Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით შედის


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ვადაზე 9 თვით ადრე უნდა ჩატარდეს. 2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად გამართვის ინიციატივით

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. ინიციატივის რეალიზაციისთვის ის პარლამენტს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას სთხოვს. ამას გარდა, გეგმაშია კიდევ 2 საკანოსტიტუციო ცვლილება.

მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციით ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. გეგმაშია ცვლილება კონსტიტუციაში, რომლის თანახმად, მოსამართლეების დანიშვნასა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესში პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი. იგეგმება კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ელჩების დანიშვნისა და მათი გამოწვევის კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმას უნდა შეეხოს. მოქმედი წესით, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. გეგმაშია ცვლილება, რომლის თანხმად, ელჩების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, გამოწვევის შესახებ გადაწყეტილებას კი - მთავრობა და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების 9 თვით გადმოწევას და 2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ეხება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”კონსტიტუციით, 2008 წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, 2009 წელს კი - საპრეზიდენტო. მიმაჩნია, რომ ყოველ წელს არჩევნების ჩატარება დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივეს ერთად ჩატარება ჯობს.”

”რომ არ იყოს ზედმეტი ფულის ხარჯვა, ზედმეტი რყევები და ზედმეტი ორგანიზაციული პრობლემები” - ასე ახსნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის მიერ ჩაფიქრებული საკონსტიტუციო ცვლილების მიზანი, თუმცა ოპოზიციამ პრეზიდენტის განზრახვის უკან სხვა მიზნები დაინახა. ჯერ პარტია ”თავისუფლების” ლიდერ კონსტანტინე გამსახურდიას მოსაზრება მოვისმინოთ:

[კონსტანტინე გამსახურდია] ”ძნელია მსჯელობა იურიდიულ ნიუანსებზე, რადგან საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. მე ვფიქრობ, ამ ცვლილებით ის ცდილობს მოკლას ორი კურდღელი: წარმატებას მიაღწიოს საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიყვანოს თავისი გუნდი აბსოლუტურ უმრავლესობაში.”

ოპოზიციონერი დეპუტატი, კონსერვატორი კახა კუკავა მოქმედი პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადის 9 თვით შემცირებისა და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დამთხვევისთვის ჩაფიქრებულ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უპრეცედენტოს უწოდებს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი - თურქმენბაშის რეპერტუარიდან ნასესხებს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ეს ინიციატივა პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეპერტუარშიც ვერ ჯდება. ეს არის თურქმენ ბაშის რეპერტუარიდან ნასესხები ინიციატივა და მისი მიზანია საქართველოში უარი ითქვას დემოკრატიულ პროცესებზე. ”

რას ცდილობს პრეზიდენტი სააკაშვილი? ”რესპუბლიკელების” აზრით: პირველი - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დისკრედიტირებული სახელისუფლებო პარტიის საკუთარ ჩრდილში გადამალვას; მეორე - მომავალი 5 წლით ხელისუფლებაში ყოფნის რაც შეიძლება ადრე, სრულ პოლიტიკურ გაკოტრებამდე, დაბევებას და მესამე - 2009 წლისთვის საპრეზიდენტო ასაკს მიღწეული რეიტინგული ოპოზიციური და სახელისუფლებო კონკურენტების ჩამოცილებას.

პარასკევს დავით უსუფაშვილის პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 2008 წლისთვის, მაგალითად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ვერ იქნება საპრეზიდენტო ასაკის. ”რესპუბლიკელების” აზრით, საკონსტიტუციო ცვლილება სახელისუფლებო გუნდში საპრეზიდენტო ამბიციების მქონეთა შორის ომობანას დასრულების განზრახვასაც უნდა გულისხმობდეს. ასეა თუ ისე, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტების შესვლა საქართველოს პარლამენტში 20 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ცვლილებები ცვლილებათა პროექტების გამოქვეყნებისა და საყოველთაო განხილვის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG