Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის მოსახლეობამ 300 მილიონს მიაღწია


შეერთებული შტატების აღწერის ბიუროს თანახმად, 17 ოქტომბერს ამერიკის მოსახლეობა 300 მილიონს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის წინ, 1967 წელს, შეერთებული შტატების მოსახლეობა მხოლოდ 200 მილიონს შეადგენდა. მოსახლეობის დრამატული მატება კი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომელთა შორის მზარდი იმიგრაცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს. .

ვაშინგტონში მდებარე მიგრაციის პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, ყოველ 30 წამში შეერთებულ შტატებში ერთი იმიგრანტი ჩადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს, როდესაც შეერთებული შტატების აღწერის ბიურო სადღესასწაულო ზარს შემოჰკრავს, მესამასმილიონე ადამიანი შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც ის იმიგრანტი, რომელიც თვითმფრინავით მოფრინავს, ვთქვათ, ყირგიზეთიდან, ასევე ჩიკაგოს სამშობიაროში დაბადებული ახალშობილი. ტეხასის უნივერსიტეტის მოსახლეობის კვლევის ცენტრის დირექტორი მარკ ჰეიუორდის თქმით, ეს მატება გამოწვეულია არა მხოლოდ იმიგრაციის მაღალი ხვედრითი წონით, არამედ მოსახლეობის გაახალგაზრდავების ტენდენციითაც:

[მარკ ჰეიუორდის ხმა] “ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიზრდებით. ჩვენ გვყავს გაცილებით უფრო ახალგაზრდა მოსახლეობა, ვიდრე ევროპულ ქვეყნებს. ნაწილობრივ, ეს იმის გამოა, რომ ჩვენთან შობადობის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში. მაგრამ ჩვენთან ასევე საკმაოდ ძლიერია იმიგრანტთა ნაკადი, რასაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ზრდაში.”

შეერთებულ შტატებში ლეგალურ იმიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა 10 ქვეყანაზე მოდის, რომელთა შორის პირველ სამეულში მექსიკა, ინდოეთი და ჩინეთი შედიან. იმიგრანტების ხარჯზე ხდება ამერიკის შრომის ბაზრის 14 პროცენტის ათვისება, რაც, იმავე მარკ ჰეიუორდის თქმით, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. იმიგრანტები ხომ, ძირითადად, შრომისუნარიანი ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებიც დოვლათის შექმნით ეხმარებიან პენსიაზე გასულ ხანდაზმულ ადამიანებს:


[მარკ ჰეიუორდის ხმა] “საერთოდ, მოსახლეობის ზრდას ბევრი პოზიტიური ასპექტი აქვს და თუკი ვინმეს ეს უხარია, უხარია იმიტომაც, რომ ჩვენ ახალგაზრდა მოსახლეობა გვყავს. ევროპული ქვეყნების მოსახლეობა, მაგალითად, ძალიან ბებერია; მათ არა ჰყავთ იმდენი მშრომელი, რომ სხვაზე დამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარონ. შეერთებულ შტატებში კი ახალგაზრდა მოსახლეობა გვყავს, რომელიც იზრდება და იზრდება მის მიერ სისტემისთვის გაღებული წვლილიც; ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მატერიალურად დამოკიდებული ადამიანებისათვის დახმარება გავზარდოთ.”

სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ რა იზიდავს იმიგრანტებს შეერთებულ შტატებში? როგორია მათი განწყობა? 12 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო უზბეკმა ქალმა მიხრი ბაბაჯანოვამ, რომელიც ვაშინგტონში მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მიხრის ენატრება სამშობლო, მაგრამ იქ უკვე აღარ აპირებს დაბრუნებას. მისი თქმით, ამერიკაში ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს, თუნდაც ის, რომ მისი შვილები უნივერსიტეტში საკუთარი უნარით მოხვდნენ:

[მიხრი ბაბაჯანოვას ხმა]“მაგალითად, მე რომ ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი, ქრთამი უნდა მიმეცა იმისათვის, რომ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში მოხვედრილიყო, ან უნდა მყოლოდა რომელიმე ნათესავი უნივერსიტეტში. აქ კი ჩემმა ქალიშვილმა გაიარა ტესტი და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების თანხმობა მიიღო.”

ბაბაჯანოვას თქმით, ვისაც რაიმეს მიღწევა სურს, განსაკუთრებით ქალებს, შეერთებული შტატები შესაძლებლობების ქვეყნად რჩება. და ამ ქვეყნის მოსახლეობა, როგორც ვთქვით, დღეს 300 მილიონს მიაღწევს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG