Accessibility links

ესტონეთის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო


ბალტიისპირა სახელმწიფოები და, მათთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის ბლოკის ქვეყნები ის ქვეყნებია,

რომელთაგანაც საქართველომ, მისთვის ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნო. ლიტვისა და ლატვიის შემდეგ, 17 ოქტომბერს, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო ესტონეთის პარლამენტმა. ამას გარდა, ესტონეთის დედაქალაქში 18 ოქტომბერს საქართველოს მხარდამჭერი აქცია იგეგმება.

აქცია ტალინში ქალაქის თვითმმართველობის შენობასთან იგეგმება. მისი ორგანიზატორი ესტონეთისა და საქართველოს მეგობრობის საზოგადოება ”მამულია”. გავრცელებული ცნობებით, 18 ოქტომბერს საქართველოს მხარდასაჭერ აქციაზე მისულები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ მოსკოვში მოკლული ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას, შემდეგ კი საქართველოსადმი რუსეთის პოლიტიკასა და ქმედებებს ქართული მუსიკის ფონზე გააპროტესტებენ, დალევენ ბორჯომს. ბოლო პერიოდში საქართველოს მხარდასაჭერი მსგავსი აქციები ევროპის არაერთ ქვეყენაში გაიმართა, მათ შორის - ჩეხეთსა და პოლონეთში.

ბალტიისპირა ქვეყნებიდან და, მათთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოებიდან საქართველოს განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს, ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც საქართველოს პარლამენტში სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწოდებენ და განსაკუთრებით აფასებენ. აი, რას ამბობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე:

[ ლევან დუჩიძის ხმა] ”ჩვენ არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ რთულ პერიოდში სრული პოლიტიკური მხარდაჭერა გვექნებოდა ბალტიისპირა ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოები სხვებს ასწრებენ გარკვეული ინიციატივებით.”

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წარმოქმნილ სერიოზულ კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ჯერ ლიტვის პარლამენტმა მიიღო და, შეგახსენებთ, სწორედ ამ განცხადების შემუშავებას დაემთხვა ლიტვიდან რუსი დიპლომატის გაძევება იმ მიზეზით, რომ ცდილობდა გავლენა მოეხდინა ლიტვის ხელისუფლებაზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხში. უკვე 17 ოქტომბერს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ესტონეთის პარლამენტში მიიღეს. განცხადების თანახმად, ესტონეთის დეპუტატები გმობენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სანქციებს, აგრეთვე, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულებას. ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ და, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაქციონ ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG