Accessibility links

logo-print

ვინ რჩება და ვინ ამბობს უარს ერაყში სამხედრო მისიის გაგრძელებაზე?


ოქტომბრის შუა რიცხვებში

ბრიტანეთის გაზეთ "დეილი მეილისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რიჩარდ დანატმა ბიძგი მისცა დისკუსიას, უნდა დატოვოს თუ არა კოალიციურმა სამხედრო კონტინგენტმა ერაყი. ყოველკვირეულ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” დღეს იმ გამოხმაურებაზე ვისაუბრებთ, რომელიც ბრიტანელი გენერლის სკანდალურ ინტერვიუს მოჰყვა; თვალს გადავავლებთ აგრეთვე ერაყში მყოფი სამხედრო ქვედანაყოფის ეროვნულ შემადგენლობასა და მის ქართულ სეგმენტს.

ერაყში ამერიკული სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალებისათვის ოქტომბრის თვე განსაკუთრებით სასტიკი წინააღმდეგობით აღინიშნა. 20 ოქტომბერს ერაყელ შიიტთა სახალხო ლაშქარმა, რომელსაც ”ალ მაჰდის” არმია ეწოდება და რომელსაც რადიკალ შიიტთა ლიდერი მოყტადა ალ სადრი ხელმძღვანელობს, ერაყის უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლების შემდეგ, ხელთ იგდო ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ამარაჰი და ქალაქზე კონტროლი რამდენიმე საათის განმავლობაში შეინარჩუნა. არადა, ქალაქი ამარაჰი ერაყის მთავრობის კონტროლქვეშ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა, გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, აგვისტოში დააბრუნეს. ოქტომბრის თვეში მთელი ერაყის მასშტაბით განხორციელებული თავდასხმების შედეგად კი, 100-მდე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რაც ასევე სარეკორდოა მთელი სამწლიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში. ამ ფონზე, 14 ოქტომბერს ბრიტანეთის არმიის სამხედრო სარდალი, გენერალი რიჩარდ დანატი გამოვიდა მოწოდებით, რომ მალე გაიყვანონ ერაყიდან ბრიტანელი ჯარისკაცები. გენერლის შეფასებით, ბრიტანელი ჯარისკაცების ყოფნა კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას ერაყში უსაფრთხოების მხრივ და აძლიერებს საფრთხეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მის ამ კომენტარს მოიცავდა ინტერვიუ, რომელიც ბრიტანეთის გაზეთ "დეილი მეილის" 13 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. მოგვიანებით დანატმა ამ კომენტარის ტონის შერბილება სცადა:

[რიჩარდ დანატის ხმა] ”აქ არის გარკვეული ადგილები, სადაც ჩვენ თავს გვესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვართ. სხვა ადგილებში კი, მაგალითად ბასრაში, რომლის გარეუბნებშიც ჩვენ კარგად დაგეგმილ ოპერაციას ვატარებთ და სადაც რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოებს ვასრულებთ, ხალხი აფასებს ჩვენს საქმიანობას. მაგრამ სხვა ადგილებში სამიზნედ ვიქეცით და ჩვენზე თავდასხმები ხორციელდება. და, აი, სწორედ ამ თვალსაზრისით წარმოადგენს ჩვენი იქ ყოფნა პრობლემას.”

ბრიტანელი გენერალი რიჩარდ დანატი არ არის პირველი და უკანასკნელი მაღალი რანგის მოხელე, ვინც თავს უფლებას აძლევს, ერაყში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვას. მოგვიანებით მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოები მოიარა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღანელობის წევრის, ალბერტო ფერნანდესის, სიტყვებმა. ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში ფერნანდესმა "უჭკუო და ქედმაღლური" უწოდა ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკას. მაგრამ არც შეერთებული შტატებისა და არც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელები არ იზიარებენ მოსაზრებას ერაყიდან სამხედრო კონტინგენტების გაყვანის შესახებ. თუმცა გენერალ რიჩარდ დანატის მთავარი მესიჯი, რომ საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს ერაყში მოქმედი სამხედრო კოალიციის საქმიანობა, მხედველობაში იქნა მიღებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 20 ოქტომბერს თეთრ სახლში შეკრიბა ამერიკის ჯარის ყველა სახეობის სარდალი და განაცხადა, რომ ამერიკა შეცვლის ერაყში ამბოხებულების მიმართ ტაქტიკას.

თუმცა პენტაგონი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ტაქტიკის შეცვლაში. რაც დრო გადის კი, კოალიციის რიგებში ერაყიდან სამხედრო ძალების შემცირების ან მათი სრულიად გაყვანის მსურველთა რიცხვი იზრდება - იმის კვალობაზე, რაც უფრო მეტი პროვინციის კონტროლი გადადის ერაყის უსაფრთხოების ძალების ხელში. ზემოხსენებულ გენერალ რიჩარდ დანატის თქმით, 3 წელიწად- ნახევრის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ჯარების რაოდენობა ერაყში თითქმის სამჯერ შემცირდა:

[რიჩარდ დანატის ხმა] ”სამწლინახევრის წინ ერაყში ჩვენ 20-24 ათასი ჯარისკაცი გვყავდა, ახლა კი შვიდი ათასამდეა. ჩრდილოეთ ერაყში ჩვენ ოთხ პროვინციაში ვახორციელებდით მართვას. აქედან ორზე კონტროლის ფუნქცია უკვე გადაიბარეს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა და სულ მალე მესამეც გადავა მათი კონტროლის ქვეშ.”

თუ გადავხედავთ კოალიციის რიგებში მომხდარი ცვლილებების სტატისტიკას, მრავალეროვნული ძალების რიგები ერაყში, სამხედრო კამპანიიდან მესამე წლისთავზე, 15 ქვეყანამ დატოვა. მათ შორის, 2005-2006 წლებში - უკრაინამ, უნგრეთმა, ესპანეთმა, ჰოლანდიამ, პორტუგალიამ და, სულ ბოლოს, იაპონიამ. ერაყის კოალიციის სპეციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ წლის ბოლომდე ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას გეგმავენ: იტალია - 1785 ჯარისკაცისას და პოლონეთი - 900-კაციანი კონტინგენტის. სამი ათასიდან 1000 ჯარისკაცამდე შეამცირებს თავის კონტინგენტს შეერთებული შტატების კიდევ ერთი აქტიური მოკავშირე, სამხრეთი კორეა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკუთარი სამხედრო მისია ერაყში თითქმის ორ-ნახევარჯერ გაზარდა, საქართველოა. ერაყში საქართველოს სამხედრო კონტინგენტი 850 კაცს აღწევს, აქედან 500 კაცი ბაღდადში გაეროს მისიის დაცვის ფუნქციას ასრულებს, 300-კაციანი ქვედანაყოფი კი დაიალას პროვინციაში, ქალაქ ბაქუბაში, ახორციელებს სამხედრო მისიას. 27 აგვისტოს რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში ქართული ბატალიონის შტაბის მეთაურმა მაიორმა ზაზა მუშკუდიანმა ასე დაახასიათა ბაქუბა:

[ზაზა მუშკუდიანი] “ბაქუბა ითვლება ერთ-ერთ რთულ კონფლიქტურ რეგიონად ერაყში. ეს წითელი ზონაა და აქ არის დაიალას პროვინცია, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ დასაყრდენ პუნქტად ითვლება ტერორისტებისათვის. აქ მოკლეს ალ ზარქავი, ჩვენგან ერთ 10-15 კილომეტრში. ალბათ, იცით, რომ ოპერაცია ჩატარდა ცოტა ხნის წინ -ივნისის დასაწყისში.” (სტილი დაცულია]


მაგრამ საქართველოში ერაყიდან გამოსვლის სავარაუდო თარიღზეც არ ლაპარაკობენ. 5 ივლისს შერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენ ჯორჯ ბუშს აღუთქვა, რომ ამერიკელებთან ერთად ქართველი სამხედროებიც ბოლომდე დარჩებიან ერაყში.
XS
SM
MD
LG