Accessibility links

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეულში ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთი ქალაქია


გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ბლეკსმითის კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელიც 1999 წელს ნიუ იორკში შეიქმნა, ამ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა

ეკოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოში ათი ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სია. საინტერესოა, რომ ამ არცთუ სახარბიელო სიაში შესული ქალაქებიდან ხუთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარეობს, მათ შორის სამი - რუსეთში.

ბლეკსმითის ინსტიტუტის სიაში შეტანილ ათივე დასახლებულ პუნქტში ჰაერში ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველობის დონე მნიშვნელოვნად სცდება არა მარტო საერთაშორისოდ დადგენილ ყველა ნორმას, არამედ გაცილებით უფრო "ლოიალურ" ადგილობრივ ნორმებსაც. გასაკვირი არ არის, რომ სხვებზე მეტად სწორედ ამ ქალაქების მოსახლეობას აწუხებს ათასგვარი დაავადებები.

აი, როგორ აღწერს რუსეთის ქალაქ ნორილსკს რიჩარდ ფულერი, ბლეკსმითის ინსტიტუტის დირექტორი:

[რიჩარდ ფულერის ხმა] "დაბინძურების კონტროლი ქალაქში თითქმის არ ხორციელდება. მთელი ქალაქი რომ მოიარო, ქალაქიდან 15-20 კილომეტრითაც რომ გახვიდე, გზად ერთი ხეც არ შეგხვდება, თავი მთვარეზე გეგონება. ხეები ლითონის სადნობი ღუმელების მუშაობის შედეგად განადგურდა."

როგორც რიჩარდ ფულერი ამბობს, ჩრდილოეთ ციმბირში მდებარე ამ ქალაქში ზოგჯერ შავად თოვს, ხოლო ჰაერში მუდამ გოგირდის სუნი ტრიალებს. ნორილსკში მსოფლიოში უდიდესი ნიკელის საწარმო მდებარეობს. ამ ქარხნის მუშათა სიცოცხლის ხანგრძლივობა რუსეთში ყველაზე დაბალია. ოფიციალური მონაცემებით, მამაკაცებისთვის იგი საშუალოდ 42 წელს შეადგენს, მაგრამ ექსპერტთა მტკიცებით, სინამდვილეში ეს ციფრი 4-5 წლით დაბალია.

ნორილსკიდან 3000 კილომეტრის დაშორებით, იმავე რუსეთში, მდებარეობს ქალაქი ძერჟინსკი. მდინარე ვოლგაზე გაშენებული ეს ქალაქი არანაკლებ დაბინძურებულია, თუმცა ამის მიზეზია არა ლითონის მწარმოებელი ქარხნები, არამედ საბჭოთა პერიოდისდროინდელი ქიმიური იარაღის საწარმოები.

[რიჩარდ ფულერის ხმა] "ეს არის ადგილი, სადაც - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით - ახალშობილთა 70 პროცენტზე მეტს ესა თუ ის თანდაყოლილი დეფექტი აღენიშნება. ქალაქში არის უბნები, სადაც თვალები ისე გეწვის, თვალდაუხუჭავად ვერ გაივლი: იქაურობა ბინძური ჭაობებით არის სავსე."

ნორილსკთან ან ძერჟინსკთან შედარებით, ყირგიზეთის ქალაქი მაილუ-სუუ, სადაც საბჭოთა პერიოდში ურანის საწარმო მოქმედებდა, გაცილებით პატარაა - ქალაქის მოსახლეობა სულ 23 ათასს შეადგენს. მაგრამ მუდმივ საფრთხეში უწევს ცხოვრება ახლო-მახლო ქალაქებისა თუ სოფლების მოსახლეობასაც, რადგან...

[რიჩარდ ფულერის ხმა] "ეს მიწისძვრების ზონაა და არსებობს საშიშროება, რომ ბირთვული საწვავის ნარჩენები მდინარეში ჩააღწევს. შემდეგ კი წყლით დაბლობამდე ჩავა - ყირგიზეთის იმ რაიონებში, სადაც ორმილიონნახევარი კაცი ცხოვრობს."

ბლეკსმითის ინსტიტუტის დირექტორი რიჩარდ ფულერი დასძენს, რომ კიბოს დაავადებები მაილუ-სუუში, ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო ხშირია.

ნორილსკის, ძერჟინსკისა და მაილუ-სუუს გარდა, მსოფლიოს ათი ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სიაში შევიდნენ: ჩერნობილი (უკრაინა), ჰაინა (დომინიკელთა რესპუბლიკა), კაბვე (ზამბია), ლა ოროია (პერუ), ლინფენი (ჩინეთი), რანიპეტი (ინდოეთი) და რუდნაია პრისტანი (რუსეთი). შეგახსენებთ, ეს სია ნიუ იორკში მოქმედმა ბლეკსმითის ინსტიტუტმა შეადგინა. ეს ინსტიტუტი ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG