Accessibility links

logo-print

ევროკავშირს სულ უფრო მეტად თავდაჯერებულ რუსეთთან უწევს ურთიერთობა


პარასკევს ბრიუსელში ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა 24 ნოემბრისთვის დანიშნულ სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

ამავე დროს, მოლაპარაკების თემას რამდენიმე საერთაშორისო საკითხი წარმოადგენდა - მათ შორის, საქართველო, ირანი და კოსოვოს მომავალი სტატუსი.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა ფინელმა კოლეგამ ერკი ტუიმიოიამ ევროკავშირისა და რუსეთის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თუმცა მათ განცხადებებში არაფერი მოასწავებდა იმას, რომ მხარეებმა კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროპის კავშირს, რომელსაც ხშირად 25 წევრს შორის კონსენსუსის მიღწევაზე უწევს მუშაობა, სულ უფრო მეტად თავდაჯერებულ რუსეთთან უხდება ურთიერთობა.

პარასკევს ბრიუსელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, ფინეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ორ მხარეს შორის უთანხმოება არსებობს:

[ტუომიოიას ხმა] ”უმეტეს საკითხებზე შეხედულებებს ვიზიარებთ. რუსეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთშიც ასევე აღიქვამენ ევროკავშირს. თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით მომავალში ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და ასეც უნდა მოვიქცეთ.”

ტუიმიოიას სულისკვეთება ლავროვმაც გაიზიარა, თუმცა თავის განცხადებაში განსაკუთრებით ორ მხარეს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები გამოყო, რითაც ირიბად ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგეტიკის ყველაზე მსხვილი საგარეო მიმწოდებელია:

[ლავროვის ხმა] ”ეს პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია. უწინარესად, ეს ეკონომიკის სფეროში ხდება - თუმცა სულ უფრო მეტად ეხება პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებსაც.”

ევროკავშირი და რუსეთი 24 ნოემბერს ჰელსინკში დანიშნული სამიტისთვის ემზადებიან. სამიტზე ორ მხარეს შორის პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე უნდა იმსჯელონ.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მხარეს ევროკავშირისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება სურს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც მას იმ უკანონო იმიგრანტების უკან მიღებას დაავალებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის გავლით მოხვდებიან. ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს ორივე შეთანხმების ამ წლის ბოლომდე გაფორმება სურს.

ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი, სავარაუდოდ, პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება. თუმცა პარასკევს გამართული შეხვედრის შემდეგ ამ საკითხს არც ერთი მხარე არ შეხებია. ტუომიოიასა და ლავროვის ერთობლივი პრესკონფერენცია, ძირითადად, იმ საერთაშორისო საკითხებს დაეთმო, რომელთა ირგვლივ ევროკავშირი და რუსეთი თანამშრომლობას ცდილობენ.

ლავროვის განცხადებებში არსად ჩანდა, რომ რუსეთი აპირებს გაითვალისწინოს ევროკავშირის მოწოდება საქართველოსთვის დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე. საქართველოსთან მიმართებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია; მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა მოაგვაროს, გაეროს მოთხოვნათა შესრულებაა საჭირო:

[ლავროვის ხმა] ”გუშინწინ მოსკოვში შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს. ჩვენმა საუბარმა დამარწმუნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის საქმის ვითარება. პირველ რიგში, როგორც ეს გასულ თვეში გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა, მტრული რიტორიკისა და პროვოკაციების შეწყვეტაა აუცილებელი. საჭიროა შესრულდეს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება და ის შეთანხმებები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მცდელობისას შემუშავდა.”

ევროკავშირის წარმომადგენელს პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა რამდენიმე საერთაშორისო საკითხზეც ისაუბრა. ირანის ატომურ პროგრამასთან მიმართებით მან განაცხადა, რომ რუსეთი მოზომილი ნაბიჯების მომხრეა და, ირანისთვის გაეროს სანქციების დაწესების მოთხოვნის გამო, ევროკავშირის ძალები - კერძოდ, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი - გადაჭარბებულ სიმკაცრეში დაადანაშაულა. რუსეთი ევროკავშირის პოზიციას არც კოსოვოსთან მიმართებით იზიარებს, - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთი მხარს არ უჭერს პროვინციის სტატუსის შეცვლის იდეას და მას ბელგრადსა და პრიშტინას შორის ”კომპრომისის” მიღწევა სურს.
XS
SM
MD
LG