Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის აჯანყების 50 წლისთავი


ორმოცდაათი წლის წინათ, 1956 წლის 23 ოქტომბერს ათასობით უნგრელი სტუდენტი გამოვიდა ბუდაპეშტის ცენტრში

ანტისაბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად. რამდენიმე საათში დემონსტრანტების რიცხვმა 200 ათასს მიაღწია. დაიწყო საბჭოთა ბლოკში პირველი ფართო მასშტაბიანი ამბოხება. საბჭოთა ჯარებმა სასტიკად ჩაახშეს იგი. დაიღუპა ათასობით ადამიანი. რა გავლენა იქონია უნგრეთის ამბოხებამ ცივი ომის მსვლელობაზე და რა გაკვეთილს გვასწავლის იგი დღეს?

ამბოხებამ, რომელიც თავდაპირველად იმედით დაიწყო და სიკვდილითა და მარცხით დასრულდა, ხელი შეუწყო აღმოსავლეთი ევროპის კომუნისტურ ბლოკში სხვა ანტისაბჭოთა გამოსვლების წარმატებებს. ამავე დროს მან თვალი აუხილა დასავლეთ ევროპელ მემარცხენეებს, რომელთაგან ბევრმა ამის შემდეგ ზურგი აქცია საბჭოთა კავშირს.

მოუსმინეთ უნგრული წარმოშობის ამერიკელ მეცნიერს, ჯარლზ გატის, რომელიც ბუდაპეშტში ახალგაზდა ჟურნალისტი იყო წარუმატებელი აჯანყების პერიოდში:

[გატის ხმა] "ნათელი გახდა, რომ კომუნიზმმა არ გაამართლა. მეორე მხრივ, გამოჩნდა, რომ კომუნიზმის დამხობა შეუძლებელი იყო მანამდე, სანამ საბჭოთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა ამას და სხვა გზების გამონახვა იყო საჭირო. ამერიკამ ის გაკვეთილი ისწავლა, რომ კონფრონტაციისა და ცარიელი ლოზუნგების ნაცვლად შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთს ეტაპობრივი ცვლილებების მიმართულებით უნდა ემუშავათ."

მაგრამ 1956 წლის 23 ოქტომბერს ცვლილებები ჯერ კიდევ შესაძლებელი ჩანდა.

პოლონეთში ანტისაბჭოთა გამოსვლებით ინსპირირებული უნგრელმა მთელი რიგი მოთხოვნები წამოაყენეს. მათ შორის საბჭოთა ჯარების გასვლა, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ეკონომიკური სისტემის და საერთაშორისო ურთიერთობების გადახედვა, დამნაშავე კომუნისტების დასჯა.

როცა დემონსტრაციამ ძალა მოიკრიბა, საიდუმლო პოლიციამ უცებ ცეცხლი გახსნა. რამდენიმე დემონსტრანტი დაიღუპა. ასე დაიწყო ამბოხება.

დასავლეთის მასმედია, მათ შორის ჩვენი რადიოც, დიდ როლს თამაშობდა უნგრელებისთვის დასავლეთის შეტყობინებათა მიწოდების საქმეში.

მაგრამ მოგვიანებით იგი სწორედ ამიტომ მოექცა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. საქმე ისაა, რომ უნგრელები ენდნენ შეერთებული შტატების მოწოდებებსა და წახალისებას. არადა აღმოჩნდა, რომ ამგვარი მასშტაბური ამბოხებისთვის არავინ იყო მზად - არც ბუდაპეშტი, არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი.

24 ოქტომბერს შესრულებულ იქნა სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა: პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რეფორმატორი პოლიტიკოსი იმრე ნადი. ნადმა მოლაპარაკებები დაიწყო საბჭოთა ჯარებთან. ორ დღის შემდეგ საბჭოთა არმიამ დატოვა ბუდაპეშტი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ტაქტიკური სვლა იყო.

უნგრეთის ამბოხების ბედზე დიდი გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა. 29 ოქტომბერს საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და ისრაელმა იერიში განახორციელეს ეგვიპტის წინააღმდეგ იმის საპასუხოდ, რომ ქაირომ სუეცის არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ბუდაპეშტი აღარ იყო მსოფლიოს ყურადღების ცენტში.

