Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე გედევანიშვილის გზა მოსკოვიდან ტალინში


როგორც ექიმები, სპორტი და სპორტსმენებიც საზღვრებს გარეშე უნდა იყვნენ.



პოლიტიკა ამ სფეროში არ უნდა ერეოდეს. ეს რადიო „თავისუფლებას“ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის თავმჯდომარემ ირაკლი ჯაფარიძემ შემთხვევით როდი განუცხადა. მსოფლიოს სპორტულ წრეებში უკვე აღიარებული 16 წლის მოციგურავე ელენე გედევანიშვილი რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულ ასობით ადამიანს შორის აღმოჩნდა. ელენე თითქმის რვა წელია მოსკოვში ცხოვრობს. თბილისში იგი 16 ოქტომბერს ვენიდან ჩამოვიდა. დეპორტაციის შემდგომ პირველსავე შეჯიბრებაზე, გაურკვევლობისა და ემოციური სტრესის მიუხედავად, ელენემ თავი გამოიჩინა: 12 და 13 ოქტომბერს ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ის პირველ ადგილზე გავიდა.

16 წლის ელენე გედევანიშვილისთვის მიმდინარე 2006 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ლიონში, ევროპის ჩემპიონატზე, იგი მეხუთე ადგილის მფლობელი გახდა. დებიუტანტმა გოგონამ სპორტული საზოგადოების ყურადღება პირველად ამით მიიპყრო და გულშემატკივრებს იმედები არც ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე გაუცრუა, სადაც საპატიო მეათე ადგილი დაიკავა. კანადაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, იგი მეთოთხმეტე იყო. საქართველოს ღირსების დაცვას ელენე გედევანიშვილი უახლოეს დღეებში ჯერ ჩინეთში აპირებს, შემდეგ კი იაპონიაში, თუმცა ჯერჯერობით მაინც გაურკვევლობაშია. თბილისში, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მოედანი არ არსებობს, მას სრულფასოვანი წვრთნის საშუალება არა აქვს. მოსკოვიდან დეპორტაციამ მისი უახლოესი გეგმების განხორციელება საგრძნობლად გაართულა. თუმცა თავად ელენე თავს დეპორტირებულად არ მიიჩნევს:

[ელენე გედევანიშვილის ხმა]“ დედაჩემია დეპორტირებული და მე იქ მარტო ხომ ვერ დავრჩებოდი და მეც მომიწია წამოსვლა. ახლა ვაპირებ ტალინში წასვლას და იქ ვარჯიშს. მწვრთნელი კონდრაშოვა იქნება, მაგრამ რომელ მოედანზე ვივარჯიშებ და სად ვიცხოვრებ, ჯერ არ ვიცი.“

ელენე გედევანიშვილი ტალინში მწვრთნელის, ელენა ვოდორეზოვას, რჩევით მიემგზავრება. მას ელენა ვოდორეზოვას მეგობარი ანა კონდრაშოვა გაწვრთნის. ელენა ვოდორეზოვა იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა:

[ელენა ვოდორეზოვას ხმა]“ არ ვიცი. სამ კვირაში ჩინეთში ჩვენ გრან პრის პირველი ეტაპი გველის. შეიძლება ყველაფერი წყალშიც ჩაგვეყაროს. ძალიან ვწუხვარ, რომ მისი კარიერა ეს-ეს არის იწყება და უკვე ასეთ სირთულეებს აწყდება. როგორ ჩავა ესტონეთში, როგორ შეეგუება ყინულს, მწვრთნელს... ის ძალზე მიზანდასახული გოგონაა, ძალიან გაიზარდა. იმედი ვიქონიოთ.“

სახელოვანი მოსწავლისა და პედაგოგის პოლიტიკის ძალით გაყრას არავინ ელოდა, მათ შორის, არც ელენეს დედა მაკა გამრეკლიძე, რომელიც უემოციოდ ვერ იხსენებს იმ დღეს, როდესაც ვარჯიშიდან სახლისაკენ მიმავალი დედა-შვილი მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაში მილიციელმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა:

