Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყო და არა იყო რა...


წამიკითხე ზღაპარი, - ასე სთხოვს ხოლმე ბავშვი უფროსს.

მოდი, ახლა ზღაპარს გიამბობ, - ამას კი მშობლები ან აღმზრდელები სთავაზობენ პატარებს. შემდეგ დრო გადის და ეს პატარები ამ სიტყვას, ზღაპარს, სხვა მნიშვნელობას შესძენენ. ზღაპარს ნუ მიყვები, ასეთია ხოლმე პასუხი დაუჯერებელ ამბავზე, მოგონილზე, ტყუილზე. არავინ აღიარებს, რომ სიყალბე მოსწონს, ტყუილის მოსმენა სურს, მაგრამ განა ყოველთვის ვახერხებთ ტყუილისა და სიმართლის გარჩევას, თუკი დამამტკიცებელი საბუთი არა გვაქვს?
ზღაპარში ამბავი უხილავ და ხილულ სფეროებში ხდება. იქ ჯადოსნური, კეთილი და ბოროტი არსებები ცხოვრობენ. ხანდახან ბოროტი იმარჯვებს, საბოლოოდ კი, უსათუოდ - კეთილი. ანუ ბავშვები იმ ასაკში, როცა ჯერ კიდევ განსჯის უნარი არა აქვთ, ცხოვრებას ზღაპრიდან ეცნობიან, იქიდან სწავლობენ. ბავშვები, თუკი ისინი ჯანსაღად ვითარდებიან, ინტერესით ისმენენ ზღაპრებს. ამ მხრივ, ბევრია დამოკიდებული უფროსებზე, იმაზე, თუ რას უკითხავენ და როგორ უკითხავენ, უკითხავენ თუ უამბობენ.
ჩვენ ორ აღმზრდელს ვესაუბრეთ ტელეფონით. ორივე ბავშვების მოყვარულია და ზღაპრებსაც ხშირად უამბობენ მათ. თბილისში მუშაობს პედაგოგად ქეთი ყიფიანი.

(ყიფიანის ხმა)

სჯერათ თუ არ სჯერათ? ეს შეკითხვა უფროსებს გვიჩნდება. ბავშვი თვითონ ამ შეკითხვას არ სვამს. მისთვის ზღაპარი რეალობაა. შესაბამისად, ის ინტერესით ისმენს მონათხრობს, განიცდის მას. ზღაპარში, რაკი იქ ცხოვრებაა აღწერილი, ხშირად არის სიკვდილი, არცთუ იშვიათად, დღეს რომ ძალადობას უწოდებენ, ისეთი ქმედებაც. უნდა დავიცვათ თუ არა ბავშვი მისგან, უნდა შევუმსუბუქოთ თუ არა მას ზღაპარში არსებული სისასტიკე?

ქეთი ყიფიანი ამბობს, რომ ის ცდილობს შეუმსუბუქოს:

(ყიფიანის ხმა)

გერმანიაში სკოლისთვის მოსამზადებელი ბაშვების აღმზრდელია ზაბინე შტენდერი. მისი თქმით, ბავშვისთვის ლოგიკურია, რომ, მაგალითად, ბოროტი დედაბერი უნდა მოკვდეს, მაგრამ ის იქვე იმაზეც ლაპარაკობს, თუ როგორ მოვუთხრობთ ბავშვებს ზღაპარს ამის შესახებ.

(შტენდერის ხმა)
“ბავშვებისთვის სრულიად ლოგიკურია, რომ ბოლოს ჯადოქარი უნდა მოკვდეს და ღუმელში დაიწვას. ეს ამბავი ფროსებისთვის არის საშინელი თუ საშიში. რა თქმა უნდა, ბავშვის რეაქცია იმაზეცაა დამოკიდებელი, თუ როგორ უამბობ მას ზღაპარს. თუკი გაზვიადებულად, ყალბად, დრამატულად უყვები, ბავშვები სხვაგვარად რეაგირებენ.”

