Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”33” – 40 წელი აკრძალვის დღიდან


ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე” დღეს გავიხსენებთ ფილმს,

რომლის დასრულებიდან 40 წელი გავიდა, თუმცა საბჭოთა მაყურებელმა ის პირველად 1988 წელს იხილა. ესაა გია დანელიას ”ოცდაცამეტი” - სურათი, რომელიც კომუნისტური სისტემის აბსურდულობას გამოხატავს, თუმცა აქტუალურობას არც დღეს კარგავს: პრობლემა, რომელიც 40 წლის წინ გადაღებულ კინოკომედიაშია დასმული, კვლავაც აწუხებს ან უნდა აწუხებდეს ჩვენს საზოგადოებას.


[მუსიკა, ”მარუსეჩკა”]

რუსული ხალხური სიმღერის ”მილა მარუსეჩკა ბელიე ნოგის” ეს მოტივი გია დანელიამ პირველად 40 წლის წინ გამოიყენა ფილმში ”33”. ერთი და იგივე მოტივი მეორდება მუსიკაში და მოგვიანებით ერთი და იგივე მოტივი განმეორდება გია დანელიას ფილმებში: ”შემოდგომის მარათონი”, ”ქინძაძა”, ”აფონია”... ”მარუშეჩკას” ეს მელოდია ირონიულობას მატებს გია დანელიას ფილმებს და მექანიკური ყოფის, ერთფეროვნების ატმოსფეროსაც ქმნის. ირონიულობა და ერთფეროვნება ისევ მთლიანდება როგორც ფანტასტიკური სიუჟეტი და ზედმიწევნით ზუსტად გამოხატული ყოფა გია დანელიას ყველაზე სკანდალურ ფილმში ”33”.

არადა, 1966 წელს, როცა გია დანელიამ ”ოცდაცამეტზე” მუშაობა დაასრულა, ამ სკანდალს არავინ ელოდა. ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი ”დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” კრიტიკამ, ხრუშჩოვის იდეოლოგებმა და უბრალო მაყურებელმაც საეტაპო ფილმად აღიარეს საბჭოთა კინოს ისტორიაში. გია დანელიას მწვანე შუქი აუნთეს. თავად რეჟისორიც დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანაში ახალი დრო მოვიდა, რომ ამიერიდან, ყველაფრის თქმა თუ არა, ყველაფრის ”სანახევროდ” თქმა მაინც შეიძლებოდა.

იმხანად საბჭოთა კინემატოგრაფისტებს შორის პოპულარული იყო ანეგდოტი მხატვარზე, რომელიც თავის სურათებს კუთხეში ძაღლებს მიახატავდა ხოლმე...როცა სპეციალური კომისიის სხდომაზე, სადაც მხატვრის ნამუშევარი უნდა განეხილათ, ავტორს ეკითხებოდნენ: ”ეს ძაღლი რაღად გინდათ?”... ისე, სიმყუდროვისთვისო, - პასუხობდა მხატვარი... ”წაშალეთ, წაშალეთ!”... - უბრძანებდნენ ხოლმე მას. ეს ”ძაღლი” რომ არ ყოფილიყო, კომისია სხვა რამეს დაიხვევდა ხელზე. თავის მოგონებებში გია დანელია სწორედ ამ ანეგდოტს იხსენებს:

[გია დანელიას ტექსტი] ”სიუჟეტის თანახმად, ”ოცდაცამეტის” გმირს, ტრავკინს, 33 კბილს აღმოუჩენენ. რადიო და ტელევიზია მხოლოდ და მხოლოდ ტრავკინის ამბავს აშუქებს. მას კაგებეში იბარებენ და ეკითხებიან: ”ვისი კარნახით გაავრცელეთ ინფორმაცია, თითქოს არა 32, არამედ 33 კბილი გქონდეთ? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ჯობს, თავად აღიაროთ...” ”თუ არ გჯერათ, დათვალეთ,” - პასუხობს ტრავკინი. ”როგორ გგონიათ, მოქალაქე ტრავკინ, ამ ქვეყანაში 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს...რა, ყველას კბილები უნდა დავუთვალოთ ახლა?” გაცოფებულმა რედაქტორებმა ეს ეპიზოდი სასწრაფოდ ამოიღეს ფილმიდან, დანარჩენს კი ყურადღება არ მიაქციეს.”

დანარჩენს ყურადღება არ მიაქციეს მხოლოდ ფილმის ჩაბარების დღეს... სცენარი ხრუშჩოვის გადაყენებამდე იყო დაწერილი. მაგრამ ხრუშჩოვი მოხსნეს და ქვეყანაში ვითარება შეიცვალა. კინოთეატრებში საჩვენებლად მომზადებული ”33” მოულოდნელად თაროზე შემოდეს. გია დანელიას ფილმი ვერც იმდროინდელმა კინოვარსკვლავებმა გადაარჩინეს - ნონა მორდიუკოვამ, საველი კრამაროვმა, ინა ჩურიკოვამ და, რა თქმა უნდა, მთავარი როლის შემსრულებელმა ევგენი ლეონოვმა, რომელიც მოგვიანებით გაიხსენებს:

[ევგენი ლეონოვის ტექსტი] ”ფილმის აკრძალვის შემდეგ მატარებელში დამემგზავრა კულტურის სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა: ”33”-ის ყურების დროს სიცილით გავსკდიო... ”მაშ, რატომ აკრძალეთ ფილმი?” - გულწრფელად ვიკითხე... და მანაც გულწრფელად მიპასუხა: ”ე, ძმაო,ერთია, როცა ფილმს უყურებ როგორც ადამიან, და სულ სხვაა, როცა უყურებ როგორც ჩინოვნიკი..”

მართლაც, რატომ აკრძალეს ”33” ან რატომ არ აჩვენებენ დღეს ამ ფილმს რუსეთის ტელეარხებზე ისე ხშირად, როგორც, მაგალითად, მზვერავებსა და კაგებეს აგენტებზე გადაღებულ საბჭოთა ფილმებს? ვფიქრობ, ის, ვისაც პოპულარული რეჟისორის ეს ფილმი არ უნახავს, ამ კითხვაზე პასუხს თავად გასცემს, როცა ”ოცდაცამეტის” სიუჟეტს გაეცნობა.

ევგენი ლეონოვის გმირი, ტრავკინი, პატარა ქალაქ ვერხნი იამკის უალკოჰოლო სასმელების ქარხნის მორცხვი თანამშრომელია. უყვარს თავისი ოჯახი, უყვარს თევზაობა... ესაა და ეს - არაფრით გამოირჩევა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იგი სახელგანთქმული ხდება - ქარხნის პოლიკლინიკაში მას 33-ე კბილს აღმოუჩენენ. ამის შემდეგ იგი ასრულებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ - მიემგზავრება მოსკოვში, მონაწილეობას იღებს სატელევიზიო გადაცემაში, ხვდება ჟურნალისტებს, მარსზე მიფრინავს... კბილი ძალიან სტკივა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ვერ ღალატობს და ბრძანებებს ემორჩილება.

დიახ, ტრავკინს, როგორც ”სახელგანთქმულ ადამიანს”, თანაქალაქელები მარსზე გზავნიან უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დასამყარებლად, მშობლიურ ქალაქში კი ძეგლს უდგამენ, როგორც ”სანიმუშო მეოჯახეს”.

ლეონოვს გადაღების დროს ასეთი ძეგლი, მართლაც, დაუდგეს. როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ გადაღებების დასრულების შემდეგ ძეგლის აღებაზე უარი თქვა (ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი პატივი იყო მოსკოველ კინემატოგრაფისტთა სტუმრობა რუსულ პროვინციაში)...მოგვიანებით ფილმი აიკრძალა, ძეგლი კი დარჩა...პირველი ძეგლი რუსეთში, რომელიც ფილმის პერსონაჟს აუგეს, ბედის ირონიით, აკრძალული ფილმის გმირის ძეგლი აღმოჩნდა.

[მუსიკა]

პირველად გია დანელიას ფილმის პრემიერა მოსკოვის კინოს სახლში გაიმართა. ”ოტტეპელის” ეპოქის ლიბერალური იდეებით შთაგონებულმა კინოკრიტიკოსებმა ”33” ტოტალიტარული სისტემის ყველაზე გაბედულ კრიტიკად მიიჩნიეს საბჭოთა კავშირში. თუკი იქ, სადაც ერთნაირობა და ერთფეროვნება ფასობს, ადამიანს რაღაც განსაკუთრებული, რაღაც განსხვავებული აღმოაჩნდა, იგი აუცილებლად გახდება ”თითით საჩვენებელი”, ერთგვარი ”ზოოპარკის მაიმუნი”, რომლის სანახავადაც მთელი ქვეყანა გაემართება. მაგრამ გია დანელიას კინოკომედიის განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ ”ოცდაცამეტში” ზოოპარკის ამ მაიმუნს არავინ ერჩის - პირიქით, საზოგადოება მის განსხვავებულობას აღიარებს და ცდილობს გამოიყენოს კიდეც თავისი ინტერესებისთვის.

საბჭოთა კინოს ცენზორებს თავდაპირველად, როგორც ჩანს, სწორედ ეს მოეწონათ ფილმში - ”აი, ბატონო, მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ აფასებს ჩვენი ქვეყანა ყველაფერს, რაც განსხვავებულია...”. მაგრამ კინოცენზორებს შორის, ეტყობა, ჭკვიანი კაციც აღმოჩნდა - ბევრი იცინა გია დანელიას ფილმზე და, როცა დაფიქრდა, მიხვდა, რომ დანელიამ შარჟად აქცია იდეა, რომელსაც დეკლარაციის დონეზე ამკვიდრებდნენ კომუნისტები: ”ჩვენს ქვეყანაში ყველა პატიოსან მშრომელს შეუძლია იყოს ბედნიერი”... სხვათა შორის, ამ იდეას არამარტო კომუნისტები ამკვიდრებდნენ; ადამიანის უფლებათა დეკლარაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც რჩება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის დონეზე... უმცირესობათა ინტერესების დაცვა ან ”უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა” არცთუ ისე იშვიათად გამოხატავს ქედმაღლურ დამოკიდებულებას თავად ამ უმცირესობების მიმართ... მერე რა, რომ ”ზოოპარკის მაიმუნია”, მერე რა, რომ მთლად არაა ნორმალური, 33 კბილი აქვს, -შევიცოდოთ, შევიბრალოთ, გამოვიყენოთ ან კიდევ გამოვიკვლიოთ და ქვეყანას დასჭირდება - მარსზე გავგზავნოთ...

[მუსიკა]


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG