Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ქართველებსა და ოსებს შორის გასული საუკუნის 20-იან წლებში?


რუსეთის პრეზიდენტმა 25 ოქტომბერს, რუსული არხების პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ქართულ-ოსური კონფლიქტის განვითარების ისტორიაზეც გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა თქვა, კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს და ყველაფერი გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო, როცა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ოსების წინააღმდეგ სამი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარესო. პუტინის პასუხად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთის პრეზიდენტს ისტორიის ცოდნა და მრჩეველთა კვალიფიკაცია დაუწუნეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც დავინტერესდით იმით, თუ რა მოხდა თითქმის ერთი საუკუნის წინ. ვის და რატომ ებრძოდა საქართველოს ეროვნული გვარდია და რა მასშტაბის მსხვერპლი მოჰყვა მისი სარდლის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებს?

ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თბილისი სეპარატისტული რეგიონების დასათრგუნად სამხედრო ძალის გამოყენებას აპირებს. მისი მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოს ხალხს საქართველოს ხელისუფლებისგან სიმწარე ადრეც, გასული საუკუნის 20 წლებშიც, არაერთხელ უგემნია.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] „გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 1920 წელს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ოსი ხალხის წინააღმდეგ სამი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს. ეს ყველაფერი არის უმძიმესი ისტორია, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ეს ისტორია უნდა გვახსოვდეს, არ დავივიწყოთ და ზედმიწევნით ფრთხილად ვიმოქმედოთ.“

საინტერესოა, რა წყაროებს ეყრდნობოდა რუსეთის პრეზიდენტი, როცა ამ განცხადებას აკეთებდა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „პუტინს, როგორც ჩანს, ისტორიაში ცუდი მრჩევლები ჰყავს. რაც შეეხება 20-იანი წლების შეტაკებას, მე ვფიქრობ, ეს ამბავი მან სხვა წიგნში წაიკითხა, მას კი სხვა ურჩიეს... რაის დარბევები, კარგით, რა.“ (სტილი დაცულია)

დარბევებისა და სადამსჯელო ოპერაციების შესახებ არაფერი სმენიათ არც იმ თბილისელებს, რომლებსაც მე ალექსანდრეს ბაღში გამოველაპარაკე.

[მამაკაცის ხმა] „არა, არ გამიგია მე, იმიტომ რომ ოსები და ქართველები ადრე მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. თან, ადრე ოსები ცოტანი იყვნენ.“

[მამაკაცის ხმა] „ადრე მაგათთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. რაც რუსებს აჰყვნენ, მას მერე აირია ყველაფერი.“

[მამაკაცის ხმა] „ესე იგი, ვითომ ოსებს ჩვენ ვესხმოდით თავს და ვეომებოდით? პირიქით იყო ყველაფერი. აქეთ დაგვესხნენ თავს და ქსანიც აიღეს და ძეგვიც... ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ ხომ მისწავლია.“

მაინც რას და როგორც ასწავლიან ქართველი ისტორიკოსები მოსწავლეებსა და სტუდენტებს, როცა ისინი გასული საუკუნის 20-იან წლებს ეხებიან? ბონდო კუპატაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს იტორიის კათედრის თანამშრომელია.

[ბონდო კუპატაძის ხმა] „რუსეთი უსიტყვოდ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველმხრივ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც ქართველი ხალხისა და მიწის მიმართ ჰქონდა...“

ბატონი ბონდო რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ურთიერთცნობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვან მუხლს კითხულობს, თუმცა ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ სოციალისტური რუსეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მიუხედავად, მაინც ცდილობდა ყოფილი იმპერიის საზღვრების აღდგენას და ამ საქმეში მარჯვედ იყენებდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებსა და რუსეთიდან შემოგზავნილ ბოლშევიკებს.

[ბონდო კუპატაძის ხმა] „ამ მოძრაობას ჰქონდა სეპარატისტული მიდრეკილება, მონაწილეობდნენ, უმეტესწილად, ოსები და ამ ფაქტორს ძალიან მარჯვედ იყენებდა საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება. ანუ ეს იყო ცალსახად რუსეთისგან მართული ქმედება და სამგზის მოხდა აჯანყება: 1918 წლის მარტში, შემდეგ - 1919 წელს და შემდეგ მესამე ეტაპი იყო 1920 წლის მაის-ივნისში.“

სწორედ ეს უკანასკნელი, 1920 წლის მაისის აჯანყება, ჩაახშო საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული სისასტიკით, რასაც გვარდიის მაშინდელი სარდალი, ვალიკო ჯუღელი, მემუარული ტიპის ნაშრომ „მძიმე ჯვარშიც“ ადასტურებს. მაინც რა მოხდა შიდა ქართლში თითქმის 90 წლის წინ, 1920 წლის 17 მაისს? შევეცადე ეს კითხვა სეპარატისტებისთვისაც დამესვა.

[ბორის ჩოჩიევის ხმა] „მოგვიანებით, ერთ საათში დამირეკეთ.“

თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წევრმა ბორის ჩოჩიევმა ჩვენთვის ვერც ერთი საათის შემდეგ მოიცალა, თუმცა რუსული ინტერნეტსაიტებიდან შევიტყვე, რომ ქართველ გვარდიელებს 18 ათასი ადამიანი მოუკლავთ, 50 ათასი კი ლტოლვილად უქცევიათ. ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ ამ მონაცემებს ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვს საერთო, თუმცა არ უარყოფს, რომ სისასტიკეს მართლაც ჰქონდა ადგილი:

[ბონდო კუპატაძის ხმა] „იქ ნამდვილად იყო სისასტიკე, განსაკუთრებით დაარბიეს როკის მხარე, დაარბიეს ის სოფლები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ბოლშევიკებს. ასე რომ, ეს იყო წმინდა ანტიბოლშევიკური ოპერაცია. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის ოპერაციის დროს იყო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ამის თავიდან აცილება იქნებოდა ძალიან ძნელი.“

ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას გაუჭირდებოდა კავბიუროს მიერ ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობის შეჩერება, თუმცა სეპარატისტებს, საბოლოო ჯამში, აქტიურობა მაინც დაუფასდათ: გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლის 20 აპრილს, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG