Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”ნეტკაჩოვი კოდორის მისადგომებთან” - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიას,

რომელიც ეხება კოდორის ხეობის მიმართულებით სამხედრო ძალების გადაადგილებას, აფხაზთა სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით.
”რეზონანსის ” ინფორმაციით, აფხაზთა მხარემ ხეობაში ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაისროლა. ”ამ ფაქტთან დაკავშირებით არც ოფიციალური თბილისი და არც აფხაზთა მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, ” - წერს ”რეზონანსი” . ქართველი ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდონით, სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, აფხაზთა მხარეს შორს მიმავალი გეგმა ამოძრავებდეს, როცა ცდილობს კოდორის მიმართულებით ქართული ჯარების გადაადგილების პროვოცირებას. ”უნდათ შექმნან ხმაური იმ ფონზე, როცა ევროკავშირი რუსეთს საქართველოზე ელაპარაკება, უნდათ გვაგრძნობინონ, რომ რუსეთს საქართველოში სიტუაციის გამწვავება შეუძლია,” - ნათქვამია ”რეზონანსის” სტატიაში. 19 ოქტომბრის გაზეთი ”რეზონანსი” თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის ვიზიტსა და ამ ვიზიტის ფარგლებში მასთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრასაც ეხება. ”რეზონანსს” მოჰყავს დავით უსუფაშვილის კომენტარი, რომლის თანახმადაც, დენიელ ფრიდის ვიზიტის მიზანი, ერთი მხრივ, საქართველოსადმი შეერთებული შტატების თანადგომის დადასტურებაა, მეორე მხრივ კი - ქართული მხარის გაფრთხილება, გაითვალისწინოს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია საერთაშორისო საზოგადოების ინტერესში არ შედის.” ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის დანიელ ფრიდის შეფასებებს ეხება 19 ოქტომბრის ”24 საათიც”. გაზეთი აქვეყნებს ფრიდის პასუხს შეკითხვაზე, იყო თუ არა აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია რუსეთსა და ამერიკას შორის ვაჭრობის საგანი. პასუხი: ” რეზოლუცია სტაბილურობის გამარჯვება იყო და არა დიპლომატიის. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ამერიკა დათმობაზე ჩრდილოეთ კორეის საკითხში რუსეთის მხარდაჭერის მოლოდინით წავიდა, აბსურდია და სიმართლეს არ შეეფერება. გაზეთ ”24 საათის” თანახმად, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დენიელ ფრიდმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ მთლიანად ეთანხმება ევროკავშირის მიერ მიღებულ ბოლო განცხადებას, რომლითაც მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი საქართველოს მიმართ გატარებული სანქციების, ეთნიკური ნიშნით მოსახლეობაზე ზეწოლისა და ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ფაქტის გამო.

რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას: კოკა გუნცაძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის, - იტყობინება 19 ოქტომბრის გაზეთი ”ახალი თაობა” და აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი მემარჯვენეების” უკვე ყოფილ წევრ კოკა გუნცაძესთან. ”რადგან ოპოზიცია ვერ გაერთიანდა, დაიწყო ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს დგას სხვა ტიპის ამოცანები, გამოწვევები; ვფქირობ, არის მოთხოვნა ახალ სახეებზე, სიახლეებზე, ახალ მიდგომებზე,” - აღნიშნავს ის, თუმცა არ ადასტურებს გავრცელებულ ცნობას ახლო მომავალში ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე.
XS
SM
MD
LG