Accessibility links

logo-print

საღინაძის საქმე – დეტექტიური სერიალი, ახალი პერსონაჟებით


სოხუმიდან დევნილ გამომძიებელ ბათალბი (იმავე ბათუ) საღინაძეზე

თითქმის წელიწად-ნახევრის წინ მოგითხრობდით, როცა მან ჟურნალისტებს მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული დევნის შესახებ უამბო და ამ დევნის - კერძოდ, მისი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლების - გამო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. საღინაძე დევნის საფუძვლად ასახელებდა იმას, რომ ლევან კალაძის გატაცების საქმის ძიებისას ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე “გავიდა” და რომ მისი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნა და ძიებაში მონაწილეობა ზოგიერთ მაღალჩინოსანს ხელს აღარ აძლევდა. ეს იყო 2005 წლის 24 ივნისი. ერთ წელიწადში, 2006 წლის 4 ივნისს, ბათალბი საღინაძე დააკავეს. გუშინ კი მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დაიწყო საინტერესოდ, რადგან მოწმემ, რომლის ჩვენებაც საღინაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გახდა, სასამართლოზე წინასწარი ჩვენება შეცვალა და არაერთი საინტერესო დეტალი გამოკვეთა. მინდა გიამბოთ სასამართლოს სხდომის შესახებ, რომელიც გუშინ საღამოს მოწმის შეუძლოდ გახდომის გამო შეწყდა.

ვიდრე სხდომა განახლდება, საღინაძის ადვოკატები შიშობენ, რომ მთავარი მოწმე - ვლადიმირ მურავიოვი - 24 ოქტომბრის ჩვენებას შეცვლის. უფრო ზუსტად კი – შეაცვლევინებენ, რადგან ის, რაც მან თქვა, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ბათალბი საღინაძის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას:

[ადვოკატ ნიკოლაიშვილის ხმა]
“შეიძლება ამას დაუწყონ დამუშავება იქ და ეგ არის ძალიან სახიფათო. შევხედავთ მომავალ ჩვენებაზე – თუ გადათქვა დღევანდელი ნათქვამები, ესე იგი დამუშავებულია.”

მოწმის ჩვენებებსა და სასამართლო გამოძიების შედეგებს საბოლოოდ შეაჯამებს მოსამართლე, რომელმაც სამშაბათის სხდომაზე საშუალება მისცა განსასჯელი საღინაძის ადვოკატებს, თითქმის ბოლომდე მიეყვანათ მურავიოვის დაკითხვა. მოსამართლე შორენა გუნცაძემ არ დააკმაყოფილა პროტესტი ბრალდებისა, რომელიც ადვოკატთა მიერ მურავიოვის დაკითხვის შეწყვეტას მოითხოვდა იმ მოტივით, რომ მათი შეკითხვები საქმესთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

დაახლოებით სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ ვლადიმირ მურავიოვმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ათწუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგაც მოწმემ თქვა, რომ თავს სუსტად გრძნობდა და ჩვენების მიცემას ვეღარ შეძლებდა, რის გამოც გამოდის, რომ მურავიოვისთვის კითხვების დასმა ბრალდების მხარემ სამშაბათის სხდომაზე ვერ მოახერხა. სხდომა 1 ნოემბერს ორ საათზე განახლდება. სხდომაზე დამსწრე ბრალმდებელმა საქმის დასრულებამდე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ბრალდების მტკიცებით, ბათუ საღინაძემ, მურავიოვზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ხელოვნურად შექმნა ინფორმაცია სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში, ლევან კალაძის შესაძლო ყოფნის შესახებ და რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ვახტანგ ბიბლაიას დაავალა მურავიოვისგან ჩვენების გამოძალვა. ბიბლაიამ, რომელიც ამ საქმეში მეორე განსასჯელი გახლავთ, აღიარა დანაშაული და მას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეეფარდა. გირაოზე უარი ეთქვა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საღინაძეს, რომელიც თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს. საღინაძეს ბრალად ედება: მოტყუებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით ჩვენების მიცემის იძულების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის, დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და გადამალვის ფაქტებზე. განსასჯელმა საღინაძემ სასამართლოს განუცხადა:

[საღინაძის ხმა]
“არავითარი კანონი არ დამირღვევია არც იურიდიული, არც ზნეობრივი. ვიყავი და ვარ უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალი მაძებარი, აკადემიური განათლებით. და პრაქტიკაში მე ეს დამიმტკიცებია 50 წლის მანძილზე და ამიტომ მთხოვეს (პრეზიდენტი მე მიცნობდა კონკრეტული საქმეებიდან) გამოვსულიყავი და მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. მე მაშინვე ვიცოდი, რომ შეიძლება მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ამას თქვენ, პატივცემულო მოსამართლევ, ნახავთ არა მარტო იმ შეთითხნილი საქმისთვის, არამედ თუ თქვენ ინებებთ და გაერკვევით ჭეშმარიტად რა მოხდა.”(სტილი დაცულია)

ჭეშმარიტად რა მოხდა, სწორედ ახლა დგინდება. ამისათვის საღინაძე მოსამართლეს ოპერატიულ-საძიებო საიდუმლო მასალების და მის მიერ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის სახელზე დაწერილი პატაკების ნახვასაც სთხოვს. მურავიოვის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას რაც შეეხება: 24 ოქტომბრის სხდომაზე მან განაცხადა, რომ საღინაძე სულ ორჯერ ჰყავს ნანახი - ერთხელ ადრე, სოხუმში, მეორედ კი 2004 წელს საღინაძისავე კაბინეტში, სადაც განსასჯელმა საღინაძემ მას მხოლოდ ის უთხრა, რომ სიმართლე უნდა ელაპარაკა. მურავიოვმა სხდომაზე გამოთქვა გაოცება იმის გამო, რომ დარბაზში არ ისხდნენ ისინი, ვინც მას ჩვენების გამოძალვის მიზნით აწამებდა. და კიდევ, მოწმე-დაზარალებული მურავიოვი აცხადებს, რომ მას ლევან კალაძე აფრასიძეების ოჯახში მართლაც არ უნახავს. მურავიოვს იმ პირთა შორის, ვინც მას აწამებდა და ლევან კალაძის საფლავის შესახებ მცდარი ჩვენების იძულებით მიცემას სთხოვდა, ბათალბი საღინაძე არ დაუსახელებია. მოწმემ აგრეთვე განაცხადა, რომ საღინაძის დაკავებისა და მისი – მურავიოვის - დაზარალებულად ცნობის შესახებ მას იზოლატორში შეატყობინეს.

თავის დროზე ბათუ საღინაძემ საქართველოში არსებული კრიმინალური ვითარება კინოს შეადარა:

[საღინაძის ხმა]
“იცით, რა არის: კინოს ხომ ნახულობთ, ახალგაზრდები ხართ, ამ კრიმინალურ სამყაროზე. რაც გინახავთ, იმაზე უარესია საქართველოში. არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ ყველანი ცუდები ვართ საქართველოში. საქართველოს დამნაშავეთა სამყაროს საქართველოს სისტემაში მომუშავე პოლიციელები ეყოფა, ერთ მეხუთედად რომ შეამცირონ და წესიერები რომ დატოვონ.”(სტილი დაცულია)

რადიო “თავისუფლება” მომავალშიც მიადევნებს თვალს საღინაძის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს.
XS
SM
MD
LG