Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვიან სიღარიბეს საქართველოში


სიღარიბისაგან ყოველწლიურად მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება, ყოველ სამ წამში კი ერთი ბავშვი კვდება -

ასეთია ის სავალალო სტატისტიკა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 150 მილიონი ადამიანი სიღარიბის დაძლევის მიზნით გააერთიანა. სიღარიბეს ებრძვიან საქართველოშიც, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, გაუსაძლის პირობებში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს ხუთი წლის ასაკს. როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სიღარიბის დაძლევას და რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები მთავრობის ძალისხმევის შესახებ?

საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ამ ფაქტს არც ხელისუფლება უარყოფს. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 300 ათასი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სიღარიბე თავს საფუძვლიანი შესწავლის გარეშეც არ მალავს. ქალბატონი, რომელსაც მე ვაკის პარკში გამოველაპარაკე, ოჯახის გადასარჩენად, არც მეტი არც ნაკლები, ხავსს ჩასჭიდებია:

[ქალბატონ ფატის ხმა] „ვენოკებისთვის“ მიგვაქვს, რომ ერთი-ორი კაპიკი - პურის ფული - გავაკეთო. სამი შვილი და ინვალიდი ქმარი მყავს, ასე ვეწვალები. ეს ცხოვრებაა? ტყეში, ზევით ავდივარ იმ მთა-გორზე და იქიდან მოგვაქვს.. რა ვქნა, პურის ფული ხომ გვინდა? ასე ვეწვალები ჩემი წუთისოფელი...“

ქალბატონი ფატი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან თბილისში ლამის ყოველდღე ჩამოდის, 18 წლის ქალიშვილთან ერთად ტყეში ხავსს აგროვებს და ტომარას სამ-ოთხ ლარად თავისუფლების მოედანზე საყვავილეში აბარებს. ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაოა, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ბედის ირონიით, სამსახურს ვერც მისი ქალიშვილი შოულობს:

[გოგონას ხმა] „რა ვიცი, სამუშაოს ვეძებ და ვერსად ვპოულობ, დამლაგებლად მაინც რომ ვიმუშაო.“

ქალბატონ ფატისა და მისი ქალიშვილის მსგავსად, საქართველოში მილიონ- ნახევარზე მეტ ადამიანს უჭირს. არადა, როგორც ამბობს დოდო ჭუმბურიძე, წარმომადგენელი სამოქალაქო ალიანსისა „მომავალი სიღარიბის გარეშე“, საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს სიღარიბის დაძლევის ვალდებულება, რის თანახმადაც 2015 წლისთვის საქართველოში ორჯერ ნაკლები ღარიბი უნდა ცხოვრობდეს.

[დოდო ჭუმბურიძის ხმა] „შეუძლებელია ადამიანი სიღარიბეს შეეგუოს, იმიტომ რომ ტკივილს ვერ შეეგუები. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ვინმე სიღარიბეს ეთანხმებოდეს, მაგრამ სიღარიბის დაძლევა ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული და არა ხალხზე, თუმცა ვალდებულების შეხსენება ყოველთვის სასურველია.“

დოდო ჭუმბურიძის თქმით, სამოქალაქო ალიანსის წევრები აგროვებენ სიღარიბის წინააღმდეგ 20 ათას ხელმოწერას, - ანუ 20 ათას ხმას, - რომელსაც მთავრობის წევრებს გაუგზავნიან და რომლითაც საზოგადოება ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას შეახსენებს. თუმცა საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამა შეხსენების გარეშეც წარმატებით ხორციელდება. ზრუნავს თუ არა ხელისუფლება საზოგადოების ღარიბ წევრეზე? მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის კომენტარები:

[გიორგი ხუროშვილის ხმა] „რა თქმა უნდა! ეს გამომდინარეობს ნებისმიერი გადაწყვეტილებიდან, რომელიც უკავშირდება დაფინანსებას და, თქვენ თუ დააკვირდებით საბიუჯეტო მსვლელობას, სოციალური დაცვის სფერო, ძირითადად, ორიენტირებულია ღარიბ ადამიანებზე.“

[ლაშა გოცირიძის ხმა] „ყველაზე დიდი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოში და რომელიც სექტემბრიდან ამუშავდა, ეს არის სოციალური დახმარება იმ მოსახლეობისა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. გარდა ამისა, ბიუჯეტი ახორციელებს ღატაკი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევას და ამისათვის გაცემულია პოლისები - მაგალითად, პენსიონერებზე უკვე გაიცა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები.“


თუმცა ხელისუფლების ამ ძალისხმევას არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია. დეპუტატი კახა კუკავა 2007 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს:

[კახა კუკავას ხმა] „მთავრობას როცა შემოაქვს ბიუჯეტი პარლამენტში, უნდა ჰქონდეს განმარტებები, რა გავლენას მოახდენს ქვეყანაში უმუშევრობის დონის ან ზრდაზე, ან შემცირებაზე. სამწუხაროდ, პარადოქსულია, მაგრამ ჩვენს ბიუჯეტში ამ თემაზე ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. მთავარი პრიორიტეტი, რომელიც უნდა იყოს ასახული ბიუჯეტში, ეს არის სიღარიბის დაძლევა და სიღარიბის დაძლევის მთავარი პრიორიტეტი ჩვენ ქვეყანაში არის უმუშევრობის დონის შემცირება.“(სტილი დაცულია)

საინტერესოა რას ფიქრობენ თავად სიღარიბეში მცხოვრები მოქალაქეები და, მათ შორის, ქალბატონი ფატი, რომელიც ოჯახს - სამ შვილსა და ინვალიდ მეუღლეს -ხავსის შეგროვებით არჩენს. ვინ და როგორ უნდა უშველოს საზოგადოების ყველაზე დაუცველსა და უკიდურესად ღარიბ ნაწილს?

[ქალბატონ ფატის ხმა] „ეს რა ცხოვრებაა?.. კი, ბევრი კარგი რამე გააკეთა, მაგრამ რა მოხდებოდა ერთი ფაბრიკა ან ქარხანა აემუშავებინა - ან ახალგაზრდა იმუშავებდა, ან ბებერი, ხო?..“ (სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG