Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში რუსი ჯაშუშების დაპატიმრების ისტორია, გამორიცხული არ არის,

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რეფორმირების მიზეზად იქცეს - ასეთ საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს 30 ოქტომბრის ”რუსკი კურიერი”, რომლის ცნობითაც, სამხედრო დაზვერვაში დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოში დაპატიმრებული ჯაშუშები ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს დახმარებით დააკავა. ”ახლა რუსი ფედერალები ჟურნალისტ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მათი თანამშრომლის, ასე ვთქვათ, კვალის აღმოჩენის მოლოდინში არიან,” - წერს ”რუსკი კურიერი”, რომელიც მკითხველს ორი უწყების -უშიშროების ფედერალური სამსახურისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ქიშპობის ხანგძლივ ისტორიას მოაგონებს.

სამშაბათ დილიდან რუსეთის ინტერნეტგამოცემები ავრცელებდნენ ცნობას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული დივერსიული ჯგუფის განადგურების შესახებ. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარის ირინა გაგლოევას განცხადებით, ოთხკაციანი დივერსიული ჯგუფი კარგად იყო შეიარაღებული და მიზნად ისახავდა 12 ნოემბრისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის წინ ცხინვალში ტერორისტული აქტების მოწყობას.” - ამ ცნობას ინტერნეტგამოცემა ”ლენტა” აქვეყნებს.

” სააკაშვილი მზად არის კოკოითისთან შესახვედრად,” - წერს 31 ოქტომბრის ”ნეზავისიმაია გაზეტა” და შენიშნავს, რომ შეხვედრისთვის ცხინვალიც მზადყოფნას გამოთქვამს იმ პირობით, თუ ხელი მოეწერება შეთანხმებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. გაზეთის ცნობით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების - გელა ბეჟუაშვილისა და სერგეი ლავროვის - შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. შეხვედრა 1-2 ნოემბერს არის დაგეგმილი. მთლიანობაში კი, წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”, თბილისში ფიქრობენ, რომ მოსკოვი მიზანმიმართულად აფუჭებს ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან. მაგალითად ასახელებენ ბოლო დროს რუსეთის გართულებულ ურთიერთობას ბელორუსიასთან, ყაზახეთთან, ტაჯიკეთთან. შესაბამისად, ბეჟუაშვილ-ლავროვის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისს განსაკუთრებული მოლოდინი არა აქვს, - იუწყება ”ნეზავისიმაია გაზეტა”, რომლის პუბლიკაციაც სრულდება კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იმდენად რთულად ვითარდება, რომ ნებისმიერი შეხვედრა თუ კონკრეტული პრობლემის განხილვა მნიშვნელოვანი იქნებოდაო.

30 ოქტომბრის გაზეთ ”ნოვიე იზვესტიას” ცნობით, ყუბანში ქართველ არალეგალებთან ბრძოლა გრძელდება. ამ დროისთვის დეპორტს 50 ადამიანი ელის - მათ შორისაა 25 წლის თბილისელი ავთანდილი, რომელმაც ”ნოვიე იზვესტიას” ჟურნალისტს უამბო, რომ კრასნოდარში რამდენიმე წლის წინ მამასთან ჩამოვიდა,- მამა რუსეთის მოქალაქეა, - კრასნოდარშივე დაქორწინდა და ახლა ორი წლის ვაჟი ჰყავს. ვიზა მანამდეც არ ჰქონია, მაგრამ მამის დახმარებით ამ პრობლემას უმტკივნეულოდ აგვარებდა. რამდენიმე დღის წინ სიგარეტის საყიდლად გავიდა და მილიციას გადაეყარა. ახლა დეპორტაცია ელის. თან, რუსეთის კანონმდებლობით, რუსეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ 5 წლის შემდეგ ექნება. რა ბედი ელის ავთანდილის რუს მეუღლეს და ვაჟს, არავინ იცის.
XS
SM
MD
LG