Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში პრეზიდენტმა ორი სიახლე აცნობა

საქართველოს მოქალაქეებს: ერთი, რომ ის აპირებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთად ჩაატაროს და მეორე, რომ “გული ერევა” ფარული ჩანაწერების ყურებაზე. ამის თქმის საბაბი პრეზიდენტს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდთან დაკავშირებულ მაქინაციაში ეჭვმიტანილთა და მანამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის შესახებ ვიდეო-ჩანაწერების ჩვენებამ მისცა.

პირველმა სიახლემ უპირველესად გააჩინა კითხვა – რა საკანონმდებლო ცვლილება გაამართლებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას არჩევნების “შერწყმის” შესახებ და მეორე – ოპოზიციას მისცა კიდევ ერთი საბაბი ეჭვი შეიტანოს ხელისუფლების დემოკრატიულ კურსში:

[უსუფაშვილის ხმა] “ეს ინიციატივა უკვე პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეპერტუარშიც ვეღარ ჯდება. ესაა თუქმენბაშის რეპერტუარიდან ნასესხები ინიციატივა, ვინაიდან მისი მიზანია საქართველოში საბოლოოდ უარი ითქვას დემოკრატიულ პროცესებზე”.

მეორე სიახლე უფრო ემოციური ხასიათის გახლდათ, და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის ფარული ჩანაწერების გავრცელებით გამოწვეული ემოცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისას, მათ შორის ოპოზიციისასაც ემთხვეოდეს. თუმცა, აქაც ჩნდება კითხვა, თუკი ფარული ჩანაწერების სატელევიზიო პრეზენტაციებს (რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ჩანაწერების მომზადების კანონიერებაზე), რომლებიც პრეზიდენტსაც “გულს ურევს”, დაკავებული მოქალაქის უდანდაშაულობის პრეზუმპციის, პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევის კუთხითაც განვიხილავთ, საკითხავია რატომ არავინ ზრუნავს ამდენ ხანს ამ უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მომავალში გაგრძელდება.

ეს კვირა საქართველოსთვის დატვირთული და დაძაბული იყო საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისითაც. კვლავაც გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია რუსეთიდან. ვითარება დეპორტაციისას რამდენიმე მოქალაქის გარდაცვალებამ დაამძიმა. დაამძიმა ისევ და ისევ საქართველოსთვის, თორემ ეს ფაქტები ოდნავადაც კი არ შეხებია რუსეთის საერთაშორისო პოზიციას. ამ კვირის, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე – ევროკავშირის არაოფიციალურ სამიტზე ბევრი მოელოდა, რომ რუსეთის მიმართ კრიტიკა გაისმებოდა. მითუმეტეს, რომ ამ სამიტს წინ უძღოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ცნობილი განცხადება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ, სადაც გამოთქმული იყო ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელში იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა თავი შეიკავეს რუსეთის პირდაპირი კრიტიკისგან. ამის ნაცვლად საქმე ისე წავიდა, რომ პრეზიდენტ პუტინისგან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა გაისმა:

[პუტინის ხმა] “მიმაჩნია, რომ ურთიერთობების გაუარესების ინიციატივა უპირველეს ყოვლისა რუსეთის მხრიდან არ მოდის. არამედ, ჩემის აზრით, ეს კეთდება იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკურ-საინფორმაციო ფონი, რომელიც ხელს შეუწყობდა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემების შესაძლო ძალისმიერი, სისხლისღვრის გზით გადაჭრას”.

