Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობა პეტერბურგულად, ანუ როგორ იქცა ალექსანდრ შურშევი ალექსანდრე შურშაშვილად


ალექსანდრ დიადინი, სანკტ პეტერბურგი დღეს სანკტ-პეტერბურგში ქართველების მხარდასაჭერი უჩვეულო აქცია გაიმართა. აქცია მოეწყო პარტია "იაბლოკოს" პეტერბურგის საქალაქო ორგანიზაციისა და "ნოვაია გაზეტას" თაოსნობით.

"იაბლოკოს" წევრმა ალექსანდრ შურშევმა სურვილი გამოთქვა, საკუთარი გვარი შურშაშვილად გადაეკეთებინა, ხოლო მისმა კოლეგამ ალექსანდრა გარმაჟაპოვამ - გარმაშვილად, რის შესახებაც ერთმაც და მეორემაც შესაბამისი განცხადება შეიტანა ადმირალტეისკის მმაჩის რაიონულ ბიუროში. იქ განცხადებას, როგორც რადიო "თავისუფლების" პეტერბურგელი კორესპონდენტი ალექსანდრ დიადინი იუწყება, მშვიდად შეხვდნენ, აღნიშნეს რა, რომ რუსსა და ქართველ ხალხებს ისტორიულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. შესაბამისად, განცხადება გვარების შეცვლის შესახებ მიღებულ იქნა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები, "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტთან, ალექსანდრა ელიხანოვასთან ერთად, კიროვისა და ვიბორგის მმაჩის ბიუროებში გაემგზავრნენ, სადაც გვარების შეცვლის შესახებ განცხადებები კიდევ ორ-ორმა აქტივისტმა შეიტანა.
უჩვეულო აქციამ მიიპყრო არა მარტო საზოგადოების, არამედ პრესის ყურადღებაც. აქციის ერთ-ერთმა თაოსანმა, "იაბლოკოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ალექსანდრ შურშევმა, აწ უკვე შურშაშვილმა, მომხდარის შესახებ რადიო "თავისუფლებას" შემდეგი უამბო:

[ალექსანდრ შურშაშვილის ხმა] “როცა მმაჩის ბიუროდან გამოვედით, გარეთ მილიცია გველოდა. პირველი, რამაც თავში გაგვიელვა, ეს იყო: აი, გვარები გადავიკეთეთ და მილიციაც მოვიდა ჩვენს წასაყვანად-მეთქი. როგორც გაირკვა, მილიცია წესრიგის დასამყარებლად მოსულა, რადგან მმაჩის ბიუროსთან ბევრი ხალხი შეგროვდა. ჩვენი მიზანია, პრობლემისადმი დამოკიდებულება შევცვალოთ არა ხელისუფლებაში, არამედ საზოგადოებაში. რადგან ვშიშობთ, რომ საზოგადოებაში, რომელიც აი, ამ ტელევიზიას უყურებს და ხელისუფლების აი, ამ წარმომადგენლების გამოსვლებს უსმენს, ასევე გაიღვიძებს ანტიქართული განწყობილება. ეს არის ყველაზე სახიფათო. ეროვნებათაშორისი ურთიერთობა სულაც არ არის სახუმარო რამ."

პარტია "იაბლოკოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გაიხსენა ჩეჩნეთის მაგალითი, როცა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მრავალწლიანმა პროპაგანდამ მკეთრად უარყოფითი გახადა ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ჩეჩნებისადმი. არ გვინდა, ასეთი რამ ქართველების შემთხვევაშიც განმეორდესო, ამბობს ალექსანდრე შურშაშვილი.

ჩვენი კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ მოიქცევით, რუსეთში ანტიუკრაინული ან ანტისომხური კამპანია რომ დაიწყოსო, გვარს ისევ გადაიკეთებთო, "იაბლოკოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ "ნარინჯისფერი რევოლუციის" დღეებში უკრაინის მიმართ სოლიდარობა თავისი პასპორტის უკრაინის პასპორტის ყდაში ჩასმით გამოხატა.

[ალექსანდრ შურშაშვილის ხმა] “ამით მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდებდა ჩვენს ურთიერთობაში. დღემდე ის გარეკანი მაქვს და მილიციასთან ურთიერთობა როცა მიწევს ხოლმე, ისინი ჩემს პასპორტს როცა ხედავენ, ხელებს იფშვნეტენ, ფიქრობენ, “არალეგალია”, ამას რამეს დავსტყუებთო. პასპორტს როცა ნახულობენ, რუსეთის მოქალაქისაა, ისე, რომ აი, ასეთ შემწყნარებლობის გაკვეთილს ვუტარებთ. დღეიდან კი, ამასთან, ქართული გვარიც მექნება. უნდა ვასწავლო შემწყნარებლობა, ასე მაინც.”

ახლა ქართული გვარების მატარებლებს 500-რუბლიანი სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოუწევთ. სამ-ოთხ დღეში ისინი დაბადების ახალ მოწმობებს, შემდეგ კი ახალ პასპორტებსაც მიიღებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG