Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა „ცივი ომის“ რეჟიმში ვითარდება


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ ნომერ პირველ თემად რჩება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების დევნისა და შევიწროების ფაქტებს, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, საზოგადოების წარმომადგენლებიც ეხმიანებიან. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რუსეთისა და მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიების ლიდერები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული რასისტული პოლიტიკის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობას გვერდი ვერ აუარა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც, რომელიც 25 ოქტომბერს რუსული არხების პირდაპირ ეთერში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.

რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაცია გრძელდება, თუმცა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საშოვარზე წასულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით უწევთ დაბრუნება. უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლება, ეთნიკური ქართველების გარდა, არც საკუთარი ქვეყნის იმ მოქალაქეებს სწყალობს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ. თბილისში მცხოვრები გარი არუთუნოვის კომენტარი:

[გარი არუთუნოვის ხმა] „ჩემი ქვისლი, რუსეთის მოქალაქე, იყო დაკავებული მოსკოვში მხოლოდ იმის გამო, რომ დაბადებულია თბილისში. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნამდვილად ჰგავს ფაშიზმს..“

გარი არუთუნოვი ბაპტისტური ეკლესიის პასტორია. ის და საქართველოში მოქმედი სხვა კონფესიების წარმომადგენლები ხელს აწერენ მიმართვას, რომლის ადრესატები რუსეთისა და მსოფლიოს რელიგიათა ლიდერები არიან. მიმართვის ტექსტი ომბუდსმენის ოფისთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მოამზადა და მის სულისკვეთებას სავსებით იზიარებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი:

[სოზარ სუბარის ხმა] „სადღაც ერთ ადამიანს რომ დევნიან მისი წარმომავლობის გამო, ეს ნიშნავს, რომ სანქცია გაცემულია დევნაზე და შედეგი, თუ ეს ყველაფერი არ გაჩერდა, იქნება ის, რაც მოხდა გერმანიაში, ანუ ადამიანებს აქცევენ საპნად ანდა მათი ტყავისგან შეკერავენ ხელთათმანებს. თუმცა იმედია, რომ ასეთი რამ არ მოხდება.“

რუსეთში კი, საქართველოსაგან განსხვავებით, არ ფიქრობენ, რომ ვითარება საგანგაშოა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასთან ურთიერთობისას განაცხადა, რომ რუსეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით არ ხორციელდება:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] „საქართველოს შემთხვევამ, უბრალოდ, ყურადღება მიიპყრო, რადან ურთიერთობა განსაკუთრებით მწვავე ხასიათისაა. რაც შეეხება გაძევებას რუსეთიდან მიგრაციის კანონების დარღვევის გამო, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთი ქვეყნის 15 ათას 300 მოქალაქე იქნა გაძევებული, მეორე ქვეყნის - 13 ათას 400 მოქალაქე, საქართველოსი კი - 5 ათასი მოქალაქე. განსხვავებას ამჩნევთ? ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ეს შერჩევით ხდება, არასწორია და არ არის მართალი.“

პუტინი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაფუჭების მთავარ მიზეზს, რაც, მისი თქმით, არ უკავშირდება საქართველოს სწრაფვას გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] „საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაფუჭება უკავშირდება სწორედ ამას: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ძალისმიერი მოგვარების მცდელობას ან საამისოდ მზადებას. ჩვენს მოქმედებას განაპირობებს მხოლოდ ერთი რამ: მისწრაფება აღვკვეთოთ სისხლის ღვრა.“

რუსეთის პრეზიდენტმა უკომენტაროდ არც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთა ლიდერების ის მიმართვები დატოვა, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვენ. ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა, არ ესწრაფვის ტერიტორიის გაფართოებას, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, გარკვეულწილად, კოსოვოს პრობლემის გადაწვეტაზეა მიბმული:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] „საერთაშორისო სამართალში გარკვეული წინააღმდეგობებია. ერთი მხრივ, ლაპარაკია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე და რუსეთი ამ პრინციპს, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართებაშიც იცავს, მაგრამ საერთაშორისო სამართალში ერთა თვითგამორკვევის ცნებაც არსებობს. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, ჩვენ ვითარებიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით საერთაშორისო პრეცედენტებს - მათ შორის, კოსოვოს პრეცედენტსაც.“

რუსეთის ხელისუფლების ამ და სხვა განცხადებებისა თუ ქმედებების პასუხად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას - განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებას - მოქმედებათა გეგმის განხილვას სთხოვენ. დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძის კომენტარი:
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „ყველანი ვამბობთ, რომ ამის იქით მხოლოდ საომარი მოქმედებებია, დიალოგის რესურსი არ ჩანს და ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რა პერსპექტივა გველოდება, როგორია საერთაშორისო საზოგადოების განწყობა, იმიტომ რომ ეს არ არის ის საკითხები, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების კულუარებში გამოიკეტოს და საზოგადოებამ ამის თაობაზე არ იცოდეს.“
ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხებს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში, რომელიც 1-2 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება. გელა ბეჟუაშვილი და სერგეი ლავროვი უკვე შეთანხმდნენ, რომ ვიზიტის დროს ერთმანეთს ცალკეც შეხვდებიან.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „ის, რაც დღეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ხდება, მიუღებელია ჩვენთვის. ბუნებრივია, აქ არის საკითხები, რომელთაც ჩვენ მწვავედ დავაყენებთ, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG