Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში პოლიტიკური ვითარება დაძაბული რჩება


ყირგიზეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - პრემიერ- მინისტრი ფელიქს ყულოვი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა

და განაცხადა, რომ ოპოზიცია მთავრობის ძალადობრივი გზით ჩამოგდებას გეგმავს. პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ მთავრობის დაცვის მიზნით ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს. ოპოზიცია კი საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ მთავრობა დაპირებულ რეფორმებს არ გაატარებს ან არ გადადგება.

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა პარლამენტის წევრებს მიმართა. მისი თქმით, ეროვნული უშიშროების სამსახურს ხელთ აქვს კომპიუტერი, რომელიც ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაციას შეიცავს. ეს ცნობები ადასტურებს, რომ ოპოზიცია ბიშკეკსა და რეგიონებში სამთავრობო შენობების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებას აპირებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყულოვმა პარლამენტარებს აუდიოჩანაწერებიც მოასმენინა, რომლებიც, მისი თქმით, ოპოზიციონერთა საუბრებს ასახავს. პრემიერ-მინისტრს ეჭვი არ ეპარება, რომ ჩანაწერები გაყალბებული არ არის:

[ყულოვის ხმა] ”ამ ჩანაწერებში მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაზეა ლაპარაკი. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო ტელევიზიის შენობაზე, ბიშკეკის მერიაზე, ეროვნული უშიშროების სამსახურზე, გენერალური პროკურორის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამავე დროს, საუბარია დედაქალაქის გარეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციის ხელში ჩაგდებასა და შემდეგ მოსახლეობის დარაზმვაზე.”

ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა კანონის შესაბამისად იქნება ჩახშობილი.

ოპოზიციის ლიდერები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ოპოზიციონერი პარლამენტარი მელის ეშიმკანოვი ამბობს, რომ ჩანაწერები ნებისმიერ შემთხვევაში უკანონოდაა მოპოვებული:

[ეშიმკანოვის ხმა] ”კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აკრძალულია არა მხოლოდ პარლამენტართა, არამედ ნებისმიერი მოქალაქის საუბრის ჩაწერა. ეს კანონით ისჯება.”

პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. რადიო “თავისუფლების” ყირგიზული სამსახურის მონაცემებით, ბიშკეკის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს დაახლოებით 2000 ადამიანი მივიდა. ისინი ქალაქის მერის არსტანბეკ ნოგოევისგან მოითხოვდნენ ან მიმხრობოდა მათ, ან გადამდგარიყო.

ბოლოს, ქალაქის მერი დემონსტრაციის მონაწილეებს შეხვდა. ამის შემდეგ აქციამ სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან გადაინაცვლა. ტელევიზიის დირექციასა და ოპოზიციონერებს შორის შეხვედრა შედგა; მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ომურბეკ ტეკებაევმა, აქციის მონაწილეებს ასე მიმართა:

[ტეკებაევის ხმა] ”მოვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა დღეში ორჯერ მოგვცემს საეთერო დროს.”

საპროტესტო გამოსვლებს საფუძვლად უდევს პრეზიდენტის შარშანდელი დაპირება, რომ საკუთარ უფლებამოსილებას შეკვეცავდა, საკანონმდებლო ორგანოსთვის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე. ამასთან, ბაკიევი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნიდა.

ხუთშაბათს ბიშკეკის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიციის ასეულობით მომხრემ ღამე მოედანზე გაათენა. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამოსვლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG