Accessibility links

logo-print

რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2007 წელს - როგორია მთავრობის გათვლა?


საქართველოს პარლამენტი განაგრძობს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას.

ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, იზრდება ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილი. გარდა ამისა, მთავრობა, მომავალი წლის ფინანსური გეგმის მიხედვით, ასევე ვარაუდობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 7,5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ინფლაციის დონე საშუალოდ წლის განმავლობაში 6 პროცენტს არ გადააჭარბებს. რას ეფუძნება მთავრობის ამგვარი ოპტიმისტური გათვლები?

2006 წელი ქართველი მომხმარებლისათვის კარგად დაიწყო. პირველ კვარტალში ფასები შესაშური სტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით სამომხმარებლო ფასები 4,1 პროცენტით გაიზარდა. პროდუქციის გაძვირება შეუმჩნეველი არ დარჩენია ქალბატონ მარინას, თბილისში მცხოვრებ პედაგოგს:

[ქალბატონ მარინას ხმა] „ყველაფერი ძვირდება, ხალხი ვერ საქმდება და ხელფასები არა აქვთ. მარტო მთავრობას აქვს ხელფასი. ამას, მე კი არა. ბავშვებიც ხედავენ.“

ქალბატონი მარინა სურსათის მარაგს სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ივსებს, თუმცა, როგორც მაღაზიის გამყიდველი ქალბატონი ზოია ამბობს, სურსათის გაძვირების პარალელურად, დახლიდან გაქრა რუსული წარმოების ნაწარმი:

[ქალბატონ ზოიას ხმა] „ნახევარკილოიანი წიწიბურა 1,5 ლარი ღირს. „მანი“, „კრუპაც“ 1,5 ლარი ღირს. რუსეთიდან შემოტანილი შოკოლადები გვქონდა და აღარ გვაქვს. ერთი მაქვს დარჩენილი, მეტი არა.“(სტილი დაცულია)

ფასების ზრდის ტენდენციას აფიქსირებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომლის მონაცემებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სურსათი ნახევარი პროცენტით გაძვირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11,4 პროცენტამდე გაიზარდა. ამგვარი მონაცემების მიუხედავად, მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ვარაუდობს, რომ ინფლაციის დონე 6 პროცენტს არ გადააჭარბებს. ფინანსთა მინისტრ ლექსო ალექსიშვილის კომენტარი:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] „ფაქტობრივად, ეს არის სამიზნე, რომლის მიხედვითაც ვფიქრობთ, რომ ამას მოერგოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ამ მაჩვენებელზე იყოს დაყრდნობილი ყველა პარამეტრი. თავისთავად ბიუჯეტი და ფისკალური პარამეტრები მორგებულია ამას. მოვარგებთ მონეტარულ პარამეტრებს და შევეცდებით შევინარჩუნოთ 6 პროცენტიანი ინფლაცია, ანუ ჩვენთვის მთავარია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ამაზეა მერე აწყობილი მთელი დანარჩენი დოკუმენტები.“(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც ამბობს, რომ ინფლაცია, თავისი არსით, მართვადი პროცესია და მთავრობას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით, შეუძლია უზრუნველყოს ინფლაციის კონტროლირებად კორიდორში შენარჩუნება. თუმცა ორველაშვილი ასევე შენიშნავს, რომ ინფლაციის დონის დაწევა არ უნდა იყოს თვითმიზანი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ეკონომიკის რეგულირების დროს ყოველთვის არის მოსაძებნი ოქროს შუალედი, რომელიც, ერთი მხრივ, პროცესებს დატოვებს კალაპოტში და, მეორე მხრივ, ხელს არ შეუშლის ეკონომიკის განვითარებას. ამ შემთხვევაში ინფლაციის მოთოკვა და თუნდაც დეფლაციური პროცესების გამოწვევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამისი ფასი იქნება ეკონომიკის მკვეთრი შემცირება და კოლაფსში ჩაგდება. ამ ფასად ინფლაციის მოთოკვა არ ღირს.“(სტილი დაცულია)

მთავრობასა და ეროვნულ ბანკში კი მიიჩნევენ, რომ ინფლაციის მოთოკვას არ მოჰყვება სავალალო შედეგი. მეტიც, არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ ინფლაციის შესაკავებლად განსაკუთრებული ზომების მიღება არც არის საჭირო:

[არჩილ მესტვირიშვილის ხმა] „იმისათვის, რომ ვნახოთ როგორი იქნება მომავალში ინფლაცია, უნდა გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია ეს ინფლაცია. თუ ეს ინფლაცია გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით, რომელიც აღარ გამეორდება მომავალში, შესაბამისად, ინფლაციის გაგრძელებასაც საფუძველი არ აქვს. თუ რაღაც ფაქტორმა გამოიწვია ფასების ერთჯერადი ზრდა, ის ერთი წლის განმავლობაში დარჩება როგორც წლიური ინფლაცია, ხოლო შემდეგ კი აღარ იქნება.“(სტილი დაცულია)

ერთჯერად მოვლენებში არჩილ მესტვირიშვილი საწვავის ფასების ზრდასა და მოუსავლიანობას გულისხმობს. თუმცა ძნელი სათქმელია, ჩაითვლება თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაც ერთჯერად მოვლენად. პარლამენტის წევრი ირაკლი იაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს, რომელსაც თითქმის მილიარდ- ნახევრის უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს, ფულის ნაკადის შეწყვეტით დიდი განსაცდელი ელის:

[ირაკლი იაშვილის ხმა] „შენ შემოიტანე 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის საქონელი ისე, რომ ფული არ გქონია, ეს ფული გარედან ისესხე. ამ უფულობას აბალანსებდა სწორედ იმ მუშახელის ექსპორტი რუსეთში, რომელიც მერე იქიდან კონვერტირებად ვალუტას აგზავნიდა. თუ საქართველოს სავალუტო ნაკადიდან ეს სეგმენტი ამოვარდება, მაშინ სერიოზული დისბალანსი შეიქმნება მონეტარულ პოლიტიკაში.“

მაგრამ, ირაკლი იაშვილისაგან განსხვავებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი ფინანსთა მინისტრი, რომელიც 2007 წლისგან მთლიანი შიდა პროდუქტის 7,5 პროცენტიან ზრდასაც ელის. საინტერესოა, რის ხარჯზე?

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] „მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ეს არის ეკონომიკური აქტივობისა და ეკონომიკის ზრდის ხარჯზე, ასევე იმ ინვესტიციების ხარჯზე, რომელსაც ახორციელებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორი. ძირითადად, ეს არის საფინანსო სექტორის, ანუ საბანკო ქსელის, განვითარების ხარჯზე; ასევე ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მომსახურების სფერო.“(სტილი დაცულია)

ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2007 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 16 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ ასახვას პოვებს ეკონომიკის ზრდა რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე. როგორ უყურებს მომავალს ქალბატონი მარინა - პროფესიით პედაგოგი და დროებით უმუშევარი?

[ქალბატონ მარინას ხმა] „წინსვლას ვერ ვხედავ. მარტო სახლების შეღებვა და შადრევნების გახსნა არაფერია. იმედი მაქვს, რომ რამე გამოსწორდება, მაგრამ თან არც მაქვს.“
XS
SM
MD
LG