Accessibility links

logo-print

რას მოელიან საქართველოში გელა ბეჟუაშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრისგან?


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქს რუსეთ-საქართველოს უმწვავესად გართულებული ურთიერთობის მოწესრიგების სურვილით ესტუმრა.

ოფიციალური მოსკოვი შექმნილი მდომარეობის გამოსწორების წინაპირობად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლას ასახელებს. ასეთი მოსაზრება ამ დღეებში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა გამოთქვა. აპირებს თუ არა საქართველო პოლიტიკის ისე შეცვლას, როგორც ეს რუსეთს სურს და რას მოელიან საქართველოში გელა ბეჟუაშვილის ვიზიტისგან?

მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის დაწყებამდე რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის კომენტარი:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაძაბულობა, რომელიც ჩამოყალიბდა, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებს. თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეცვლის თავის პოლიტიკას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიცვლება ჩვენი ურთიერთობების ატმოსფეროც.”

იგორ ივანოვთან შეხვედრის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, მართლაც, გამოთქვა მზადყოფნა გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ ინტერესები ერთმანეთის და ჩვენ მზადა ვართ გავიგოთ და გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები კავკასიაში. ურთიერთპატივისცემის გარეშე ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.”(სტილი დაცულია)

ამ საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გელა ბეჟუაშვილმა და სერგეი ლავროვმა დაგეგმილზე დიდხანს ილაპარაკეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მხოლოდ გელა ბეჟუაშვილი გამოვიდა. სერგეი ლავროვმა კი მანამდე ასეთი რამ განაცხადა:

[სერგეი ლავროვის ხმა] ”ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის არცთუ კარგ პერიოდში. მე მზად ვარ ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის, რათა მეტი სიცხადე შევიტანოთ იმაში, რისი გაკეთებაც აუცილებელია პრობლემათა მოსაგვარებლად.”

მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თქვა, რომ დიალოგი საკმაოდ რთული იყო:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”.... იხ. აუდიოვერსია

ქართული მხარის ასეთ განწყობას კრიტიკით შეხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მიზნით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პოლიტიკურ პრიორიტეტებს დათმობს. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, საპარლამენტო ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრის, ფიქრია ჩიხრაძის აზრით:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”საქართველოს ხელისუფლებას მეტი დათმობა, ალბათ, არც სჭირდება. რუსეთს სჭირდება, რომ საქართველო იყოს დსთ-ს სივრცეში, რუსეთს სჭირდება, რომ სამშვიდობო ძალები კვლავ რჩებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ეს იყოს მათთვის მანიპულირების მექანიზმი საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად.”

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა რუსეთის ინტერესების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, როდესაც გაახანგრძლივა რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი და უარი თქვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებაზე.

საპირისპირო აზრი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს. მისი თქმით, თანამეგობრობიდან გამოსვლა მზადების პროცესშია და ის აუცილებლად განხორციელდება:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”საქართველო ვერ შეცვლის თავის ძირითად პოლიტიკურ ორიენტაციას. ამიტომ, თუ ეს არის ამოცანა - საქართველომ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალოს, რომ რუსეთმა ამის გამო უფრო მეტად დაგვსაჯოს, ანუ უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს დასჯისა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ბეჟუაშვილის იქ ყოფნა და მოლაპარაკება ნიშნავს ურთიერთობების ცივილიზებულ ჩარჩოებში გადატანას და არა იმას, რომ საქართველომ შეიძლება რაღაც დათმობები გააკეთოს.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ოდნავ მაინც შეამსუბუქებს და ხელს შეუწყობს მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის განახლებას.
XS
SM
MD
LG