Accessibility links

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრშია


უცხოეთის პრესა საქართველოზე ბოლო ხანს ბევრს წერს. ამ ყურადღების მიზეზი რუსეთთან გართულებული ურთიერობა და გაზის ფასის მოსალოდნელი გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაა.


საინტერნეტო გამოცემა “ჯეინზ ინტელიჯენს რევიუ” სტატიაში სათაურით “საქართველოს ნაციონალიზმმა რუსეთი გამოიწვია”, წერს, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავების გამო შექმნილმა კრიზისმა საერთაშორისო ყურადღება მიაპყრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის პოლიტიკისკენ. ამავე კრიზისს მიაწერს გამოცემა საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერის ზრდას და ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შემცირების მიმართ საერთაშორისო კრიტიკის შესუსტებას. იქვე წაიკითხავთ, რომ ხანმოკლე პოლიტიკური მოგების მისაღწევად თბილისმა რუსეთის რეაქციის მასშტაბი ვერ გათვალა. ეს რეაქცია კი, ამავე სტატიის თანახმად, პოლიტიკური არათანმიმდევრულობისა და ნაციონალისტური ხასიათის ზეწოლის პირობებში სახედრო დაპირისპირების შესაძლებლობას ბადებს, თუ საქართველოს განახლებული შეირაღებული ძალები შეეცდებიან დაიბრუნონ სეპარატისტული რეგინები.

კიდევ ერთი საინტერნეტო გამოცემა “ტრანზიშენს ონლაინი” საქართველოს წინააღმდეგ რუსეთში გაჩაღებულ “ღვინის ომს” ეხება სტატიაში სათაურით “საქართველო ღვინის ომში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს”. სტატიის ავტორი წერს, რომ რთველის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული კამპანია, მხარში ამოსდგომოდა მეღვინეობას, გამოცხადდა გამარჯვებად დაპირისპირებაში შვიდი თვის წინ დაწყებული რუსეთის ემბარგოს წინააღმდეგ. მაგრამ ამ ოპტიმიზმის მიუხედავად, კვლავაც რჩება სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ყურძნის დაბალი ფასი და ღვინის ფალსიფიცირებაო, მიაჩნია საინტერნეტო გამოცემას.

1 ნოემბერს “იურეიჟა ვიუმ” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს ეხება. სტატია იწყება ინფორმაციით კახეთში იტალია-საქართველოს ერთობლივი ღვინის ქარხნის გახსნის შესახებ. წერილში შემდეგ ვკითხულობთ, რომ მეღვინეობა ერთადერთი სფერო არ არის, რომელმაც რუსეთის ემბარგოს დარტყმა განიცადა. “იურეიჟა ვიუს” თანახმად, მათ შორისაა საფინანსო სექტორი, რომლის მიმართ ემბარგოსკენ მოწოდებით რუსეთის პოლიტიკოსები გამოდიოდნენ. სტატიაში შემდეგ საუბარია ფულის რეცხვის მასშტაბურ სქემაზე, რომელიც, როგორც მოსკოვი ამტკიცებს, ქართველთა მონაწილეობით ხორციელდებოდა.

უცხოელი ინვესტორების უმეტესობა ახლა იცდისო, მოჰყავს გამოცემას საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ესბენ ემბორგის სიტყვები. ემბორგის თანახმად, რუსეთის ემბარგოს შედეგი საქართველოს მთავრობის ქმედებაზეა დამოკიდებელი. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარებაში საკმარისად ეფექტიანად მოქმედებს. ესბენ ემბორგის თქმით, ემბარგომ საქართველოს ეკონომიკაზე, შორეულ პერსპექტივაში, შეიძლება დადებითი შედეგი გამოიღოს, რადგან ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქტების გასაღების ახალი გზების ძიება უწევთ.

გერმანიის გაზეთი “ფრანკფურტერ ალგემაინე” აქვეყნებს სტატიას თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ოთხი პირის მკვლელობასთან დაკავშირებით. ავტორი იუწყება, რომ სეპარატისტთა პრეზიდენტმა კოკოითიმ ამ აქტის შემდეგ უკან წაიღო თავისი მზადყოფნა, შეხვედროდა საქართველოს ხელისუფალთ.

ამავე გაზეთში, 2 ნოემბერს მოკლე ცნობა გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. მასში საუბარია რუსეთის მისამართით ბეჟუაშვილის მიერ გამოთქმულ მოთხოვნაზე, საქართველოს მიმართ შეწყვიტოს ბლოკადის ბოლიტიკა. გაზეთს მოჰყავს რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ცნობაც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბეჟუაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.

2 ნოემბრის შემდეგ დასავლეთის პრესა ბევრს წერდა “გაზპრომის” განზრახვაზე, საქართველოს გაზის ფასი გაუორმაგოს. ამ თემაზე სტატიები და ცნობები გამოქვეყნდა დასავლეთის არაერთ გაზეთში, მათ შორის “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში”, ასევე “ნიუ იორკ ტაიმსში”, რომელიც რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს მიმართ სადამსჯელო ზომების გაგრძელებად მიიჩნევს.

ამავე თემაზე ბრიტანეთის “ინდეპენდენტი”, სხვათა შორის, წერს, რომ რუსეთს დასავლეთის არაერთი პოლიტიკოსი ჰგმობს. მათი თქმით, მეზობლების დასაშინებლად მოსკოვი საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს იყენებს.
XS
SM
MD
LG