Accessibility links

logo-print

ინტერვიუ საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ყოფილ ხელმძღვანელ ტორბენ ჰოლცესთან


ევროკომისიის დელეგაციას თბილისში ტორბენ ჰოლცე 5 წლის წინ ჩაუდგა სათავეში. მაშინდელ პერიოდს აწმყოს რომ ადარებს,

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად ეკონომიკისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას მიიჩნევს. იხსენებს ევროკავშირის ჰუმანიტარული ოფისის – “ექოს” წარმომადგენელ გიუნეტრ ბოიხელის მკვლელობას 2001 წელს და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებას 2002 წელს.

თბილისში ჩამოსვლამდე ტორბენ ჰოლცე ერაყსა და იემენში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე მუშაობდა ეგვიპტეში, იამაიკასა და სომალიში. განათლებით ინჟინერი გახლავთ. დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე ორი წლის მანძილზე დანიის საჰაერო ძალებშიც იმუშავა.

ხვალიდან ევროკომისიის დელეგაციას თბილისში შვედი დიპლომატი პეერ ეკლუნდი ჩაუდგება სათავეში. ტორბენ ჰოლცე კი თბილისიდან დანიაში გაემგზავრება. ნინო გელაშვილი მას დელეგაციის ოფისში გაესაუბრა:

-
ბატონო ელჩო, ევროკავშირს აქვს თავისი ინტერესი სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის გაღრმავებაში. ყოველთვის შეესაბამება თუ არა ევროკავშირის ინტერესებსა და შესაძლებლობებს საქართველოს მთავრობის მოლოდინი და ინტერესები?

-
საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ სურთ შექმნან დასავლეთევროპული ტიპის სისტემა. მთავრობების შეცვლის მიუხედავად, არ შეცვლილა მიზანი, რაც, ევროპული სისტემის შექმნის გარდა, ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს, ანუ იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, როგორიც უნდა იყოს ევროკავშირი 5-10 წლის შემდეგ. თუკი ვისაუბრებთ ინტერესთა განსხვავებულობაზე, ამას, როგორც წესი, ხანმოკლე ხასიათი აქვს ხოლმე. მიზანი უცვლელი რჩება და აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, ამ მიზნის მიღწევის გზებს შეეხება, თუმცა ეს განსხვავებებიც არ არის დიდი.

-
მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ - განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის სპიკერმა - ძალიან მაღალი შეფასება მისცა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების შესახებ. როგორ ფიქრობთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, რას აცხადებს ევროპარლამენტი ამა თუ იმ საკითხზე?

-
შესანიშნავად დასვით საკითხი: ერთია რა თქვა პარლამენტმა. დიახ, პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირში. ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყანაში მთავრობის წევრების დიდ ნაწილს პარლამენტი ირჩევს. ევროპარლამენტის შემთხვევაში ასე არ არის. ევროკავშირის საბჭოს წევრები წევრი ქვეყნების მთავრობას წარმოადგენენ. ასე რომ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საყურადღებოა ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაგრამ ისინი არ არიან ვალდებული შეასრულონ იმ ტიპის რეზოლუციები, როგორიც საქართველოზე მიიღო ევროპარლამენტმა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან მასში გამოხატულია ევროპარლამენტის წევრთა სურვილი და საქართველოში არსებული ვითარების აღქმა.

-
შეგიძლიათ თუ არა განმარტოთ რეზოლუციის ეს აბზაცი?

-
რომელი?

-
აი, ეს, მეცხრე აბზაცი, სადაც სამშვიდობო ძალებზეა საუბარი. საქართველოს მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, რომ რეზოლუცია არის წინგადადგმული ნაბიჯი კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებისკენ. ამაზეა საუბარი რეზოლუციაში. საკმაოდ დამაბნევლად წერია, არა?

