სტრატეგია გვერდით გადაიდება და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთს ისევ ტანკებით მოუწევს. თუ ეს მოხდა, მაშინ რუსი გენერლების ფასი გაიზრდება. ეკონომიკურ სტრატეგიაზე გადასულ რუსეთში კი გენერლების ფასი ეცემა. ამიტომ უსაფუძვლო ვერსია არ არის გენერლებმა თავიანთი ავტორიტეტის გასაზრდელად ყველაფერი გააკეთონ. ასე რომ, მთელი ქართული თემა, რუსული გაგრძელებებით, შესაძლოა, იყოს სამხედროების პუტინთან ბრძოლის გარკვეული სახე,” - ამბობს რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG