Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტის მომხრე “ჩვენი უკრაინა” თავის მინისტრებიანად ოპოზიციაში გადადის


17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის მომხრე პარტია “ჩვენი უკრაინა” ოპოზიციაში გადავიდა. 19 ოქტომბერს კი ქვეყნის

მინისტრთა კაბინეტი “ჩვენი უკრაინის” პარტიული ბილეთის მქონე რამდენიმე მინისტრმა დატოვა. ჯერჯერობით თავის პოსტებზე რჩებიან საპრეზიდენტო კვოტით ზურგგამაგრებული უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მომხრე პარტია “ჩვენ უკრაინას” თვითგამორკვევისათვის ორი თვე დასჭირდა, რათა ე.წ. “ანტიკრიზისულ კოალიციასთან” საბოლოოდ გაეწყვიტა კავშირი და კვლავ ოპოზიციაში დაბრუნებულიყო. პროსაპრეზიდენტო პარტიის ეს გადაწყვეტილება უკრაინის მოსახლეობას საპარლამენტო ფრაქცია “ჩვენი უკრაინის” ლიდერმა რომან ბეზსმერტნიმ აუწყა. მიზეზთა შორის, ბეზსმერტნიმ, პირველ ყოვლისა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანების კრახი და უკრაინასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროგრამების განახევრება დაასახელა. ბეზსმერტნიმ მოუწოდა ყველა ოპიზიციურ ძალას, ისეთი “კონფედერაციის ჩამოყალიბებისკენ”, რომელიც მხარს დაუჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს.

[რომან ბეზსმერტნის ხმა] “ დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტში და მის მიღმა მყოფ ოპოზიციურ ძალებს, ჩამოვაყალიბოთ ოპოზიციური ალიანსი “ევროპული უკრაინა”, როგორც კონფედერაცია; შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, ანტიკრიზისული კოალიციისა და მოქმედი მთავრობის ალტერნატიული საქმიანობის წარმართვის მიზნით.”

მაგრამ “ჩვენი უკრაინის” ლიდერს სიტყვითაც არ უხსენებია ურთიერთობა ყოფილ “ნარინჯისფერ” მოკავშირეზე – იულია ტიმოშენკოს ბლოკსა და თავად მის ლიდერზე. “ბიუტმა” ერთი თვის წინ უკვე განაცხადა, უმაღლეს რადაში იტერფრაქციული ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესახებ, რომლის ლიდერმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ თავის ბანაკში მხოლოდ ორი დეპუტატის გადაბირება მოახერხა “სოციალისტთა” ფრაქციიდან. შესაბამისად, იულია ტიმოშენკოს წარმომადგენელმა დეპუტატმა ანატოლი სემინოჰამ განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები “ჩვენი უკრაინის” ყველა წევრს მათ რიგებში გაწევრიანებას სთავაზობენ.

[ანატოლი სემინოჰას ხმა] “ჩვენი პოზიცია გასაგებია. ჩვენ შევქმენით ინტერფრაქციული ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც რამდენიმე სოციალისტი შემოუერთდა. ჩვენ ასევე ვეპატიჟებით “ჩვენ უკრაინასაც”. ვფიქრობ, მათთვის არის აუცილებელი შეუერთდნენ ამ კავშირს და დღეიდანვე შეუდგნენ მუშაობას, ყოველგვარი განზრახვის გარეშე - ხელახლა გამოიგონონ ველოსიპედი.”

მაგრამ ყოფილი თანამებრძოლებისათვის გაერთიანება არ ისე იოლი იქნება. მათ ხომ 26 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთელ უკვე სცადეს გაერთიანება. მაგრამ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მაშინ, ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების მოსაზრებით, უპირატესობა ვიქტორ იანუკოვიჩის “უკრაინის რეგიონებს” მიანიჭა. ამის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის მომხრეებით დააკომპლექტა მთავრობის ეკონომიკური ბლოკი და დაიწყო პრეზიდენტისათვის იმ უფლებამოსილებების ჩამორთმევა, რის უფლებასაც მას კონსტიტუციური რეფორმა და მყარი საპარლამენტო უმრავლესობა აძლევდა. სულ ბოლოს იანუკოვიჩმა საკამათოდ გახადა უკრაინის პრეზიდენტის უფლება, დაენიშნა რეგიონების ადმინისტრაციის მეთაურები. შესაბამისად, ვიქტორ იანუკოვიჩი იმედოვნებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური ადგუილებსი სწორედ მისი მომხრე კოალიციის წევრთაგან დაკომპლექტდება.

[ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა] “მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა სტაბილურად იმუშავებს. მინისტრების გადაყენების პროცედურა, რომლებიც “ჩვენ უკრაინას” წარმოადგენდნენ, ითვალისწინებს ამ საკითხის პარალმენტში განხილვას. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ განვიხილავთ მომავალი მინისტრების კანდიდატურებს, რომლებიც კოალიციიდან იქნებიან.”


თუმცა ამ იდეის რეალიზება მოქმედ პრემიერ-მინისტრს ძალიან გაუჭირდება. მას შემდეგ კი, რაც უკრაინის პროსაპრეზიდენტო პარტიის 60 დეპუტატი ოპოზიციაში გადავიდა, ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე ანტიკრიზისულ კოალიციაში იმდენივე დეპუტატი რჩება, რაც იულია ტიმოშენკოს ოპოზიციურ ფრქაცია “ბიუტს” ჰყავს. ხოლო თუ “ჩვენი უკრაინის” 60 დეპუტატის ოპოზიციაში გადასვლით უმაღლეს რადაში აღდგა ყოფილი “ნარინჯისფერი” კოალიცია, მაშინ ვიქტორ იანუკოვიჩის გავლენა საპარლამენტო გადაწყვეტილებებზე შესამჩნევად შესუსტდება. გარდა ამისა, გადადგომის განცხადება უკან გამოიტანა შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ, რომელიც არასოდეს მალავდა თავის ანტიპატიას პრორუსული “უკრაინის რეგიონებისა” და მისი ლიდერის მიმართ. ასე რომ, მათ, ვინც ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკურ მომავალს სკეპტიკურად უყურებდა, წინ არაერთი სიურპრიზი ელოდებათ.
XS
SM
MD
LG