-
ჰმ... რეზოლუციას რომ თავი დავანებოთ, ბოლო ათი წლის მანძილზე თქვენი კონფლიქტების მოგვარებაში არ ყოფილა დიდი პროგრესი. როგორ უნდა დააღწიოთ თავი ამ გამოუვალ მდგომარეობას? უნდა შეიცვალოს სამშვიდობო ფორმატი, რაზეც თქვენი მთავრობა ლაპარაკობს. თუმცა, თუკი მას სურს ფორმატის მკვეთრად შეცვლა, ძალიან რთული იქნება ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა სხვა მხარეებთან. იქნებ, ნელი, ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილების შემთხვევაში მეორე მხარემაც დაინახოს ცვლილების საჭიროება. მე დავეთანხმებოდი ამ რეზოლუციაში მოცემულ ზოგიერთ ელემენტს, როცა საუბარია გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტის ზონებში სამხედრო ძალის შემცირებასა და სამოქალაქო პოლიციური ძალის შეყვანაზე. არა მგონია, ვინმე არ ეთანხმებოდეს ამ აზრს. საქმე ის არის, როდის უნდა მოხდეს ეს, რომელ ეტაპზე. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოცემულია ნაბიჯები, რომლებსაც წინ უნდა უძღოდეს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგი. მე მხოლოდ მივესალმები სააკაშვილის მიერ კოკოითისთვის შეხვედრის შეთავაზებას. მართალია, გარკვეული წინაპირობით, მაგრამ იმედი მაქვს, ეს შეხვედრა შედგება და სულ ერთია სად მოხდება ეს. შეიძლება ამ შეხვედრას არ ჰქონდეს აუცილებლად დადებითი შედეგი, მაგრამ სააკაშვილი და კოკოითი უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. სხვაგვარად რაიმე ურთიერთგაგების მიღწევა წარმოუდგენელია. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართველებისთვის, ისე ოსებისთვის იმის გასაგებად, თუ რაშია განსხვავება.

-
მოდით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ვისაუბროთ: ევროკავშირის საბჭომ გამოხატა ძლიერი შეშფოთება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო. რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს, განცხადების გარდა? ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა შევა ევროკავშირ-რუსეთის დღის წესრიგში?

-
დარწმუნებული ვარ ეს საკითხი შევა სამიტის დღის წესრიგში. რუსეთთან შეხვედრების უმრავლესობაზე ეს საკითხი იხილება ხოლმე, მათ შორის - უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებზე ევროპის ლიდერებსა და პუტინს შორის. ევროკავშირი დაინტერესებულია კავკასიაში ნორმალური ვითარების შექმნით და იმით, რომ საქართველოში არსებული ორი კონფლიქტი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს.

-
მაშინ სხვაგვარად გკითხავთ: აქვს თუ არა ევროკავშირს ერთიანი სტრატეგია რუსეთის მიმართ და არის თუ არა ეს სტრატეგია ჰარმონიაში სამხრეთ კავკასიის მიმართ არსებულ სტრატეგიასთან?

-
კარგი კითხვაა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებს ესაზღვრება. მათ განსხვავებული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. საჭიროა ამ განსხვავებების შერწყმა და ერთიან სტრატეგიაში მოქცევა, რაც იოლი არ არის. ერთი რამ ყველა წევრისთვის ნათელია: რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო პარტნიორი, აგრეთვე როგორც ბუნებრივი აირისა და ნავთობის ძირითადი მომწოდებელი. რასაკვირველია, ეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე რუსეთთან. თქვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული ურთიერთობა აქვთY რუსეთთან. თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია: აზრთა სხვადასხვაობა არსებობს შეერთებულ შტატებთან დამოკიდებულებაშიც.

-
ბუნებრივია, რუსეთის უგულებელყოფა არც ერთ მის მეზობელს არ შეუძლია. მაგრამ როცა საქმე ეხება ქსენოფობიას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ევროკავშირი ამ ფასეულობებსა და ენერგეტიკის საკითხებს დებს სასწორზე?

