Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პერსპექტივა აქვს ჩეხეთისა და საქართველოს ურთიერთობას?


ჩეხეთი, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა, საქართველოს დასავლეთით, მისგან საკმაოდ შორს,

რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ფაქტი არ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, რომელიც ბოლო დროს, კულტურულის გარდა, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებითაც გამყარდა. 28 ოქტომბერს მთელი ჩეხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს: 1918 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა, ხოლო პრეზიდენტის პირველ არჩევნებში ტომაშ მასარიკმა გაიმარჯვა. საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობას ერთგვარ დადებით იმპულსს სძენს ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის 88 წლისთავზე საქართველოს ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე პშემისლ სობოტკა ესტუმრა.

რა იციან თბილისელებმა ჩეხეთისა და ჩეხი ხალხის შესახებ? ბატონი გიორგი, რომელსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე, ამბობს, რომ ჩეხეთის ხსენებაზე, პირველ რიგში, თვალწინ უდგება კათხა ქაფქაფა ჩეხური ლუდისა, რომელიც საბჭოთა საქართველოში ძნელად იშოვებოდა:

[ბატონ გიორგის ხმა] „შემოდიოდა ჩეხური ლუდი, „ცეკავშირს“ შემოჰქონდა (კიტა შავიშვილის უწყება იყო ასეთი), ბიუროკრატიაზე ნაწილდებოდა ეს ყველაფერი და მიწერილობის გარეშე ვერ იშოვიდი. კოჯორთან იყო ცეკავშირის პატარა ბაზა, სადაც ნაცნობები მუშაობდნენ და საიდანაც მიწერილობით ვიღებდით ერთ-ორ ყუთ ლუდს. ბრწყინვალე ლუდი იყო, ბრწყინვალე!“

ბატონი გიორგი მეუბნება, რომ ჩეხეთში ტურისტადაა ნამყოფი. ძალიან მოეწონა პრაღა, ტელჩი და კუტნა ჰორა. რაც შეეხება ჩეხ ხალხს:

[ბატონ გიორგის ხმა] „საერთოდ, ნორმალური ხალხია, მაგრამ მე ვიყავი იმ დროს, როცა კომუნისტური წყობა იყო, ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებოდით და „რუსო ტურისტოს“ გვეძახოდნენ. ძალიან დაგვცინოდნენ. ჩვენ ვამტკიცებდით, არ ვართ რუსებიო, მაგრამ იმხანად საქართველო და რამე არ იცოდნენ.“(სტილი დაცულია)

თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დაიშალა საბჭოთა იმპერია, ჩეხეთი გათავისუფლდა უფროსი ძმის მეთვალყურეობისაგან, ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ასე რომ, ჩეხებს - მით უფრო ჩეხ პოლიტიკოსებს - უკვე აღარ ესწავლებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთის ნაწილი და რომ საქართველო რუსეთის გავლენისგან თავის დახსნას ცდილობს. მეტიც, ჩეხეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ოფიციალურ თბილისს, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის უთიერთობა დაიძაბა. სწორედ ჩეხეთის ინიციატივით მიიღო ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა სამიტმა რუსეთის პოლიტიკის დამგმობი განცხადება. თბილისში სტუმრად მყოფი ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე პშემისლ სობოტკაც რადიო “თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მეგობარი ქვეყნების დახმარების იმედი:

[პშემისლ სობოტკას ხმა] „ძალიან ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდება. გვინდა დახმარება აღმოგიჩინოთ ყველა დონეზე - პარლამენტის, სამინისტროებისა და ევროპული სტრუქტურების ჩათვლით. ჩვენი ეს დახმარება უკვე შევთავაზეთ ქართველ კოლეგებს.“


გრძნობენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები ჩეხი კოლეგების მხარდაჭერას? საქართველოს პარლამენტის წევრის თემურ ნერგაძის კომენტარი:

[თემურ ნერგაძის ხმა] „საქართველო ამ ურთიერთობიდან იღებს მორალურ მხარდაჭერას მაინც, ეკონომიკურს - ნაკლებად... ჩეხების მხარდაჭერა - იქნება ეს ევროსაბჭოში, ევროკავშირში, ნატოსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში - არის გამოკვეთილი და გამოკვეთილად კარგი.“

უნდა ითქვას, რომ, პოლიტიკურის გარდა, აღმავლობას განიცდის საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობაც. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის იმპორტ-ექსპორტის მოცულობამ 15 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც ერთიორად მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საქართველო- ჩეხეთის ურთიერთობას კეთილ მომავალს უწინასწარმეტყველებს ჩეხეთის სენატის თავმჯდომარეც:

[პშემისლ სობოტკას ხმა] „მე ვფიქრობ, პერსპექტივა დიდია და აქ ამიტომაც ვიმყოფებით. შემიძლია ერთ სიმბოლურ ფაქტს გავუსვა ხაზი: გერბში თქვენც ორი ლომი გაქვთ და ჩვენც. გარდა ამისა, ჩვენთვის სავსებით გასაგები და ნათელია, თუ რატომ აირჩია საქართველომ ევროპული სტრუქტურებისა და ნატოსკენ მიმავალი გზა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს დავუჭერთ საქართველოს.“

ცხადია, საქართველოს ჩეხეთთან ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკითა და ეკონომიკით არ შემოისაზღვრება.

[ისმის ბედრჟიხ სმეტანას მუსიკა]

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ ჩეხეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია კულტურათა გაცვლის თვალსაზრისითაც. და კიდევ: მისაღებია კულტურის ეფექტიანი მართვის ჩეხური გამოცდილება:

[გიგი თევზაძის ხმა] „კულტურის თვალსაზრისით, ვიღებთ უპირველეს ყოვლისა იმას, თუ როგორ უნდა გასწიოს სახელმწიფომ კულტურის მენეჯმენტი, როგორი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, როგორი პროგრამები უნდა განხორციელდეს კულტურის განვითარებისათვის - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ეს კულტურა არ იყოს ჩაკეტილი და იყოს მაქსიმალურად ღია და არ დაკარგოს საკუთარი თავი.“

საქართველო რომ თავს არ დაკარგავს, ამაში თბილისში სტუმრად მყოფი ჩეხეთის სენატის თავმჯდომარეც დარწმუნებულია. მართალია, ჩეხეთისა და საქართველოს მთავარი მდინარეები - ვლტავა და მტკვარი - სხვადასხვა ზღვებში ჩაედინება, მაგრამ პშემისლ სობოტკას, როგორც რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თბილისში ყოფნისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო და ჩეხეთი წინ ერთი გემით მიიწევენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG