Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ლოკალურსა და საერთაშორისო კონტექსტში


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ქართული პრესა განაგრძობდა შეხმიანებას საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებსა თუ რეზოლუციებთან,

რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ან საქართველოს პოლიტიკას ეხება. საქართველო რუსეთის პროვიკაციაზე არ წამოეგება, - წერდა, მაგალითად, გაზეთი “ახალი თაობა”. ეს გაზეთი აუწყებდა მკითხველს, როგორ მიმართეს აფხაზეთის საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა რუსეთს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარების თხოვნით. ამ თხოვნას ორიოდ დღეში დაემატა უკვე ფაქტობრივი ხელისუფლების ანალოგიური შინაარსის მიმართვა იმავე ადრესატისადმი. “ახალ თაობას” მოჰყავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან დუჩიძის კომენტარი: ეს არის კიდევ ერთი აბსურდული, არაფრის მომტანი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქართული საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლების მოთმინებიდან გამოყვანას. ეს მიზანი შეუსრულებელია, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება არ აპირებენ ამ პროვოკაციაზე წამოგებას, ჩვენ მოთმინებითა და მიზანდასახულობით არაერთხელ გავაოცებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს.

“ახალი ვერსია” გასულ კვირაში მსჯელობდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების შესახებ. პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ამ გაზეთს უცხადებდა, რომ ასეთ შემთხვევაში ეს ტერიტორიები რუსეთს სამხედრო დახმარებას მოსთხოვენ ქართული აგრესიისაგან დასაცავად. რუსეთიც არ დააყოვნებს და იქ ჯარს შეიყვანს, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტს ჩაანაცვლებს. ამის შემდეგ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო შენაერთების არსებობა საერთაშორისო შეთანხმებებით და სხვა მექანიზმებით აღარ იქნება რეგლამენტირებული.

გაზეთი “ახალი 7 დღე” წერს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების პრობლემებზე. თუ რუსეთის ხელისუფლება ყველა ქართველს გამოდევნის, საქართველო მოგებული დარჩება. ამ დევნაში ისეთი ქართველებიც მოყვებიან, რომელთაც ფული აქვთ. რუსეთში ნამდვილად არსებობენ ქართველები, რომლებიც ლეგალურ ბიზნესს ეწევიან. თუ მათაც დაატოვებინებენ რუსეთს, ეს კაპიტალი საქართველოში გადმოინაცვლებს. შეზღუდვები დიდხანს ვერ გაგრძელდება. რუსეთის არადემოკრატიული, ჩამორჩენილი სისტემა ვერ შეძლებს აკრძალვების ბოლომდე განხორციელებას. მალე მოვა დრო, როცა რუსეთის საზღვრის გადაკვეთა გარკვეული თანხის საფასურად ისევ შესაძლებელი იქნება. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელი არ არის რუსეთიდან გამოდევნილი ადამიანების წინაშე, მაგრამ სასურველია საქართველოს ხელისუფლებამ გადამზადების სკოლების იდეა რეალობად აქციოს. ეს უნდა იყოს სისტემატური ხასიათის, - ეწერა “ახალ 7 დღეში”.

რამდენიმე ფრაგმენტი შაბათის, 21 ოქტომბრის, გაზეთებიდან: “რეზონანსი” წერს, რომ ერთ კვირაში “გაზპრომი” ალაგირი-ცხინვალი გაზსადენის მშენებლობას იწყებს. ეს გაზსადენი სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას ერთმანეთთან დააკავშირებს. ქართული მხარე უარყოფს, რომ ეს პროექტი შეთანხმებულია საქართველოსთან. სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ასე აფასებს ამ პროექტს: სავსებით ნათელია რუსეთის ფედერაციის მიერ, საერთაშორისო სამართლისა და ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმების უხეში დარღვევით, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობა. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია უკვე დაუფარავად განიხილავს სამხრეთ ოსეთს საკუთარ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად.

“ერთიანი ფრონტით - რუსეთის წინააღმდეგ” - ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას გაზეთ “24 საათში”. ის ეხება ევროკავშირის ფინეთში გამართულ სამიტს. უთანხმოების რისკი დიდი იყო. მაშინ, როცა ახალი ევროპის წარმომადგენლები მტკიცე პოზიციის დაფიქსირებას ესწრაფოდნენ პუტინის უსამართლო ქმედებებთან დაკავშირებით, ძველი ევროპის ერთ-ერთი ბურჯი, საფრანგეთი, ისევე როგორც, მეტნაკლები ხარისხით, დიდი ბრიტანეთი, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამავე პუბლიკაციის თანახმად, რუსეთი ტაქტიკურ საკითხებში არანაირ დათმობაზე არ მიდის. ამავე გაზეთის სხვა სტატიაში - “პუტინი მკვლელობებით მიიწევს წინ” - ავტორი ვარაუდობს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, საქართველოსთან ომისთვის ემზადება. ომი - პუტინის სავიზიტიო ბარათია. ის ხომ პრეზიდენტი ერთობ საეჭვო ომის - მეორე ჩეჩნური კამპანიის - შედეგად გახდა.
XS
SM
MD
LG