საქართველოს პრეზიდენტმა პუტინის ნათქვამი გენერალ პაველ გრაჩოვის 1992 წლის განცხადებას შეადარა და დასძინა: “განსხვავება ის არის, რომ დღეს არა 1992, არამედ 2006 წელია, საქართველოს პრეზიდენტი არა შევარდნაძე, არამედ სააკაშვილია და დღეს არის სხვა საქართველო, სხვა ევროპა, რომელიც საკუთარ სამიტზე მთავარ აქცენტს საქართველოს საკითხზე აკეთებს. დღეს მსოფლიო პოლიტიკაში აღარ ბნელა”.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს საკითხზე და რუსეთის პოლიტიკაზე სინათლის შეტანა შეტანა, როგორც ჩანს, კვლავაც საჭიროა. გელა ბეჟუაშვილმა 21 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “მინდა ძალზედ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი უკიდურესი შეშფოთება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფაქტების განზრახ და უხეშად გაყალბების გამო. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ აშკარად მცდარ შეფასებებს გააკეთებდა და ამით პირდაპირ შეურაცხყოფდა თავისი ევროპელი კოლეგების გონიერებას”. გარდა ამისა, ბეჟუაშვილმა განაცხადა:
[ბეჟუაშვილის ხმა] “რუსეთის პრეზიდენტმა დეზინფორმაცია მიაწოდა ევროპულ კოლეგებს და ამაზე ჩვენ გავაკეთეთ დღევანდელი ჩვენი განცხადება, რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია და ის რეალობა, რომელსაც სამწუხაროდ, რუსეთი თვალს ვერ უსწორებს. და ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ძაან სერიოზულად ვიმუშაოთ, რათა განვუმარტოთ ჩვენ ევროპულ მეგობრებს, პარტნიორებს თუ რასთან გვაქვს საქმე”. (სტილი დაცულია.)

საქართველოს ვეროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს განმარტება არც ლაჰტის სამიტამდე აკლდათ და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისგან: მიმდინარე კვირაში საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი ეწვია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრიდის თბილისში ჩამოსვლის ერთ დეტალს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა შემთხვევით არ გაუსვა ხაზი:

[ტეფტის ხმა] “წუხელ, აეროპორტიდან სასტუმროში რომ მივიყვანეთ და სასაუბროდ დავსხედით, პირველი, რაც დენ ფრიდმა გააკეთა, ქართული ღვინო “საფერავი” შეუკვეთა”.

დიახ, დენიელ ფრიდი საქართველოში იმის ხაზგასასმელად ჩამოვიდა, რომ შტატებს არ მოსწონს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა:

[ფრიდის ხმა] “უნდა განვაცხადო, რომ სრულად ვიზიარებ ევროკავშირის დასკვნებს, სადაც გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გამო და განსაკუთრებით კი იმ ზეწოლის გამო, რომელიც მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ქართველებზე ხორციელდება. ძალიან შემაშფოთა და დამამწუხრა იმ ქართველის გარდაცვალებამ, რომელიც რუსეთში დეპორტაციის წინ ჰყავდათ დაკავებული. ამის შესახებ გუშინ შევიტყვე და მინდა ვთქვა, რომ ეს დაუშვებელია”.

თბილისში კონდოლიზა რაისის მოადგილის მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა და ის ე.წ. “კოსოვოს პრეცედენტს” უკავშირდებოდა. ფრიდმა გადაჭრით განაცხადა, რომ კოსოვოსთან რაიმე პარალელების გაკეთება “ისტორიული შეცდომა” იქნება და რომ კოსოვოს შემთხვევა უნიკალურია.

როცა დენიელ ფრიდი საქართველოში და შემდეგ ბელგიაში ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურ პირებთან მართავდა შეხვედრებს (მათ შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზეც), მისი ხელმძღვანელი – კონდოლიზა რაისი აზიაში მოგზაურობდა. ისინი ორივე შაბათს ჩავიდნენ მოსკოვში და ერთმა ლაჰტიდან დაბრუნებულ პრეზიდენტ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, მეორემ კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან გამართეს შეხვედრები. სააგენტოების ცნობით, სამივე შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც. პუტინთან შეხვედრისას, კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოსა და რუსეთს ყველა ღონე იხმარონ დაძაბულობის მოსახსნელად. ფრიდისა და კარასინის შეხვედრაზე კი ამერიკელ დიპლომატს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივის რუსეთის ხედვის განმარტება მოუთხოვია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG