Accessibility links

logo-print

რისთვის შენდება ძარიკაუ–ცხინვალის გაზსადენი


საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, გუშინ ჩრდილოეთ ოსეთში ძარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალი გაიმართა.

წინასწარი პროგნოზით, რუსული გაზი თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას პირდაპირი გზით 2007 წლის მესამე კვარტალიდან მიეწოდება. გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთი საქართველოზე აღარც ენერგეტიკულად იქნება დამოკიდებული, აცხადებენ ცხინვალში. საქართველოს ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ალტერნატიული გაზსადენის მშენებლობა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

თვითაღირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან - კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთთან - დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის დაწყების შესახებ ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მთავრობას არ მიუღია. რუსეთის მხარემ არც მანამდე მიიჩნია საჭიროდ, პროექტისა და მისი განხორციელების შესახებ საქმის კურსში საქართველოს მხარეც ჩაეყენებინა. გაზსადენის პარამეტრებისა და დანიშნულების თაობაზე ინფორმაცია, ძირითადად, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა. ამ ინფორმაციების თანახმად, პროექტმა ექსპერტიზა “გაზპრომში” გაიარა, შეთანხმებულ იქნა გაზგამანაწილებელი ქსელის სისტემა და მომზადდა სატენდერო დოკუმენტაცია. გაზსადენის სიგრძე 163 კილომეტრი იქნება, საიდანაც 93 კილომეტრი ჩრდილოეთ ოსეთზე გაივლის. აშენდება 11 გაზგამანაწილებელი სადგური, 4 ტექნოლოგიური გვირაბი და 38 გადასასვლელი.

[ბორის ჩოჩიევის ხმა]“ პროექტი უკვე დამტკიცებულია. გუშინ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა და ყველაფერი რიგზე იქნება.“

ამბობს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი. მისი თქმით, ძარიკაუ–ცხინვალის გაზსადენს საძირკველი გუშინ ვლადიკავკაზიდან 30 კილომეტრში, სოფელ ნოგკაუსთან სპეციალურად მომზადებულ საწარმოო მოედანზე ჩაეყარა - სიმბოლურად, ანუ სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან ასოცირების სადემონსტრაციოდ, თუ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ეს პოლიტიკური საკითხია და ამაზე ცალკეც შევჩერდებით. მანამდე კი მოვუსმინოთ ექსპერტს, რომელიც ფიქრობს, რომ ძარიკაუ–ცხინვალის გაზსადენის ეკონომიკური სარგებელი პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნება:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა]“ საქართველოს დღევანდელი მოხმარება არის სადღაც მილიარდ შვიდასი მილიონი წელს. და ოსეთის წილი აქ არის ისეთი მცირე, ისეთი მცირე... რამ უნდა გაამართლოს! კავკასიონის ქედზე, გვირაბში, ამ გაზის სადენს ვერ გაიყვანენ, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო იქნება. თუ მას ქედზე გადმოატარებენ, ეს იქნება ძალიან სერიოზული ინვესტიციები. აქ დიდ მილს ვერ გამოიყვანენ, იმიტომ რომ დიდი მილის გაყვანა არ გამართლდება, იმიტომ რომ სამხრეთ ოსეთის მოხმარება არის ძალიან პატარა. იქ არანაირი სამრეწველო ობიექტები არ მუშაობს. ამიტომ მოხმარება უნდა იყოს გაანგარიშებული მხოლოდ მოსახლეობაზე. ეკონომიკურად მილსადენი არასოდეს არ იქნება მომგებიანი.”(სტილი დაცულია)

რატომ დაიგეგმა ეკონომიკურად წამგებიანი მილსადენის მშენებლობა?. კასპიისპირეთის ენერგორესურსებისა და სატრანზიტო გზების საკითხებში ექსპერტის, ლიანა ჯერვალიძის, - და არამარტო მის, - ამ შეკითხვაზე პასუხი პოლიტიკოსებს აქვთ:

[რუსლან აბაშიძის ხმა]“ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიის აშკარა და ღია ანექსიის მცდელობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია უკვე ღიად აცხადებს იმას, იმ ფაქტს, და თვლის, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არის განუყოფელი ნაწილი რუსეთის ფედერაციისა.“(სტილი დაცულია)

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე 31 ოქტომბერს ცხინვალში მიემგზავრება. იგი იმედოვნებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გაზსადენის მშენებლობის მიმდინარეობისა და მიზანშეწონილობის საკითხებზე სწორედ იქ მიიღებს. მანამდე კი სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალურად დაგმო რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმების უხეში დარღვევა. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია უკვე დაუფარავად განიხილავს „სამხრეთ ოსეთს“ საკუთარ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულად“, ნათქვამია განცხადებაში.

თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული გაზსადენის მშენებლობის საკითხს გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ ჩვენს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობას - და სამხრეთ ოსეთი ჯერ კიდევ ჩვენი ტერიტორიაა და ყოველთვის ჩვენი ტერიტორია იქნება - ისეთივე ადეკვატურ შეფასებას მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობა, დარწმუნებული ვარ, როგორიც ყველა ბოლოდროინდელ მოვლენებს მისცა.“(სტილი დაცულია)

საქართველო არასოდეს მიმართავდა ენერგომატარებლებით მანიპულირებას თვითაღიარებული რესპუბლიკების მიმართ - მაშინაც კი, როდესაც საქართველოში მძიმე ენერგოკრიზისი იყო, ეს შეზღუდვა არ შეხებია ჩვენს არაკონტროლირებად ტერიტორიებს. უფრო მეტიც, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარებოდა, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მის არგუმენტს ამყარებს ექსპერტი ნავთობისა და გაზის საკითხებში, პროფესორი თეიმურაზ გოჩიტაშვილი:

[თეიმურაზ გოჩიტაშვილის ხმა]“ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი გაზსადენი, ჩვენი ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული, არასოდეს პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოგვიყენებია. და არც ვაპირებთ ამის გამოყენებას.“
XS
SM
MD
LG