-
ბოლო შეხვედრაზე ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ წამოჭრა ეს საკითხი. საქმე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც რომ არ ეხებოდეს, სრულიად მიუღებელია იმგვარი დამოკიდებულება, როგორსაც რუსეთი იჩენს ქართველების მიმართ. ეს საკითხი ზოგიერთმა ლიდერმა წამოჭრა პუტინთან შეხვედრაზე. არ ვიცი როგორი იყო პუტინის პასუხი, მაგრამ მნიშნველოვანია, რომ საკითხი დაისვა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ლიდერებს შორის დანიის პრემიერ-მინისტრიც იყო. მაგრამ ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ: ჩვენ საკმარისი ბუნებრივი აირი და ნავთობი გვაქვს.

-
იცით, რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტა. რის გაკეთებას ურჩევდით საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შეძლონ რუსეთის ბაზრის ევროპის ბაზრებით ჩანაცვლება?

-
ევროპის ბაზარი იოლად მოსაპოვებელი არ არის. ამის მტკიცებას ნამდვილად არ შევუდგები. ორი რამ არის აუცილებელი: პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ევროპისას - ამ მხრივ საქართველოში პროგრესი შეინიშნება – და, მეორე, მარკეტინგი. თქვენ უნდა იყოთ სანდო მიმწოდებელი. ექსპორტის თვალსაზრისით, მე თქვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციას განვიხილავდი. ამ პროდუქციის ხარისხი საქართველოში ძალიან კარგია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ღორის ხორცს, რომელიც ძალიან გემრიელია. გაითვალისწინეთ, რომ მე ვარ ქვეყნიდან, სადაც საუკეთესო ღორის ხორცი იწარმოება. ქართული შებოლილი ღორის ხორცი ევროპის ბაზარზე მაღალკონკურენტუნარიანი იქნებოდა. ამასვე ვიტყოდი ქართულ პამიდორზე. თუმცა ამ პროდუქციის ექსპორტისთვის საჭიროა მომზადება: უნდა შეიქმნას მწარმოებელთა გაერთიანებები, რომ მოხდეს პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საჭიროა კონტაქტის დამყარება სუპერმარკეტების რომელიმე ევროპულ ქსელთან. მცირე მწარმოებლისთვის შეუძლებელი იქნება ექსპორტზე მუშაობა. ვარდების რევოლუცის შემდეგ მოსული მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ეს მიმართულება სახელდებოდა. თუმცა ძალიან ნელა მოქმედებდნენ. გარკვეული პროგრესი შეინიშნება ბოლო ნახევარი წლის მანძილზე. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა შეადგინოს სოფლის მეურნეობის პროდუქციამ ექსპორტის დიდი წილი.

-
თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ გარკვეული ხნის მანძილზე დასვენებას აპირებთ. სამშობლოში მიეშურებით?

-
დიახ, დანიაში ვბრუნდები.

-
თუ არ მეშლება, სომალი, ეგვიპტე და საქართველო დაასახელეთ თქვენს საყვარელ ქვეყნებს შორის. რატომ ეს სამი ქვეყანა?

-
არა, არა. ყველაზე მეტად საქართველო და ეგვიპტე მომწონს.

-
რატომ, რაიმე მსგავსებაა ამ ორ ქვეყანას შორის?

-
ვერ ვიტყოდი.

-
ანუ თქვენი არჩევანი, უბრალოდ, ემოციას ეფუძნება?

-
მე არ ვარ ემოციური. [იცინის] ისე, კარგი შეკითხვაა. ეგვიპტე და საქართველო ბევრი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ორივე ქვეყანას დიდი ხნის ისტორია აქვს, ორივე მომხიბლავი და საინტერესოა. ეგიპტეში დიდი მთები არ არის, არ თოვს. ბუნება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აგრეთვე ხალხიც. ეგვიპტელებში მაოცებდა მათი უნარი ეხუმრათ საკუთარ თავზე. ეს ქართველებსაც ახასიათებთ, მაგრამ არა ისე, როგორც ეგვიპტელებს. მსგავსი არაფერი მინახავს. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი თვისებაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG