Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარშან პოსტკომუნისტურ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, თუმცა ყველგან არა


სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ეკონომიკები ბოლო 15 წელიწადში განვითარდა.

ეს განსაკუთრებით ეხება ნავთობითა და გაზით მდიდარ სახელმწიფოებს: რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს... ამ წინსვლის შედეგად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმაც არ დაახანა. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ინვესტიციები შარშან - წინა წლის მსგავსად - მაღალი იყო, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, უკუსვლაც მოხდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარების სტადიაში მყოფ სახელმწიფოებში 2005 წელს 37 პროცენტით გაიზარდა, იუწყებიან ანგარიშის შემდგენლები. მაგრამ, რამდენიმე სახელმწიფოში (მათ შორის რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში) ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. მაგალითად რუსეთში, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციებმა თითქმის ერთი მილიარდით იკლო - 15,4-დან 14,6 მილიარდამდე. 2004 წელთან შედარებით ინვესტიციები გაოთხმაგდა უკრაინაში; ზრდა შეინიშნება მოლდავეთშიც. რაც შეეხება საქართველოს, იქ 2003-ის შემდეგ, 2004 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, მაგრამ 2005 -ში იკლო: 499 მილიონი დოლარიდან 450 მილიონამდე.

რადიო "თავისუფლება" დაუკავშირდა კალმან კალუტაის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ინვესტიციების განყოფილების თანამშრომელს. მისი თქმით, ინვესტორები დიდი ხალისით არ შედიან ქვეყნებში, სადაც არ მოიპოვება ბუნებრივი წიაღისეული. ექსპერტი სწორედ ამით ხსნის რუსეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში უცხოური ინვესტიციების დიდ მოცულობას, ხოლო მათს მცირე მოცულობას სახელმწიფოებში, რომელთა მოსახლეობა არ წარმოადგენს ამა თუ იმ საქონლის გასაღების მნიშვნელოვან ბაზარს. ლუდის მაგალითზე კალუტაი ერთმანეთს ადარებს რუსეთსა და სომხეთს.

(კალუტაის ხმა) “ლუდის ქარხნის რუსეთში აშენებას მეტი აზრი აქვს, ვიდრე სომხეთში, რადგან ერთ შემთხვევაში ლუდი შეგიძლიათ მიჰყიდოთ 150 მილიონ რუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 3 მილიონ სომეხს.”

როგორც უკვე ითქვა, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აზერბაიჯანში, სადაც მათი მოცულობა თითქმის განახევრდა, და ყაზახეთში, სადაც სხვაობა კიდევ უფრო დიდია. ანგარიშის შემდგენლები ირწმუნებიან, რომ ეს შემცირება ამ ქვეყნების ეკონომიკებზე გავლენას არ ახდენს, რადგან მიზეზი სხვაგან უნდა ვეძიოთ. აზერბაიჯანისა და ყაზახეთის შემთხვევაში განმარტავენ, რომ ენერგეტიკის სფეროში მთავარმა პროექტებმა მწვერვალს მიაღწია, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ინვესტიციების შემცირება მოჰყვა.

აზერბაიჯანის მაგალითზე ამ ტენდენციას განმარტავს ვიტალი კრამარენკო, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზერბაიჯანის მისიის ხელმძღვანელია. კრამარენკოს თანახმად, ნავთობით მდიდარ ამ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90 პროცენტი სწორედ ნავთობის სექტორზე მოდის. მაგრამ იმ მოგების შედეგად, რომელიც ამ წიაღისეულმა მოუტანა ქვეყანას, ინვესტორებმაც იმდენად იხეირეს, რომ ინვესტიციების გაზრდა საჭიროდ აღარ ჩათვალეს. ამ ფენომენს კაპიტალის უკან დაბრუნებას ანუ “რეპატრიაციას” უწოდებენ. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კრამარენკო განმარტავს:

(კრამარენკოს ხმა) “2005 წელს უცხოური ინვესტიციების საერთო ნაკადმა ნავთობის სექტორში მსხვილმასშტაბიანი პროექტების დასრულების გამო იკლო. თუმცა, მთავარი შემცირება კაპიტალის რეპატრიაციის მხრივ არსებით ზრდას უნდა მივაწეროთ. სანავთობე ფირმებმა დაიწყეს პროდუქციის ზრდა, ნავთობის ფასი ამაღლდა. ისე რომ, მათ მოახერხეს ბევრად უფრო მეტი კაპიტალის რეპატრიაცია, ვიდრე უწინ ახერხებდნენ.”

კრამარენკო ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში ამგვარი ტენდენცია გაგრძელდება და ამის მიზეზი, ექსპერტის აზრით, იგივე დარჩება.

(კრამარენკოს ხმა) “პროექტების უმეტესობა აზერბაიჯანში 2007 წლისთვის დასრულდება. ამ პროექტებს შორისაა გაზსადენი, ასევე ნავთობსადენი და ნავთობისა და გაზის ძალიან დიდი საბადოების ათვისება. ამდენად, 2006-სა და 2007 წლებში მოხდება სანავთობე სფეროში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება.”

აზერბაიჯანში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, ამ პერიოდში შესაბამისად გაიზრდება კაპატალის რეპატრიაციაც.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG