Accessibility links

სკანდალი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე


სკანდალმა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, საბოლოო ჯამში, სწორედ ის თანამდებობის პირი შეიწირა, რომელმაც ყველაფერი ეს წამოიწყო.

უკვე მიღებულია წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის თინათინ ტურძელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, რომ ტურძელაძის უწყებაში გაბატონებული იყო ბიუროკრატია და არაკომპეტენტურობა მას შემდეგ გაკეთდა, რაც წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფარმაცევტულ კომპანია ”პეესპეს” (PSP) სერიოზული ბრალდება წაუყენა და ის არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული საბავშვო პრეპარატის რეალიზებაში დაადანაშაულა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნულ პრეპარატზე სარეგისტრაციო მოწმობა არსებობს, რაც 2 ნოემბერს სასამართლოს წარედგინა კიდეც. სასამართლო დავის განხილვა 3 ნოემბრისთვის გადაიდო. მე შევეცადე ამ ფარმაცევტული სკანდალის დეტალებში გავრკვეულიყავი.

2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მტკიცებულებად არ მიიღო წამლის სააგენტოს მიერ რუსულ ენაზე წარმოდგენილი დადგენილება, რომელიც აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. წამლის სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილებაში საუბარია მეზობელი ქვეყნის მიერ იმ საბავშვო პრეპარატის (”პანადოლ ბეიბის სანთლის”) აკრძალვაზე, რომელიც მას ფარმაცევტული კომპანია პეესპეს (PSP) საწყობში ეგულება. მაკონტროლებელმა უწყებამ სასამართლოსაც სწორედ იმისთვის მიმართა, რომ პეესპეს მედიკამენტების საცავში შეღწევისა და მისი შემოწმების ნებართვა მიეღო. ფარმაცევტულ კომპანიაში არ უარყოფენ, რომ საბავშვო პრეპარატი (სერიით 60-48) მათ საწყობში მართლაც ინახება; სამაგიეროდ, უარყოფენ მედიკამენტის ლეგალურობასა და ხარისხთან დაკავშირებულ ეჭვებს. კომპანია პეესპეს (PSP) დირექტორი გოჩა გოგილაშვილი ”შავ პიარს” ახსენებს:

(გოჩა გოგილაშვილის ხმა) ”პრეპარატი ”პანადოლის სანთელი” არის რეგისტრირებული და, ასევე, ხარისხზე შემოწმებული. მოსახლეობისთვის ხარისხიანი პრეპარატის მიწოდება პეესპესათვის იყო, არის და იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცალკეულ ნაკლებად კომპეტენტურ მოხელეებს არ უნდა შეეძლოთ უსაგნო ბრალდებების წაყენება და შავი პიარის აგორება პირადი მიზნებისათვის.” (სტილი დაცულია)

გოგილაშვილი დარწმუნებულია, რომ ”ცალკეული ნაკლებად კომპეტენტური” მოხელეების მიერ წარმოებული ”შავი პიარი” პეესპეს (PSP) მტკიცე რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. ძნელი სათქმელია, რამდენად გაუტყდა ფარმაცევტულ კომპანიას სახელი, მაგრამ, როგორც ჩანს, მომხმარებლებს გარკვეული ეჭვები მაინც გაუჩნდათ. 2 წლის ნათიას დედას, რომელიც რადიო “თავისუფლებას” თავად დაუკავშირდა, ეჭვი აქვს, რომ ხარისხიანობით არც პეესპეს ქსელში ნაყიდი ”პანადოლის” სიროფი გამოირჩევა:

(მშობლის ხმა) ”შევატყვე, რომ ”პანადოლს” რომ მივცემდი, სიცხე არ ვარდებოდა. ერთხელ, შემთხვევა იყო ღამით, აუწია სიცხემ და რომ ვერ დავაგდეთ სიცხე, დავურეკე ექიმს და მხოლოდ ამის შემდეგ მითხრა, რომ სასწრაფოდ მიმეცა ანალგინი.” (სტილი დაცულია)

”შავ პიარზე” კომენტარს არ აკეთებს, თუმცა იმას, რომ ფარმაცევტულ კომპანია პეესპესა (PSP) და ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელ სტრუქტურას შორის დიდი ხნის (დაახლოებით - ერთი წლის) წინათ შავმა კატამ ჩაირბინა, არ უარყოფს წამლის სააგენტოს აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი თინათინ ტურძელაძე. ის ამბობს, რომ არსებული მწვავე უთანხმოება ხშირად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტშიც ირჩეოდა:

(თინა ტურძელაძის ხმა) ”უთანხმოებაა ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება. დიდი ხანია გამჟღავნდა. უბრალოდ, ახლა მოხვდა საზოგადოების სფეროში.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გიგი წერეთელის თქმით, წამლის სააგენტოს მხოლოდ პეესპე (PSP) არ ედავებოდა და რომ კომიტეტს არაერთი სხვა კომპანიაც მიმართავდა. მათი საჩივრები პრეტენზიების ფართო სპექტრს მოიცავს:

(გიგი წერეთლის ხმა) ”მუდმივად ჩივილი იმაზე, რომ არის რაღაც საოცარი ბიუროკრატია, რომ პასუხს წესიერად არავინ არ მისცემს. ყველა მხრივ იყო საკმაოდ ბევრი უკმაყოფილება.” (სტილი დაცულია)

გიგი წერეთლის ნათქვამს ადასტურებს პეესპეს (PSP) კონკურენტი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის, ჯიპისის (GPC), დირექტორი დავით კილაძე. მისი შეფასებით, წამლის სააგენტოს მოქმედებები ხშირად არაადეკვატური იყო:

(დავით კილაძის ხმა) ”...რაც ძალიან დიდი დოზით არის დაკავშირებული სააგენტოში არაკომპეტენტურობისა და ბიუროკრატიული ელემენტების არსებობასთან, რა... რეგისტრაცია, საერთოდ, ამ სააგენტოს ”აქილევსის ქუსლია”, რა... და ბოლო პერიოდში ეს გახდა რაღაც ”საჯილდაო ქვა”, რა... ერთმანეთისთვის ამ დარგში, ასე ვთქვათ, ცოდნის გამომჟღავნების რაღაც თემად გადაიქცა.” (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. თუმცა ”საჯილდაო ქვა” უკვე საბედისწერო აღმოჩნდა წამლის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ყველა წყენა ერთად გაუხსენეს. ჯანდაცვის სამინისტრო თინათინ ტურძელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს.
XS
SM
MD
LG