ამბოხების საკვანძო მნიშვნელობის მოვლენა მოხდა 1-ლ ნოემბერს. ნადმა გამოცახადა, რომ უნგრეთი ნეიტრალური სახელმწიფო იქნება და გავა ვარშავის ხელშეკრულებიდან.

სამი დღის შემდეგ ათასამდე საბჭოთა ტანკი შევიდა ბუდაპეშტში. იმრე ნადი უკანასკნელად გამოვიდა ბუდაპეშტის რადიოთი:

[ნადის ხმა] "დღეს დილით საბჭოთა ჯარებმა უნგრეთის დედაქალაქის იერიში დაიწყეს. ცხადია, მათი მიზანია ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდება. ჩვენი არმია წინააღმდეგობას უწევს საბჭოთა ჯარს. მთავრობა თავის მოვალეობებს ასრულებს."

როცა ერთი კვირის შემდეგ ბრძოლები მინელდა, 2500-ზე მეტი უნგრელი და 700 სარჭოთა ჯარისკაცი იყო მოკლული. 200 ათასამდე უნგრელმა უცხოეთს შეაფარა თავი. 1958 წლის ივნისში გამართული საიდუმლო სასამართლოს შემდეგ ნადი სიკვდილით დასაჯეს.

უნგრეთის ამბოხების სიხლში ჩახშობამ შიშის ზარი დასცა მთელ აღმოსავლეთ ევროპას. მოუსმინეთ მიროსლავ კუსის, რომელიც იმხანად ახალგაზრდა დისიდენტი იყო ჩეხოსლოვაკიაში:

[კუსის ხმა] "უნგრეთი იმის საშინელი მაგალითი იყო, რომ პირდაპირი ამბოხებით არ შეიძლებოდა კომუნისტური სახელმწიფოს შეცვლა, ვინაიდან რეჟიმი მკაცრი, სასტიკი, შეუდრეკელი იყო. უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ამიტომაც ვეძებდით წინააღმდეგობის გზას, რომელიც უკეთ მოერგებოდა ჩვენს ვითარებას. იმიტომ, რომ რეჟიმს უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა ნებისმიერი წინააღმდეგობის გასასრესად."

კუსის თქმით, უნგრეთის ამბოხებამ უზარმაზარი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ შეეცადნენ მოგვიანებით ჩეხოსლოვაკიელი დისიდენტები ვითარების შეცვლას. ცნობილი დისიდენტური მოძრაობა "ქარტია 77" კანონის ფარგლებში მოქმედებას არჩევდა.

თავის მხრივ ვაშინგტონიც იძულებული შეიქნა, ამბოხებისკენ მოწოდებებზე უარი ეთქვა და თანდათანობითი ცვლილებების განხორციელებაში დახმარებოდა აღმოსავლეთ ევროპელებს.

უნგრული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ გატი თავის ახლახან გამოქვენებულ გამოკვლევაში აკრიტიკებს უნგრეთის მიმართ შეერთებული შტატების მაშინდელ პოლიტიკას.

[გატის ხმა] "დღეს სხვა ვითარებაა. დღევანდელ მსოფლიოში აღარ არის ძალთა წონასწორობა. ეს არის სხვა გეოპოლიტიკური შინაარსის სამყარო და, ამდენად, თავისუფლებისკენ სწრაფვა ბევრად უფრო მეტად არის შესაძლებელი, ვიდრე ეს იყო მაშინ, საბჭოთა კავშირის ჩრდილქვეშ. 1956 წლის ნამდვილი გაკვეთილი კი ასე ჟღერს: ნუ გასცემ იმაზე მეტ დაპირებას, ვიდრე შეგიძლია შეასრულო. ხალხს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვუთხრათ, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი შეიძლება იყოს, თუკი მის დახმარებას ვაპირებთ."

ორშაბათს უნგრეთში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩავიდნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები ბუდაპეშტში საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG