Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს, – ამ იმედს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გამოთქვამს. - არ არსებობს ისეთი შემთხვევა, სახელმწიფო 10 წელი არსებობდეს და მას არ აღიარებდნენ. ასე რომ, მიიჩნევს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთი იქნება პირველი ან ერთ–ერთი პირველთაგანი, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს. რაც შეეხება საქართველოს, სერგეი შამბას აზრით, ადრე თუ გვიან აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება მასაც მოუწევს. ჯერ კი საშურია გაეროს რეზოლუციის შესრულება, სხვათა შორის, საქართველოს მხრიდანაც. გაეროს რეზოლუციის შესახებ პუბლიკაციებს დღეს გამოსული ქართული ბეჭდური მედიის თითქმის ყველა გამოცემა აქვეყნებს. გაზეთ “24 საათში” დაბეჭდილ პუბლიკაციაში აქცენტი, ძირითადად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაეროს რეზოლუციის შესრულების პერსპექტივებსა და რუსეთის მიერ ამ საკითხზე გამოთქმულ მუქარას შეეხება. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაილ მარგელოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვოს: „ მართალია, რეზოლუცია ჯერჯერობით სანქციებსა და მკაცრ ზომებს არ ითვალისწინებს, მაგრამ დოკუმენტი პრაქტიკულად აღიარებს საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების დარღვევასა და მის უკანონო ქმედებებს კოდორის ხეობაში.“
გაზეთ “24 საათის” ცნობით, რუსეთის დუმაში მზადყოფნას აცხადებენ იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველო გაეროს რეზოლუციის იგნორირებას მოახდენს. გაზეთის ინფორმაციით კი, დუმაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ასე მოხდება.

დღესვე გაზეთი “24 საათი” პუბლიკაციაში, სათაურით “20 000 დოლარი და განხეთქილება ოპოზიციაში”, იმ შედეგების პროგნოზს აკეთებს, რაც მოსალოდნელია კონსერვატორთა ლიდერის კომპრომეტირებას მოჰყვეს. კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების ალიანსს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რესპუბლიკელებისათვის კობა დავითაშვილის საქციელი სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა და მათ იმიჯსა და რეიტინგს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, ნათქვამია სტატიაში, რომლის თანახმად, ამ ორი პარტიის თანამშრომლობის საკითხი უკვე ეჭვქვეშ დადგა პარლამენტში. პარალელურად რესპუბლიკელებს, საარჩევნო მანდატების დათვლისა და განაწილების ნიადაგზე, ურთიერთობა გაუფუჭდათ მრეწველებთანაც. ასე რომ, გაზეთ “24 საათის” თანახმად, უახლოეს მომავალში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის შექმნის შესაძლებლობა გამორიცხულია.

ვინ შეიტანა განცხადება გენპროკურატურაში, რა მისამართებზეა ჩინოვნიკთათვის გადაცემული გასაიდუმლოებული ბინები? ვის ჯიბეებში წავიდა მიწისძვრით დაზარალებულთა 900 000 ლარი და, ბოლოს, ვის შეიწირავს პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები? – ამ კითხვებზე მოძიებულ პასუხებს გაზეთი “ალია” აქვეყნებს. სტატია კი შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მოსახლეობის ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის” განცხადებას, რომელიც უკვე დევს გენერალურ პროკურატურაში და რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების მიერ მიწისძვრით დაზარალებულებისთვის გამოყოფილი თანხებისა და ფართების საკითხის შესწავლას ითხოვს. გაზეთის თანახმად, ორგანიზაცია ჩინოვნიკთა ერთი ნაწილის არაკეთილსინდისიერების თაობაზე არაერთ კომპრომატს ფლობს.

XS
SM
MD
LG