Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის თემა უკვე იშვიათად გვხვდებოდა უცხოეთის პრესაში.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაციაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
შეერთებულ შტატებში გამომავალი გაზეთი "ქრისჩენ საიენს მონიტორი" ამ საკითხზე საუბრობს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კონტექსტში. გაზეთის აზრით, დასავლეთი საქართველოზე რუსეთის ზეწოლას მანამდე არ მიაქცევს სათანადო ყურადღებას, სანამ საფრთხე არ ექმნება საქართველოზე გამავალ ნავთობსადენს.
გაზეთი წერს: "თუკი შეერთებული შტატები და ევროპა არ შეეცდებიან, სერიოზულად მოეკიდონ ნატოს აგრესიის თაობაზე რუსეთის შიშს, შორი პერსპექტივით შეიძლება მათ ხელი ვერ შეუშალონ რუსეთის მცდელობას, გააძლიეროს ზეწოლა მის პერიფერიებზე. პუტინმა უწყის, რომ მას უპირატესობა აქვს რეგიონში. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მის ძალისმიერ პოლიტიკას, ანტიდემოკრატიულ ტაქტიკას, მაგრამ მას ზურგს უმაგრებს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა და მისი ქვეყანა ყვავის ენერგომატარებლებით მიღებული მოგების წყალობით. პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთს სჭირდება ის ირანისა და ჩრდილო კორეის კრიზისების მოსაგვარებლად. თანაც ეკონომიკურად დასავლეთი ევროპა რუსეთის ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული," წერს "ქრისჩენ საიენს მონიტორი" და განაგრძობს:
"მაგრამ ახლო პერსპექტივით დასავლეთმა შესაძლოა დახმარება გასწიოს საქართველო-რუსეთის დაძაბულობის შესუსტებაში იმით, რომ მიუთითოს ესკალაციისა და საქართველოს სეპარტისტული რეგიონების გარშემო პოტენციური ომების საფრთხეზე. გასული კვირის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მშვიდი მიდგომის მოწოდებით. სააკაშვილმა, რომლის მიერ თავის დროზე წამოწყებული ეს კრიზისი არაფერში არ იყო საჭირო, ბრძნულად უარყო სამხედრო ან მყისიერი მოქმედება სეპარატისზმის პრობლემის მოგვარებაში. კარგს იზამს მოსკოვი, თუ გამონახავს უკანადახევის ისეთ გზას, რომელიც ამავე დროს პრესტიჟს შეუნარჩუნებს მას."

ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კონტექსტში განიხილავს რუსეთში მიმდინარე პროცესებს გაზეთი "აირიშ ტაიმსიც". გაზეთი შენიშნავს, რომ ქვეყანაში ძალაუფლების კონსოლიდაცია "ადამიანის უფლებებისა და მეზობლების მიმართ აგრესიული, უხეში მოპყრობის ხარჯზე მიიღწევა. რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია, რაც პასუხია საქართველოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ოთხი ოფიცრის დაკავებაზე, რუსეთში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობის რადიკალური შეზღუდვა და ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ავტორიტარიზმის საშიში მოდელის ნაწილებია. არ შეიძლება, რომ ევროკავშირმა ხმა არ ამოიღოს ასეთ რეგრესულ ტენდენციებზე," მიაჩნია "აირიშ ტაიმსს".

მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავაც იყო ერაყი, სადაც ოქტომბერში ამერიკის სარეკორდო რაოდენობის სამხედროები დაიღუპნენ.
ბრიტანეთის "გარდიანის" აზრით, ერაყიდან კოალიციის ჯარების გაყვანა გარდაუვალია.
"შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს დიდხანს აღარ ექნებათ არჩევანი, დარჩნენ თუ გაიყვანონ ჯარები. მათ ისღა დარჩენიათ, გადაწყვიტონ, რა ჯობია - ღირსეულად წასვლა თუ უკან დახევა, ალბათ ცეცხლის თანხლებით, ისე, როგორც ეს ერთი თაობის წინ ვიეტნამში მოხდა. დღემდე ომში ამერიკის დაახლოებით 3000 ჯარისკაცი დაიღუპა. დაღუპულ ერაყელთა რიცხვი იმდენად გამაოგნებელია, რომ გენოციდზეც კი შეიძლებოდა ლაპარაკი," მიაჩნია "გარდიანს".
ამავე საკითხს ეხმიანება "ნიუ იორკ ტაიმსიც": "მთავრობის უმწვავეს კრიტიკოსებსაც კი არ სურთ ამერიკის მოსახლეობისთვის მწარე სიმართლის თქმა იმის შესახებ, თუ რამდენად მცირე არჩევანი დაგვრჩენია ერაყში. ამერიკელები ალბათ კიდევ დიდხანს იკამათებენ იმაზე, გაამართლებდა თუ არა ერაყის კამპანია უფრო კომპეტენტური მთავრობის პირობებში. ამ ყველაზე მძიმე საგარეო პოლიტიკური მარცხის გამო იმედგაცრუების გამოსახატად ყველაზე შესაფერი ადგილია საარჩევნო უბნები. მაგრამ პრეზიდენტზე გაჯავრება საკმარისი არ არის სამომავლო გეგმად. ჯერჯერობით არსებობს რამდენიმე სამოქმედო შესაძლებლობა. და მათი ალტერნატივები იმდენად საშინელია, რომ საჭირო იქნებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება. საამისოდ კი დრო აღარ რჩება," დაასკვნის გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსი."
XS
SM
MD
LG