Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი უმაღლესი საკადრო ცვლილება საქართველოს სამხედრო უწყებაში, როგორც პოლიტიკური სისტემის ანარეკლი


დღეს საბოლოოდ დადასტურდა ცნობა საქართველოს სამხედრო უწყების ზედა ეშელონში მომხდარი მორიგი საკადრო ცვლილების თაობაზე, რასაც რადიო ”თავისუფლება” ჯერ კიდევ 3 სექტემბერს ვარაუდობდა.




საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, მის ადგილს კი მისივე მოადგილე პოლკოვნიკი ზაზა გოგავა დაიკავებს. ამგვარად, საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში გენერალური შტაბის უფროსი მეოთხედ იცვლება, რაც, ექსპერტების შეფასებით, სამხედრო სისტემის მდგრად ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა აღნიშნულ საკადრო გადაადგილებას აქვს სხვა პოლიტიკური მოტივებიც, რაზეც მინდა უფრო დაწვრილებით გესაუბროთ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრებისა და გენერალური შტაბის უფროსების ხშირი ცვლა ცხადად მოწმობს, რომ ქვეყნის სამხედრო სისტემა ან საომარი რეჟიმის კანონებით განაგრძობს ფუნქციონირებას, ანდა სისტემის გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ოპტიმალური საკადრო შემადგენლობის შექმნა ”აქილევსის ქუსლს” წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისათვის. 2004 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, რაც თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა, თანამდებობას მეორე გენერალური შტაბის უფროსი ტოვებს. თანაც, ყოველ ასეთ ცვლილებას, დომინოს პრინციპით, მოსდევს ჯარის სახეობათა სარდლებისა და ბრიგადის მეთაურების ცვლა, რაც, პარლამენტარ კახა კუკავას დაკვირვებით, გამორიცხავს ისედაც მყიფე სამხედრო სისტემის მდგრადობას:

[კახა კუკავას ხმა] ”უმრავლეს ქვეყნებში, როგორც წესი, მთავრობის წევრების შეცვლასთან ერთადაც კი არ იცვლება შტაბის უფროსი, არათუ მინისტრების ცვლილებების დროს და, კიდევ, მინისტრის ხასიათის ცვლილებების გამო.”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი თვის წინ თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავდა და ჭორს უწოდებდა ინფორმაციას გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პოლიტიკური კომუფლიაჟი - გენერალური შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილისათვის, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტის გათავისუფლება (ამ პორტფელის მფლობელი მამუკა კუდავა საფრანგეთში საქართველოს ელჩად ინიშნება) - კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტია იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი დანიშვნა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ზოგადად პოლიტიკური სისტემის არამდგრადობის ანარეკლია. სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე არ გამორიცხავს, რომ მინისტრი ოქრუაშვილი საკადრო პოლიტიკაში ქვეყნის პრეზიდენტის კომპეტენციაშიც იჭრებოდეს, რადგან გენერალური შტაბის უფროსის მოხსნა-დანიშვნა ან მისი თანამდებობრივი გადაადგილება თავდაპირველად პრეზიდენტის ბრძანებით უნდა იყოს გაფორმებული.

[შალვა თადუმაძის ხმა] ”მესამე გენერალური შტაბის უფროსი ინიშნება ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. მე, სამწუხაროდ, არ ვიცი, არ მინახავს ბრძანებები, მაგრამ [დანიშვნის] ბრძანებას წინ უნდა უსწრებდეს პრეზიდენტის ბრძანებულება ან განკარგულება ლევან ნიკოლეიშვილის სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით და რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, შალვა თადუმაძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იწინასწარმეტყველა, რომ გენერალური შტაბის უფროსის პოსტს სწორედ ლევან ნიკოლეიშვილის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა გუგავა დაიკავებდა. გუგავას უპირატესობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, მას სამხედრო ნაწილებში დაბალ სამეთაურო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება აქვს და, რაც მთავარია, 2004 წლის ზაფხულში, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამხარ, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციაშიც ღებულობდა მონაწილეობას. და კიდევ ერთი მომენტი: არ დაგვავიწყდეს, რომ ახლოვდება 2007 წლის 1 იანვარი, თარიღი, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა შეასრულოს თავისი კარიერის უმთავრესი დანაპირები - შეხვდეს ახალ წელს ცხინვალში. ამ ამოცანის შესასრულებლად ოქრუაშვილს გაბედული შემსრულებლები უფრო ესაჭიროება, ვიდრე პრესტიჟული სამხედრო აკადემიების კედლებში კვალიფიკაციაშეძენილი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც, როგორც საბრძოლო მეთაური, ყველა თავის წინამორბედზე გამოუცდელი და სუსტი გახლდათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG