Accessibility links

logo-print

ნატოში აშშ-ის ელჩი ნატოს მოახლოებული სამიტისა და საქართველოს შესახებ


თვეზე ნაკლები რჩება ნატოს სამიტამდე, რომელსაც, როგორც ცნობილია, ლატვიის დედაქალაქი უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,

რადგან სექტემბერში, ნატოს წევრთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დადასტურდა, რომ რიგის სამიტზე საუბარი საქართველოსაც შეეხება - ისევე როგორც ნატოს მისიას ავღანეთში, ვითარებას დარფურში და ნატოს ურთიერთობის განმტკიცებას, ზოგადად, მის პარტნიორებთან. ამდენად, რიგის სამიტის დღის წესრიგში შეტანილი საკითხები ცნობილია. დღეს მათ შესახებ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა ნატოში აშშ-ის ელჩმა ვიქტორია ნულანდმა.

წელს, სექტემბერში, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ნატოს წევრთა საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ ნატო საქართველოს სთავაზობს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლას და სჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. რაც შეეხება მოახლოებულ, რიგის სამიტს - ნატოში აშშ-ის ელჩს, ვიქტორია ნულანდს დღეს არაფერი უთქვამს იმაზე, იქნება თუ არა რაიმე კონკრეტული წინადადება, თუ სიახლე საქართველოსთან მიმართებაში.

აი, რა შეფასებას იძლევა ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი, რომელმაც ნატოში შეერთებული შტატების ელჩის გამოსვლა მოისმინა: [აჰტო ლობიაკასის ხმა] “ვფიქრობ, რიგაში ლაპარაკი იქნება მხარდაჭერაზე, მტკიცე მხარდაჭერაზე. მაგრამ მთლიანობაში - რიგაში გამოთქვამენ ზოგად და უნივერსალურ სურვილს, აწარმოონ ღია კარის პოლიტიკა”.

ჩვენს კორესპონდენტს დღეს საშუალება მიეცა, საქართველოს შესახებ შეკითხვც დაესვა ნატოში შეერთებული შტატების ელჩისთვის. [აჰტო ლობიაკასის ხმა] “ელჩმა აღიარა საქართველოს ძალიან აქტიური მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისაკენ, მიუთითა დემოკრატიული რეფორმებისაკენ საქართველოში და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მისი წევრების საერთო ღირებულებებს ეფუძნება. იქვე ელჩმა დასძინა, რომ ნატო მისდევს ღია კარის პოლიტიკას. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის შეთავაზებული ინტენსიური დიალოგი არის ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებას მტკიცე ურთიერთობას რუსეთთანაც, რომ რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. და ბოლოს თქვა ისიც, რომ ნატო ცდილობს, რუსეთი დაარწმუნოს, რომ ძლიერი მეზობლები, დემოკრატიული მეზობლები - სარგებლის მომტანია როგორც რუსეთის, ისე ნატოსთვის. რომ მოგებული დარჩება ყველა. ნატოს მესიჯში ეს არის ყველაზე მთავარი - რომ მოგებული დარჩება ყველა. თუმცა, აშკარაა, რომ ამაში ჯერ ყველა არ არის დარწმუნებული”.

ბრიუსელიდან ჩვენი რადიოს კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი როგორც იუწყება, ნატოში აშშ-ის ელჩი არ შეხებია კრიზისს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG