Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ტფილისის ჰამქარი” შახ-ტახტის ციხის გადასარჩენად


1 ნოემბერს კავშირი ” ტფილისის ჰამქარი” სოლოლაკის კლდოვან ქარაფზე ელოდებოდა ყველას, ვისაც ათასხუთასწლოვანი ციხე-ბურჯის, შახ-ტახტის, ბედი აღელვებს.

ისტორია მას თბილისის დედაციხის, შურის, იმავე კალის, მოგვიანებით კი - ნარიყალას ციხის კომპლექსის მთავარ ბურჯად მოიხსენიებს. ეს მრისხანე ბასტიონი, რომელიც ერთ დროს თბილისელების მშვიდი ძილის გარანტიც იყო, ბოლო დროს ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტფილისის ჰამქრის” მოწოდებას დაახლოებით 50 ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ მოსწავლეებიც. ყველამ მონდომებით იმუშავა და ახლა შახ-ტახტის ციხის ნანგრევები უკვე აღარაფრით ჰგავს ნაგვის გროვას. აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ეს უნიკალური ისტორიული ძეგლი მთავრობის ყურადღებასაც მიიპყრობს.

(ისმის ნიჩბების ხმა)

”ტფილისის ჰამქრის” წევრებმა სოლოლაკის ქედზე ნიჩბები აიტანეს, რეზინის ხელთათმანები მოირგეს და მუშაობას შეუდგნენ. ანა მიქაძე, რომელსაც მეგობრებმა ხუმრობით ყარაჩოხელი სონა დაარქვეს, ცდილობს ეს სახელი ღირსეულად გაამართლოს:

(ანა მიქაძის ხმა) ”მე, მაგალითად, სახლში ვმეტყველებ კიდეც ძველქართულად. იმდენად მომწონს ეს როლი, რომ შეიძლება რაღაცა სიძველეზე ვიფიქროთ, ყველამ ერთად ვიფიქროთ... იმიტომ რომ ეს არის წარსული, დღევანდელობა და ხვალინდელი დღე. ხვალ კიდევ ეს, უბრალოდ, ელემენტარულად, ბიზნესია - სერიოზული, ქვეყნისთვის საკმაოდ სერიოზული შემოსავლები.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტფილისის ჰამქარს”, ”ქამრიანი სონას” გარდა, არც მეტი და არც ნაკლები, თავისი უსტაბაშიც ჰყავს და ის რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ. შახ-ტახტის ციხის - ერთ დროს ამ მრისხანე ბასტიონის - ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის შესახებ ის ყოველკვირეულ პროგრამა ”მე-10 სტუდიაშიც” მოგვითხრობდა. შემდეგ მას არაერთი თანამოაზრე გამოუჩნდა. თუმცა შახ-ტახტის ციხემ ჯერ კიდევ ვერ მიიპყრო კულტურის სამინისტროს ყურადღება. უწყების წარმომადგენლები არც 1 ნოემბრის აქციაზე გამოჩენილან. სამაგიეროდ, სოლოლაკის ქედზე მდებარე ციხის ნანგრევების დასასუფთავებლად მოვიდნენ გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.

(ისმის ბავშვების ხმაური)

შეკითხვას - რატომ გაუჩნდათ აქციაში მონაწილეობის სურვილი, ბავშვები ამაყად პასუხობენ:

(მოსწავლეების ხმები) ”კარგია, რომ ვასუფთავებთ ისტორიულ ძეგლს.../ გული მომიწევდა.../ რო დავასუფთაო და გავალამაზო ეს ციხე. ეს არის ქალაქის ისტორიული ძეგლი. აქ შეიძლება ბევრი რაღაც აღმოჩნდეს მიწის ქვეშ.” (სტილი დაცულია)

ვიდრე აქციას შემოუერთდებოდნენ, გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შახ-ტახტის ისტორიული ციხის შესახებ სპეციალური გაკვეთილიც ჩაუტარდათ. ახლა მათ ზეპირად იციან, რომ ციხე კეტავდა ქალაქის მთავარ შემოსასვლელს და რომ სწორედ აქ გადიოდა თურქეთ-ახალციხის გზაც. შახ-ტახტი იმიტომ ჰქვია, რომ ყიზილბაშთა ბატონობის დროს ერთ-ერთ შაჰს ძირითად სადგომად ეს ციხე გადაუქცევია და სწორედ აქედან უმართავს თბილისი.

ამ უნიკალურ ისტორიულ ძეგლს დიდი ზიანი მიაყენა სოლოლაკის ქედის გაუაზრებელმა გამწვანებამ, რაც კომუნისტების ეპოქის ხელწერაა. ”ტფილისის ჰამქრის” ერთ-ერთი წევრი, ”ტემპერა”, იგივე გოგა ქართველიშვილი, ამბობს, რომ კომუნისტების დანატოვარი კიდევ ერთ ცოდვას სჩადის:

(გოგა ქართველიშვილის ხმა) ”ფერდობზეც იმდენი ხე და უმნიშვნელო მცენარეა ამოსული, რომ ეს საერთოდ არ ჩანს ქალაქიდან. უნდა გაიწმინდოს ამ ნარგავებიდან, ბუჩქებია აქ, ძირითადად... უნდა გამოჩნდეს ქალაქიდან. ეს არის ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.” (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, “ტფილისის ჰამქრის” წევრებმა და მათმა თანამოაზრეებმა 1 ნოემბერს შახ-ტახტის ციხის ნანგრევების დასუფთავებით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი თბილისის ისტორიას. ახლა კი მათი ჯერია, ვისაც ამ უნიკალური ძეგლის გამოცოცხლება შეუძლია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG