Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პროგნოზს აკეთებს რუსეთის პრესა რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი რუსეთის ბეჭდვითი თუ ელექტრონული მედია დიდ ყურადღებას უთმობს ამ საღამოს მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.


იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი არ კეთდება, რუსი ჟურნალისტები თავად დიალოგის აღდგენას საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებებს შორის პოზიტიურ შეფასებას აძლევენ. მინდა რამდენიმე პუბლიკაცია გაგაცნოთ.

”მხოლოდ კონტაქტი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რა წინადადებებით ჩამოვიდა ბატონი მინისტრი” - ქართველ მინისტრთან შეხვედრის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის ამ სიტყვებს ავრცელებს ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუ”. თავად ივანოვი არ მალავს, თუ რას მიიჩნევდა ოფიციალური მოსკოვი, ასე ვთქვათ, პოზიტიურ სიგნალად - მაგალითად, ქართული მხარის განცხადებას კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ ან განცხადებას ცხინვალისა და სოხუმის ხელისუფლებებთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. გამოცემის ვარაუდით, მართალია, ოქტომბრის ბოლოს რუსეთში ანტიქართულმა კამპანიამ სიმწვავე დაკარგა, მაგრამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება მოწმობს, რომ საგნობრივ დიალოგამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი.
ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომის” აზრით, გელა ბეჟუაშვილის მოსკოვური ვიზიტი, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის არსებული სირთულის განმუხტვისთვის იქნეს გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვშიც და თბილისშიც დიალოგის შესაძლებლობის თაობაზე გაკეთდა განცხადებები. სხვა საკითხია, როგორ წარმოუდგენია მოსკოვს ვითარების განმუხტვა. ამ მხრივ, პოლიტკომის თქმით, იგორ ივანოვის განცხადება კონსტრუქციული დიალოგის დაწყების საფუძვლად ვერ გამოდგება. ციტატა პუბლიკაციიდან: “ივანოვის აზრით, ვითარების ნორმალიზაციისთვის საქართველომ უნდა აღიაროს, რომ მისი პოლიტიკა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა და შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს - ის, თავისი რუსი კოლეგის მსგავსად, თავს შეუცდომლად მიიჩნევს. ჯერჯერობით კი მოსკოვი ყოველნაირად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ქართველი მინისტრის მიღებით ისედაც დიდ სამსახურს უწევს ოფიციალურ თბილისს.”- ამავე პუბლიკაციაში გაკვირვებაა გამოთქმული დილით გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უარი თქვა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე.”იქნებ დსთ-ს ქვეყნების ერთი მინისტრი მაინც დაასახელოთ, რომელიც პუტინს შეხვედრია? რომელი პროტოკოლით არის განსაზღვრული ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა?” - კითხულობს “პოლიტკომი” და დაასკვნის: ”ასეთი ინფორმაციის გავრცელება თავისებური სიგნალის როლს ასრულებს - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მაინც ჩამოვიდა, ის კრემლში არ მიიღეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინს არ დავიწყებია მიხეილ სააკაშვილისგან მიღებული შეურაცხყოფა და ჯერ კიდევ ელის მისგან პირად მობოდიშებას,” - წერს ”პოლიტკომი”.
XS
SM
MD
LG