Accessibility links

logo-print

ყირგიზი დემონსტრანტები პრეზიდენტისაგან რეფორმებს, ან გადადგომას მოითხოვენ


ყირგიზეთის დედაქალაქში დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე. ის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ "რეფორმებისათვის" მოაწყო

მოთხოვნით, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა ან განახორციელოს დაპირებული რეფორმები, ან კიდევ გადადგეს. მაგრამ დემონსტრაციის მოწყობა დღეს არც პრეზიდენტის მომხრეებმა დაიზარეს. ასე რომ, ბიშკეკის ცენტრალურ ალატუს მოედანზე ყირგიზები ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ, თუმცა პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით უფრო ნაკლები აღმოჩნდა

ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტების რიცხვმა კი 15 000 კაცს გადააჭარბა და მათს რიგებში, საპროტესტო გამოსვლის დაწყებისთანავე, ადგილობრივი დროით 14 საათზე გაიჟღერა მოწოდებამ პრეზიდენტის გადადგომისაკენ.

[დემონსტრანტების ხმა] “ვაშა ტეკებაევს! ბაკიევო, წადი!”

ომურბეკ ტეკებაევი, რომლისადმი მხარდაჭერასაც დემონსტრანტები გამოთქვამდნენ, ოპოზიციურ მოძრაობა “რეფორმებისთვის” ლიდერთაგანია. მისმა მოძრაობამ გაუწია ორგანიზება დღევანდელ გამოსვლას, რადგან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბაკიევს არ შეუსრულებია დაპირებები, დადებული მას შემდეგ, რაც შარშან მარტში მაშინდელ პრეზიდენტ ასკარ აყაევის რეჟიმი დაამხეს.

ოპოზიციონერი ტეკებაევი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დღეს დემონსტრანტების წინაშე გამოსვლისას “ისტორიულ დღეზე” ლაპარაკობდა:
[ტეკებაევის ხმა] “დღეს ისტორიული დღეა. მოვედით, რათა შევახსენოთ ხელისუფლებას დანაპირები და მოვითხოვოთ მისი შესრულება. თუ არ მოვახდენთ ხელისუფლებაზე ზეწოლას - ფსიქოლოგიურს, მორალურს და პოლიტიკურს - ის დანაპირებს არ შეასრულებს. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ რეფორმები”.

დღევანდელ დემონსტრაციაზე მთავრობისადმი მკაცრი კრიტიკით გამოსულებს შორის არის როზა ოტუნბაევაც - ოპოზიციურ პარტია “ასაბას” ლიდერთაგანი, რომელიც წარსულში, გაეროში საქმიანობისას, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესშიც იყო ჩართული, შემდეგ კი, უკვე ბაკიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოკლე ხანი ყირგიზეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. დღევანდელ დემონსტრაციაზე ის უუნარობაში ადანაშაულებდა ყირგიზეთის ახალ მთავრობას, რომლის შენობასაც “თეთრ სახლს” უწოდებენ: [ოტუნბაევას ხმა] “ორი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც აქ ვიდექით - ზუსტად ამ ადგილას. გვეგონა, რომ მთელი ქურდები თავიდან მოვიცილეთ. მაგრამ ქურდებმა ისევ დაიპყრეს თეთრი სახლი”.

რაც შეეხება პრეზიდენტ ბაკიევს - ის დღეს პარლამენტში მივიდა და პირობა დადო, რომ მომავალი კვირის დასაწყისშივე წარადგენს ახალი კონსტიტუციის პროექტს: [ბაკიევის ხმა] “ორშაბათს პირადად მე წარმოგიდგენთ კონსტიტუციის პროექტს. ვფიცავ. გთხოვთ, ათ დღეში გაეცნოთ დოკუმენტს. ამ საქმეს ნუ გააჭიანურებთ, რადგან თუ ის პარლამენტმა არ მიიღო, მე როგორ მოვიქცე? მაშინ რეფერენდუმის ჩატარება მომიწევს”.

ბაკიევს ისიც აქვს ნათქვამი, რომ შესაძლოა პარლამენტის დათხოვა სცადოს, თუ კომპრომისს ვერ მიაღწევენ. საქმე ის არის, რომ საგანგებო კომისიამ, რომელშიც მთავრობის და ოპოზიციის წევრები შედიან, ახალი კონსტიტუციის სხვადასხვაგვარი ვერსიები მოამზადა. ერთი ითვალისწინებს საპარლამენტო სისტემას, მეორე საპრეზიდენტოს, მესამე კი საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემების ერთგვარ შეჯერებას. პრეზიდენტი ბაკიევი არ მალავს, რომ უპირატესობას ანიჭებს ამჟამად ძალაში მყოფ სისტემას -ძლიერი აღმასრულებელი შტოს შენარჩუნებას, მიუხედავად ბევრის მოთხოვნისა, რომ ახალმა კონსტიტუციამ პარლამენტის როლი უნდა გაზარდოს.

ამასობაში კი ბიშკეკის ცენტრში დემონსტრაცია გრძელდება: ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა 200-მდე მომცრო კარავი აღმართეს. წესრიგის დაცვა ასობით პოლიციელს ევალება. ეს კი რთული ამოცანაა: შარშანდელი გამოსვლები, რომელთაც პრეზიდენტ ასკარ აყაევის გაძევება მოჰყვა, გაცილებით უფრო მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე დღევანდელი დემონსტრაცია.
XS
SM
MD
LG