Accessibility links

logo-print

ოლგა ალიონოვა: "მოსკოვში შეიარაღებული კონფლიქტისთვისაც ემზადებიან" - ინტერვიუ გაზეთ "კომერსანტის" კორესპონდენტთან


ბოლო ორი კვირის მანძილზე რუსეთის გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა თავისი კორესპონდენტის ოლგა ალიონოვას რამდენიმე რეპორტაჟი

და ინტერვიუ საქართველოს თემაზე, კერძოდ კი რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის პრობლემატიკაზე. ამ პუბლიკაციებს რუსეთის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: თუ ერთნი ჟურნალისტს მადლობას უხდიან მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებისთვის, მეორენი მას არაობიექტურობაში და ქართველების მიმართ გაუმართლებელ სიმპათიაში ადანაშაულებენ (სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე ალიონოვა ერის მოღალატედაც კი გამოაცხადეს). თბილისში მივლინების შემდეგ "კომერსანტის" კორესპონდენტი ჩეხეთის დედაქალაქში ჩავიდა და რადიო "თავისუფლების" შტაბ-ბინასაც ესტუმრა. დავით კაკაბაძემ მოსკოველი კოლეგა სტუდიაში მიიწვია და ჯერ საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

ოლგა ალიონოვა: თბილისში რომ მივდიოდი, ცოტა არ იყოს, მეშინოდა. ვფიქრობდი, რუსეთში ქართველებს ასე ექცევიან და ალბათ საქართველოშიც შეიცვლებოდა რუსების მიმართ დამოკიდებულება-მეთქი. მართალია, იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს მაინც ვგრძნობდი. პირველი სასიამოვნო სიურპრიზი ბაქო-თბილისის მატარებელში მელოდა: შემოვიდა მესაზღვრე და პასპორტი რომ გამომართვა, მეკითხება: კი მაგრამ, საქართველოში ჩასვლა არ გეშინიათო? გამოვუტყდი, ცოტა კი მეშინია, მაგრამ მაინც გავბედე-მეთქი. მან კი გამიღიმა და მითხრა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" არადა, ჩემთან ერთად მგზავრობდა მოსკოვიდან დეპორტირებული ქართველი, რომელსაც იმავე მესაზღვრემ ჰკითხა: რუსეთის ვიზა წევრიგში გაქვს და რატომ გამოგაგდესო. იმ ჩემმა თანამგზავრმაც არ დაუმალა: ქართველი რომ ვარ, იმიტომო. და აი, ამის შემდეგ, იგივე მესაზღვრე ასე კეთილად მექცევა მე, რუსს. მოგვიანებით, უკვე თბილისში ჩასულს, არაერთხელ მომეცა საშუალება დავრწმუნებულიყავი, რომ უბრალო ხალხი - ტაქსისტები, ბაზარში მოვაჭრეები და სხვები - დღესაც ისევე კეთილგანწყობილია, როგორც უწინ. ყველა მიღიმოდა, თბილად მესაუბრებოდა, ნეტავ ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდესო... ძალაუნებურად გავიფიქრე, ნეტავ რას ისმენს ქართველი, რომელიც მოსკოვში ტაქსით მგზავრობს-მეთქი...

რ.თ.: ნუთუ ყველა რუსი ასე უარყოფითად არის განწყობილი ქართველების მიმართ?

ოლგა ალიონოვა: არა, რა თქმა უნდა, ყველა არა. მაგრამ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, მათი უმრავლესობა, ვინც მეტროთი მგზავრობს, მსჯელობს მარტო იმით, რასაც ტელევიზორით უჩვენებენ. ტელევიზორით კი მხოლოდ ერთს გაიგონებთ: ქართველები ცუდები არიან, ბანდიტები არიან, კაზინოები აქვთ და კანონს არღვევენ და ა.შ. ამ აზრს ხალხს თავს ახვევენ და მასაც სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან. ასეთია უმრავლესობა. რადგან პირველი და მეორე ტელეარხები რუსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ფარავს. სხვა საქმეა ინტელიგენცია, ჟურნალისტები...

რ.თ.: კი მაგრამ, ტელევიზიაში განა ჟურნალისტები არ მუშაობენ?

ოლგა ალიონოვა: რა თქმა უნდა მუშაობენ, მაგრამ რაკი ლამის მთელი ტელევიზია კრემლის სამსახურში დგას - ეს ხუთიდან ოთხ ეროვნულ ტელეარხზე ითქმის - მისი თანამშრომლები თავს სითამამის უფლებას ვერ მისცემენ. კიდეც რომ ესმოდეთ, რომ ქვეყნიდან ეროვნული ნიშნით ხალხის გაყრა ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია, ამას ვერც თავიანთ რეპორტაჟებში იტყვიან და ვერც სიტუაციის შეფასებისას. იტყვიან და სამსახურსაც დაკარგავენ.

რ.თ.: ბეჭდურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე რას იტყვით? "კომერსანტის", რომელშიც თქვენ მუშაობთ, "ნოვაია გაზეტასა" და კიდევ ერთი-ორი გამოცემის გარდა, დამოუკიდებელი პოზიციით დიდად არც გაზეთები გამოირჩევიან.

ოლგა ალიონოვა: ტელევიზიასთან შედარებით გაზეთებში მაინც განსხვავებული ვითარებაა. ის გაზეთებიც კი, რომლებიც მთავრობის მხარდამჭერებად ითვლებიან - მაგალითად, "იზვესტია" - წერენ, რომ ის, რაც დღეს ხდება, თავად რუსეთის საზოგადოებისთვის არის სახიფათო; რომ ნაციონალიზმი დამანგრეველია. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაზეთებს მხოლოდ მსხვილ ქალაქებში თუ კითხულობენ, და ისიც მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი. ჩვენი აუდიტორია მხოლოდ 5-10 პროცენტს შეადგენს.