რამდენი აღმზრდელიცაა, ალბათ, თხრობის იმდენი მანერა არსებობს. მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ პატარებისთვის ზღაპრის მოყოლისას მხოლოდ ინფორმაცია, ანუ შინაარსი, არ არის მთავარი. ბავშვებს, უბრალოდ, სიტყვის მოსმენა უყვართ.

(შტენდერის ხმა)
“ეს სწორედ ის არის, რაც ბავშვებს უყვართ - ჩვენთვის უჩვეულო სიტყვები, გამოთქმები. ისინი ენას თითქოს გემოს უსინჯავენ.”

ხალხურ ზღაპრებთან ერთად, ყველაზე მეტად გავრცელებულია ძმები გრიმებისა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიერ შეთხზული ზღაპრები. ჩვენი საუბრის თემა ესეც იყო. ჯერ ქეთი ყიფიანს მოვუსმინოთ.

(ყიფიანის ხმა)

ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ გერმანიაში - ძმები გრიმები, იაკობი და ვილჰელმი, რომლებმაც ხალხური ზღაპრები, გერმანული ლეგენდები დაამუშავეს. ძმები გრიმები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ. ეს ის დრო იყო, როცა მეზღაპრეების ინსტიტუტი - გერმანიაში ისინი, ძირითადად, ქალები იყვნენ - ნელ-ნელა ქრებოდა.

(შტენდერის ხმა)
“ზღაპრები დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ. ბიდერმაიერის ეპოქაში ბევრი ზღაპარი შეიცვალა. ამ დროს მეზღაპრე ქალებმა შეწყვიტეს ზღაპრების თხრობა, მათი ზეპირსიტყვიერად გავრცელება შეჩერდა. სწორედ ამ ხანებში დაიწყეს ძმებმა გრიმებმა ზღაპრების ჩაწერა, რაკი დაინახეს, რომ ეს იყო კულტურა, რომელსაც ბოლო ეღებოდა. ბიდერმაიერი კი ზღაპრების გადაკეთებას შეუდგა. უმეტესად, იცვლებოდა ხოლმე დასასრული.”

ზღაპრის მოსმენისას ადამიანი ხედავს ზღაპრის გმირებს. თუკი მას ნანახი აქვს ილუსტრაციები, - უარეს შემთხვევაში, კინოფილმი ამ ზღაპრის მიხედვით, - ის ამ ხატების ტყვეობაშია, ანუ მის ფანტაზიას გასაქანი არ ეძლევა. უნდა დავათვალიერებინოთ თუ არა ბავშვებს სურათები ზღაპრის თხრობისას? ამაზეც სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზაბინე შტენდერი ამბობს, მხატვრული ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ როცა მის ეკრანიზაციას ვნახულობთ, უმეტეს შემთხვევაში, იმედგაცრუებულები ვრჩებითო; ასევეა ბავშვისა და ზღაპრის ურთიერთობაშიცო. მთავარია ისე მოახერხო ზღაპრის თხრობა, რომ ბავშვმა თვითონვე წარმოიდგინოს შესაბამისი სურათებიო.

(შტენდერის ხმა)
“ზღაპრის სურათები იხატება სიტყვით იმის შესაბამისად, თუ როგორ უამბობ მას პატარას. ილუსტრაციები კი ცალკეული ადამიანის მიერ დანახული სურათებია, რაც წარმოსახვას ზღუდავს.”
]
ქართველი აღმზრდელი ქეთი ყიფიანი სხვა აზრისაა. ის ამბობს, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ილუსტრაციების თვალიერება.

(ყიფიანის ხმა)

“მთას ურემი ავიტანე,
წამოვიდა გორებითა,
აქ სიცოცხლით გამიძეხით,
საიქიოს ცხონებითა.”
ან კიდევ:
“ელასა, მელასა,
ჭიქა მეკიდა ყელასა,
მთქმელსაც და გამგონებელსაც -
სულის ცხონება ყველასა.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG