Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიში მსოფლიოში შიმშილის პრობლემაზე


10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სურსათის საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე გაიჟღერა დაპირებამ, რომ 2015 წლისთვის განახევრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც კვების ნაკლებობას განიცდის.

2015 წლამდე კიდევ ბევრი დროა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დადებული პირობა ვერ შესრულდება - ყოველ შემთხვევაში, განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში იძულებით მოშიმშილეთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. თუმცა შეიმჩნევა დადებითი ტენდენციაც და ის, საბედნიეროდ, საქართველოსაც ეხება.

გაეროში შემავალმა უწყებამ, რომელიც სურსათთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს - გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ - დღეს რომში გამოაქვეყნა წლიური ანგარიში. რომშივე დაიწყო კონფერენცია, რომელზეც მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაზე, მის შედეგებზე იმსჯელებენ. ერთი რამ უკვე ცხადია - დაპირება იძულებით მოშიმშილეების რიცხვის განახევრების შესახებ, რომელიც 10 წლის წინანდელ მსოფლიო სამიტზე დაიდო, დამაჯერებლად აღარ ჟღერს. ამას აღიარებს მარგარიტა ფლორესიც- გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი: [ფლორესის ხმა] “ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა არ აღმოჩნდა ისე წარმატებული, როგორც ჩვენ მოველოდით. ამდენად, ამ შეხვედრაზე მთავარია განვიხილოთ ის, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რა მიზანი უნდა დავსახოთ, რაში უნდა დავეხმაროთ მთავრობებს ჩვენ - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. მაგრამ, ძირითადად, განსხვავებული იქნება ის, თუ როგორ განახორციელებენ გეგმას მთავრობები”.

რაც შეეხება საქართველოს - ის, აზერბაიჯანთან და ყირგიზეთთან ერთად, ყველაზე წარმატებულად ითვლება 10 წლის წინ მსოფლიო სამიტზე დასახული გეგმის განხორციელების მხრივ, შეამციროს მშიერთა რაოდენობა: თუ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მოსახლეობის 44 პროცენტს შიოდა, ახლა იძულებით მოშიმშილეების რიცხვი 13 პროცენტს არ აღემატება. აზერბაიჯანში 90-იანი წლების დასაწყისში მშიერი იყო მოსახლეობის მესამედზე მეტი, ახლა ეს მაჩვენებელი 10 პროცენტამდე შემცირდა.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი, კოსტას სტამულისი ასე განმარტავს საქართველოსში და აზერბაიჯანში მიღწეული პროგრესის მიზეზს: [სტამულისის ხმა] “პირველ ყოვლისა, მთლიანი ეკონომიკური ზრდა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია სიღარიბისა და შიმშილობის შემცირება. ლაპარაკია მდგრად განვითარებაზე. გარდა ამისა, ვფიქრობ, აზერბაიჯანისა და საქართველოს შემთხვევაში წარმატება გამოიწვია ეკონომიკურმა რეფორმებმა, რომლებიც აისახა სოფლის მეურნეობის სფეროშიც - განსაკუთრებით მიწის პრივატიზაციით”.

საქართველოს კიდევ ერთ კავკასიელ მეზობელ ქვეყანაში- სომხეთშიც შეინიშნება პროგრესი, თუმცა გაცილებით უფრო მოკრძალებული: იქ მშიერთა რიცხვი, დაახლოებით, განახევრდა. ახლა კვების ნაკლებობის პრობლემა მოსახლეობის 29 პროცენტს აწუხებს. საწინააღმდეგო ტენდენციაა მოლდავეთში: 90-იანი წლების მაჩვენებელი გაიზარდა 5 პროცენტიდან 11-მდე. რუსეთში კი უმნიშვნელო ცვლილება შეინიშნება: 90-იანი წლების დასაწყისში აღრიცხული მაჩვენებელი ერთი პროცენტით შემცირდა - კვების ნაკლებობას რუსეთში მოსახლეობის 3 პროცენტი განიცდის.

ამდენად, ვითარება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სხვადასხვაგვარია - მშიერთა რიცხვი ამ რეგიონში დღესდღეობით 21 მილიონს აღწევს. ამ და კიდევ ბევრ სხვა მაჩვენებელს აქვეყნებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში შიმშილის შესახებ.
XS
SM
MD
LG