რ.თ.: ოლგა, "კომერსანტში" გამოქვეყნებული ერთ-ერთ ბოლო სტატიაში თქვენ არ გამორიცხავთ სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობას. რა გაძლევთ ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს?

ოლგა ალიონოვა: ყოველივე იმის ანალიზი, რაც ახლა ხდება. როცა ერთი ქვეყანა მეორიდან ელჩს გაიხმობს, როცა თავისი მოქალაქეების ევაკუაციას ახდენს და თავის მოსახლეობას უჩიჩინებს, საქართველო სახიფათო ქვეყანააო, კრიმინალური ქვეყანააო, თითქოს სურს თავისი მოსახლეობა ძალოვანი დაპირისრირებისთვის შეამზადოს: აქაოდა, თუ საქმე მართლაც ომამდე მივიდა, თქვენ მხარი უნდა დაგვიჭიროთო. ასე ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სამხრეთ ოსეთში მალე რეფერენდუმი გაიმართება და რუსეთი მას უეჭველად საკუთარი მიზნით გამოიყენებს: თუ, რა თქმა უნდა, მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები გონს არ მოეგებიან. ის არაერთი სამხედრო წვრთნა, რომელიც ბოლო ხანს 58-ე არმიამ განახორციელა როკის გვირაბის სიახლოვეს, იმაზე მეტყველებს, რომ ამ არმიას როკის გვირაბით გადაადგილებისთვისაც ამზადებენ. გადახედეთ, რას წერენ სხვადასხვა გაზეთში რუსი სამხედრო ექსპერტები და დაინახავთ: ყველა ჯიუტად ერთს გაიძახის: აი, ნახავთ, სამხრეთი ოსეთის რეფერენდუმის დროს საქართველო აუცილებლად შექმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მოხდება რაღაც ისეთი, რაშიც აუცილებელი გახდება რუსეთის ჩარევა - თუნდაც საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ლაპარაკობენ ჯარების შეყვანაზე ან სამხრეთი ოსეთის აღიარებაზე ან რაღაც ამგვარზე. ყოველივე ამის ანალიზი და შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებთან, რომლებიც სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარებას ერთხმად გამორიცხავენ, საფუძველს მაძლევს დავასკვნა, რომ რუსეთში შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადების ვარიანტზეც მუშაობენ. ახლა, ანტიქართული კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის თავზე, თანდათან გამოჩნდა ხალხი - მათ შორის, ცნობილი ადამიანები - ვინც ხმა აღიმაღლა საქართველოს მხარდასაჭერად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ერთ რამეს გაიგებენ: ანტიქართული პოლიტიკის დაგმობისა და გაკიცხვის ხარისხი რუსეთის საზოგადოებაში თანდათან გაიზრდება. და თუ დღეს მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, "აბა როგორ, საქართველოს ყური უნდა ავუწიოთო", ორ-სამ კვირაში ეს პროცენტი ორჯერ ან სამჯერ შემცირდება. გაიხსენეთ, რა მოხდა ისრაელში, ლიბანთან ომის დროს. იმედი მაქვს, რომ სამხედრო ანალიტიკოსებიც და თვით გენერლებიც მიხვდებიან, რომ ომი ქვეყანას ჩიხში შეიყვანს.

რ.თ.: მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: ხვალ პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო აღარ ესწრაფის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და გეზს ისევ რუსეთზე იღებს. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველებისადმი?

ოლგა ალიონოვა: ქართველებისადმი შეიცვლება უდავოდ. როგორც კი ასეთი განცხადება გაკეთდება, ყველაფერი მაშინვე შეიცვლება. რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოსადმი, დარწმუნებული არა ვარ, რომ ცვლილება რადიკალური იქნება. არავის ეპარება ეჭვი, რომ პუტინსა და კრემლს ხელს არ აძლევს სააკაშვილი, მისი ფიგურა. თანაც, კრემლი, რომელიც მუდამ ცდილობს, მოვლენათა განვითარება წინასწარ გათვალოს, ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ერთ-ორ წელიწადში საქართველო ისევ არ გადაიფიქრებს. მაგრამ ერთი ფაქტია: ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა, აღარავინ ილაპარაკებდა სამხრეთი ოსეთისა თუ აფხაზეთის აღიარებაზე. მაგრამ რუსეთი არც იმაზე ზრუნვას დაიწყებდა, რომ საქართველოსთვის როგორმე ხელი შეეწყო ამ ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი ამ ვაჭრობაში ხურდა ფულივით არის: თუ თქვენ - ანუ საქართველო - ჩვენთან ერთად ხართ, მათ არ ვცნობთ, ამ საქმეს თვითონ მიხედეთო; მაგრამ თუ ჩვენთან ერთად არ ხართ, მაშინ, შეიძლება, ვცნოთ კიდეც და მაშინ შავი დღე დაგადგებათო. აი, ასეთი ვაჭრობა მიდის. ჩემი აზრით, აფხაზეთს რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ სცნობს, რადგან ეს ხელს არ აძლევს - ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სიძნელეების, აფხაზებისა და ადიღეელების ნათესაობისა და მათი დამაკავშირებელი სამთო გზების გათვალისწინებით. აი, სამხრეთ ოსეთზე კი სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს, გაჩაღებულია პოლემიკა. ისე კი, გეთანხმებით, ამ საკითხის საფასური ნატოში საქართველოს შესვლაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG