Accessibility links

logo-print

რუსეთში ახალი პარტია შეიქმნა


რუსეთში ახალი ოპოზიციური ალიანსი შეიქმნა: სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ, რათა უფრო ეფექტიანად დაუპირისპირდეს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალას -“ერთიან რუსეთს”

(როგორც ცნობილია, კრემლის მხარდამჭერ პარტიას). ამასობაში, ახალ პარტიას კრიტიკოსებიც გამოუჩნდა - ისინი ირწმუნებიან, რომ სამი პარტია თვით კრემლის ინიციატივით გაერთიანდა და მიზნად ისახავს მემარცხენე ოპოზიციის შესასუსტებლად.

ახალი პარტია რუსეთს საკმაოდ გრძელი და უჩვეულო სახელწოდებით მოევლინა: “ სამართლიანი რუსეთი - სამშობლო, პენსიონერები, სიცოცხლე”. ეს იმიტომ, რომ ალიანსი აერთიანებს პარტიას “სამშობლო”, “პენსიონერთა პარტიას” და “სიცოცხლის პარტიას”. მათი შერწყმა რამდენიმე თვე მზადდებოდა, თუმცა ოფიციალურად სულ რამდენიმე დღეა, 28 ოქტომბერს გაფორმდა, მოსკოვში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე. მისმა მონაწილეებმა სერგეი მირონოვი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ - ეს სახელი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი - სერგეი მირონოვი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეა და აქამდე - “სიცოცხლის პარტიას” ხელმძღვანელობდა.

მირონოვი ახალ პარტიას მოიხსენიებს ახალ “მემარცხენე პოლიტიკურ ძალად”, მტკიცე ოპოზიციად კრემლის მხარდამჭერ პარტია “ერთიანი რუსეთისთვის”, რომელსაც პოლიტიკური მონოპოლიის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. ამჟამად “ერთიანი რუსეთი” 300-ზე მეტ მანდატს ფლობს 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში. თუმცა ახალი პარტიის ოპონენტები - ისინი კი, როგორც წეღან ითქვა, უკვე გამოჩნდნენ, სერგეი მირონოვის პარტიასაც კრემლის ინტერესების მსახურად მიიჩნევენ.

[პრიბილოვსკის ხმა] “პარტია შექმნა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მემარცხენე-ცენტრისტული ელექტორატის მისაზიდად. “ერთიანი რუსეთი” არის პუტინის მხარდამჭერი მემარჯვენე პარტია, ხოლო “სამართლიანი რუსეთი” - პუტინის მხარდამჭერი მემარცხენე პარტია. ორივემ ერთად უნდა მოიპოვოს ხმების ნახევარი, ან ორი მესამედი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში. ასეთი მიზანია დასახული.”
არჩევნები, მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ “პანორამის” დირექტორი ვლადიმირ პრიბილოვსკი რომ მიუთითებს, მომავალი წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს. მართლაც, ახალი პარტიის ლიდერი - მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი რუსეთის მიმართ ოპოზიციურ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, არ მალავს, რომ ემხრობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. თუმცა, მიროვონის ერთგულებას პუტინის პოლიტიკასდმი ეჭვი არც აქამდე გამოუწვევია...

ახლა საკითხავია ის, მართლაც შეუძლია თუ არა ოპოზიციის დასუსტება ახალი პარტიას, “სამართლიანი რუსეთი: სამშობლო, პენსიონერები, სიცოცხლე”, კერძოდ, შეუძლია თუ არა ხმები წაართვას სხვა მემარცხენე პარტიებს: [პეტროვის ხმა] “ვფიქრობ, შეუძლია. ან, ყოველ შემთხვევაში, მემარცხენე პარტიებს აიძულებს უფრო რადიკალურ პოზიციაზე გადასვლას, ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის შემუშავებას. თუმცა, აქამდეც ნათელი იყო, რომ, როცა “სამშობლო” და “პენსიონერთა პარტია” დამოუკიდებლად არსებობდნენ, უკვე ართმევდნენ ხმებს კომუნისტებსა და სხვა მემარცხენე ძალებს”.

პოლიტოლოგ ნიკოლაი პეტროვს, რომელიც მოსკოვის “კარნეგი ცენტრში” მუშაობს, ამ განმარტებისას არ უხსენებია “სიცოცხლის პარტია”, რომელიც ასევე შედის რუსეთში შექმნილ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში. საგულისხმოა, რომ სწორედ “სიცოცხლის პარტიამ” ვოლგისპირა ქალაქ სამარის მერის არჩევნებში დაამარცხა “ერთიანი რუსეთი” - გასულ კვირაში. ეს წარმატება კი ბევრმა მიიჩნია იმის ნიშნად, რომ “სამართლიან რუსეთს” აქვს მომავალ არჩევნებში წარმატებით მონაწილეობის შანსები.
XS
SM
MD
LG