Accessibility links

logo-print

გარემოს დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ დედამიწის რესურსები იწურება


დღეს აღარავის აკვირვებს ცნობა, რომ დედამიწის მოსახლეობის მიერ პლანეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

მაგრამ ახლა დადგა ეტაპი, როდესაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, იგივე WWF-ი, გვაფრთხილებს, რომ თუ ადამიანი ცხოვრების წესს არ შეიცვლის, გლობალური რესურსების ამოწურვა გარდაუვალი გახდება. დავით კაკაბაძეს მოუსმინეთ.

21-ე საუკუნის 50-იან წლებში პლანეტის მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა ორჯერ მეტი იქნება იმასთან შედარებით, რისი რეპროდუქციის უნარიც შესწევს დედამიწას. ასეთია ის შემაშფოთებელი დასკვნა, რომელსაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 2006 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

ამ საკითხზე სასაუბროდ რადიო "თავისუფლება" დაუკავშირდა რიჩარდ მოტს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო პოლიტიკის დარგში. მოტის თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი იკვლევს, როგორ და რამდენად შეუძლია დედამიწას ადამიანის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების განახლება.

ეს რესურსები მოიცავს წყალს, ხე-ტყისა და სამიწათმოქმედო პროდუქტებს, თევზს. რიჩარდ მოტის აზრით, იმ ინტენსივობის გათვალისწინებით, რომლითაც ადამიანი რესურსებს ამჟამად იყენებს, 50 წლის შემდეგ დედამიწა ვეღარ შეძლებს ბუნებრივ რესურსებზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

[რიჩარდ მოტის ხმა]: 102491"ჩვენ, რეალურად, იმაზე თითქმის ორჯერ მეტ რაოდენობას ვიყენებთ, ვიდრე დედამიწას შეუძლია, გამოიმუშავოს. ეს ვითარება ეკონომიკური მეტაფორით რომ განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერთობლივი საბანკო ანგარიშიდან იმაზე მეტი შემოსავალი გაგვაქვს, ვიდრე ანგარიშს შეუძლია, გამოგვიყოს. თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი."

რიჩარდ მოტი აღნიშნავს, რომ 2050 წლამდე მოცდა სულაც არ დაგვჭირდება იმის დასანახად, რომ რესურსები იწურება. მისი თქმით, დღესაც ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ბუნებრივ რესურსებს მომჭირნედ არ ვექცევით.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანახმად, 1961-დან 2003 წლამდე დედამიწის მოსახლეობამ სამჯერ და კიდევ მეტჯერ გაზარდა ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობა. და თუ ადამიანმა მადა არ დაიოკა, შედეგი კაცობრიობისთვის სავალალო იქნება.

შესაბამისად, ანგარიშის შემდგენელთა აზრით, ცხოვრების წესის შეცვლაზე ფიქრი დღესვე უნდა დავიწყოთ. თანაც, როგორც ფონდის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, სულაც არ არის საუბარი მსხვილმასშტაბიან და რადიკალურ ცვლილებებზე - საკმარისია, ყოველმა ჩვენგანმა მცირე, ნაკლებად მტკივნეული ცვლილებებით დაიწყოს.

[რიჩარდ მოტის ხმა]: 102493 "მაგალითად, უფრო მომჭირნედ ვიხმაროთ სასმელი წყალი. შევიძინოთ ავტომანქანები, რომლებიც შედარებით ნაკლებ საწვავს ხარჯავს; უკეთ ვიმუშაოთ ქალაქდაგეგმარების სფეროში, რომ კაცი სამსახურთან ახლოს ცხოვრობდეს; უფრო კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ენერგეტიკის კუთხით გავამკაცროთ სამშენებლო ნორმები; ენერგომატარებლების სიაში მეტად შევიტანოთ განახლებადი წყაროები; უფრო ეფექტიანი გავხადოთ ნარჩენების გადამუშავება. ეს არის სამუშაო, რომელიც ყველგან უნდა შესრულდეს - ყველა კულტურაში, ყველა ეკონომიკურ სისტემაში, ყველა ქვეყანაში."

ანგარიშს, რომელსაც "ცოცხალი პლანეტა" ჰქვია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 23 ოქტომბერს, პეკინში გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, 1961-დან 2003 წლამდე დედამიწაზე დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა რიცხვი. წყალში ბინადარი სახეობების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი თითქმის ერთ მეოთხედს აღწევს.
XS
SM
MD
LG