[მაკა გამრეკლიძის ხმა]“ მშობლების სახით, ებრძვიან ბავშვებს. იმიტომ რომ, თუ მშობელი წავა ქვეყნიდან, ბავშვიც ხომ უნდა წავიდეს. იგივე მოუხდა ელენესაც. გაგვაჩერეს ხომ შემთხვევით. თუმცა რა შემთხვევით. ბრძანება ჰქონდათ, ყველა ქართველი გააჩერეთო. ამოქექეს ისეთი რაღაცა, რაც წლების მანძილზე სწორი იყო ყოველთვის ყველაფერი და რატომღაც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა არასწორი. დაკითხვა რომ მომიწყვეს, მე თვითონ ვთქვი, რომ იქ არ ვცხოვრობ, სადაც ჩაწერილი ვარ. მშობლების სახით, ებრძვიან ბავშვებს. იმიტომ რომ, თუ მშობელი წავა ქვეყნიდან, ბავშვიც ხომ უნდა წავიდეს. იგივე მოუხდა ელენესაც.“(სტილი დაცულია)

ელენე გედევანიშვილი მილიციის განყოფილებაში დედასთან ერთად თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ გათავისუფლებაში ელენა ვოდორეზოვას მეუღლე ჩაერია. პასპორტში, რომელიც მაკა გამრეკლიძემ 2 დღის შემდეგ დაიბრუნა, ჩარტყმული იყო შტამპი – გაძევებულ იქნეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პასპორტის მფლობელს რუსეთის ტერიტორია 10 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა. ელენე არჩევანის წინაშე დადგა: ან უნდა მიეღო მწვრთნელის წინადადება და დამოუკიდებლად დარჩენილიყო მოსკოვში, ან დედას თბილისში უნდა გამოჰყოლოდა. ელენემ არჩევანი დედისა და სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ არც სათანადო პირობებია და არც სათანადო მოედანი, ელენე გედევანიშვილი ცდილობს ფორმიდან არ ამოვარდეს. თბილისში ელენე თავისი პირველი მწვრთნელის თამარ ანჯაფარიძისა და საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის თავმჯდომარის ირაკლი ჯაფარიძის მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

[ირაკლი ჯაფარიძის ხმა]“ მე ვნერვიულობ იმიტომ, რომ ელენე რვა წლის იყო, როცა წავიყვანე პირველად მოსკოვში 1 თვით 1999 წელს, შემდეგ, მეორე წელს, სამი თვით, შემდეგ დავტოვე ერთი წლით. მშობლებიც დავითანხმე, მერე - ერთი მწვრთნელი; მერე მწვრთნელი გამოვუცვალე, შემდეგ სიუპიდან გადავიყვანე ოლიმპიურ სასახლეში. ოლიმპიურიდან შემდეგ... მოკლედ, წვალებაში გამოვზარდე. ბევრს არ სჯეროდა ჩემი. ახლა ვამბობ: არის ხუბულავა, არის წყვილი; დაგვეხმარეთ, ყინული ავაშენოთ.“(სტილი დაცულია)

ირაკლი ჯაფარიძე იმედოვნებს,რომ საქართველოს ხელისუფლების უახლოეს გეგმებში უსათუოდ შევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედნის აშენება. ამის წინაპირობა კი ელენე გედევანიშვილისადმი გამოჩენილი ყურადღებაა. 16 ოქტომბერს გოგონას თბილისის აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, რასაც შემდეგ საზეიმო ცერემონიალი და მისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოება მოჰყვა. ელენეს ორდენი პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა გადასცა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“მე ვფიქრობ, ეს არის დიდი დანაკარგი რუსეთისთვის, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს არის დიდი შენაძენი საქართველოსთვის. მინდა ვთქვა, რუსეთში ზარ-ზეიმით ხვდებიან აეროპორტში საქართველოდან გაძევებულ ჯაშუშებს. ჩვენ საზეიმოდ ვხვდებით რუსეთიდან გამოგდებულ ჩემპიონებს. და ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. მე მინდა ჩვენს ჩემპიონს გადავცე ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენი.“

პატარა ჩემპიონი ესტონეთში უახლოეს დღეებში გაემგზავრება. საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის გათვლებით, იგი ტალინში მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩება.
XS
SM
MD
LG