Accessibility links

logo-print

შეიძლება თუ არა, კოსოვოს მაგალითი პანდორას ყუთად იქცეს?


ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორის ხავიერ სოლანას განცხადებამ,

რომ კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის შესაძლო მინიჭება, გამორიცხული არ არის, პრეცედენტად იქცეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის. რამდენიმე თვით ადრე დაახლოებით ასეთივე მოსაზრება გამოთქვეს კრემლის მესვეურებმაც. მაინც, რა სახის პრეცედენტზეა საუბარი? შეიძლება თუ არა, კოსოვოს მაგალითი მართლაც იქცეს პანდორას ყუთად?

დღეს, რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მანამდე არაერთხელ ნათქვამი, რომ კოსოვოს მოსალოდნელი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "საერთაშორისო სამართალში არის გარკვეული წინააღმდეგობები. ერთი მხრივ, საუბარია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე (და რუსეთი ამ პრინციპის მომხრეა, ცხადია, საქართველოსთან მიმართებითაც, და სხვა ქვეყნების მიმართებითაც). ამასთანავე, საერთაშორისო სამართალში არის ასეთი ცნებაც: "ერის თვითგამორკვევის უფლება". ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ. რაღა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალს საერთაშორისო პრეცედენტებს, მათ შორის კოსოვოსაც."

რუსეთის ლიდერის ამ ნათქვამში ახალი არაფერია. კოსოვოს მაგალითზე ვლადიმირ პუტინს აქამდეც ბევრჯერ უსაუბრია. მაგრამ რაც უფრო ახლოვდება კოსოვოს სტატუსის შესახებ გაეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება (ეს კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოხდეს), მით უფრო ხშირია კოსოვს ხსენება სხვადასხვა ტრიბუნიდან.

საერთოდ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლას ხშირად ამსგავსებენ საბჭოთა კავშირისას. 1991 წელს, დასავლელი პოლიტიკოსები თვალს ვერ უსწორებდნენ არსებულ რეალობას და არ სურდათ სლოვენიისა და ხორვატიის დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან შიშობდნენ, რომ ეს სერიოზულ გავლენას მოახდენდა საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებზე. კერძოდ, ბევრი ფიქრობდა, ვაითუ საბჭოთა კავშირის დაშლამ ერთმანეთზე გადაკიდებული მინი-სახელმწიფოები წარმოშვას და ევრაზიის მნიშვნელოვანი ნაწილი ქაოსში გაახვიოსო.

დღეს, იმ მოვლენებიდან 15 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ავადსახსენებელი მემკვიდრეობა კვლავინდებურად ქმნის პრობლემებს. კოსოვო სერბიისგან თავისი დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება, რაც - სერბია-ჩერნოგორიის ორ ქვეყნად გაყოფის შემდეგ - როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა.

მოუგვარებელი სეპარატისტული კონფლიქტებია საქართველოში, მოლდავეთში, აგრეთვე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო. რამდენად შეიძლება პარალელის გავლება კოსოვოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის "გაყინულ კონფლიქტებს" შორის?

ძირითადი პრინციპები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ კოსოვოს სწრაფვას ზურგს უმაგრებს, არის ერის თვითგამორკვევა და ტერიტორიის მართვა უმრავლესობის მიერ. ამ პრინციპებზე ხალისით საუბრობენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, კოსოვოს კონტექსტში აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთისა თუ დნესტრისპირეთის კონფლიქტები ახსენონ.

ჯერ კიდევ მაისში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი ამბობდა, რომ კოსოვოს პრეცედენტს სიღრმისეული შედეგები მოჰყვება ბევრი სხვა კონფლიქტური სიტუაციისთვის.

[კონსტანტინ კოსაჩოვის ხმა] "სერბიისა და ჩერნოგორიის გაყრა ამ თვალსაზრისით პრეცედენტს არ ქმნის, რადგან საბოლოო ანგარიშით, იგი ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე ხდება. მაგრამ თუ დამოუკიდებლობას კოსოვო მოიპოვებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ომისშემდგომი ევროპის ისტორიაში, როცა სახელმწიფო საზღვრის შეცვლა ამ კონკრეტული სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სერბიის, თანხმობის გარეშე ხდება. ეს დიახაც გახდება პრეცედენტი, რომელსაც სიღრმისეული შედეგები მოჰყვება ბევრ სხვა კონფლიქტურ სიტუაციაში."

მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, პარალელებზე საუბარი მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეიძლება. საკმარისია ითქვას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული "გაყინული კონფლიქტების" არც ერთ მონაწილეს არ ჰქონია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმგვარი სტატუსი, როგორიც კოსოვოს ჰქონდა იუგოსლავიის შემადგენლობაში.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, რუსეთს ძალიან გაუჭირდება "გაყინული კონფლიქტების" საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვება. გავიხსენოთ თუნდაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დენიელ ფრიდის ამასწინანდელი განცხადება, რომელიც მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

[დენიელ ფრიდის ხმა] "ე.წ. პარალელი კოსოვოსთან ისტორიული შეცდომაა. კოსოვოს შემთხვევა არც ერთი ვითარებისთვის არ გამოდგება პრეცედენტად. ის უნიკალურია. გაეროს უშიშროების საბჭომ ახლახან კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და ეს “ახლახან” გასულ პარასკევს იყო."
XS
SM
MD
LG