Accessibility links

logo-print

ვინ და როგორ უზრუნველჰყოფს კოდორის ხეობის თავდაცვას მოსალოდნელი აგრესიისაგან?


კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის,

ძებნილი ემზარ კვიციანის 1 ნოემბრის ტელემიმართვის შემდეგ საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა შეკითხვა: რამდენად არის უზრუნველყოფილი ზემო აფხაზეთის თავდაცვა ზამთრის პერიოდში - ხომ არ იჩქარა საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ძალის გამოყვანა და მხოლოდ პოლიციის ძალების იმედზე ხეობის დაცვის დატოვება? თანაც, კვიციანის მუქარა დროში დაემთხვა სეპარატისტების რიგით მესამე სამხედრო სწავლებას ზემო აფხაზეთის მისადგომებთან და კრემლის პროპაგანდისტების წინასწარმეტყველებას, რომ ემზარ კვიციანის მუქარის შესრულების შემთხვევაში, საქართველოში მეორე სამოქალაქო ომი დაიწყება.

კოდორის ხეობა, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი გადაწყვეტილებით, ”ზემო აფხაზეთი” ეწოდება, მესამე თვეა საომარი საფრთხის შესაბამისი კანონებით ცხოვრობს: სატრანსპორტო გზით ხეობის მისადგომებს აკონტროლებს პოლიციის სპეცდანიშნულების რამდენიმე პოსტი, საავიაციო რეისებით მხოლოდ ლეგიტიმური აფხაზეთის სტრუქტურის წარმომადგენლები და ხეობის მცხოვრებლები სარგებლობენ. მას შემდეგ, რაც ზემო აფხაზეთი რეგულარული სამხედრო ძალის ნაწილებმა დატოვეს, კონტროლი მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადავიდა, რომელსაც, გაეროს სამხედრო დამკვირვებლებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის ერთობლივი მონიტორინგის თანახმად, ხეობაში 600 კაციანი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შოთა ხიზანიშვილის თქმით, ხეობა საიმედოდ არის დაცული. იგივე გაიმეორა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აფხაზეთის დევნილი მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ, რომელიც კვირის ბოლოს დაბრუნდა ზემო აფხაზეთიდან:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”ხეობაში არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ყველა მოსახლის უსაფრთხოების დაცვას და ასე შემდეგ. მუშაობენ ოპერატიულად და, მიუხედავად მძიმე კლიმატური პირობებისა და ასე შემდეგ, ვითარებას ფლობენ აბსოლუტურად. ამიტომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. არ ვფიქრობ.”(სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური წესრიგი დამყარდა, კოდორის ხეობაში რეგულარულად ჩადის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრი დეპუტატი
თამაზ ხუბუა, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ ხეობა საკმაოდ კარგად არის დაცული. თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ ბოლო ხანს გარკვეული შეშფოთების საფუძველიც არსებობს:

[თამაზ ხუბუას ხმა] ”მე ერთი კაცი რომ ვარ, უზენაესი საბჭოს დეპუტატი და აფხაზეთიდან დევნილი, ნანახი მაქვს ხეობაში რაც ხდება, ეს იმედს მაძლევს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში - უშუალოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე - განვითარებული მოვლენები გარკვეული შინაგანი დაძაბულობის ეფექტს იწვევს ჩემში.”(სტილი დაცულია)

ბოლოდროინდელ მოვლენებში კი იგულისხმება ოქტომბრის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საავიაციო კორტეჟზე სარაკეტო იერიში და კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის 2 ნოემბრის სატელევიზიო მუქარა, რომელსაც 4 ნოემბერს საეჭვოდ დაემთხვა თვითაღიარებული აფხაზეთის სამხედრო ძალების მასშტაბური წვრთნები. აფხაზური წყაროების ცნობით, წვრთნებისას პირობით სამხედრო ბაზებსა და ”მტრის” ჯარის ყაზარმებზე საჰაერო დარტყმების ამოცანები შესრულდა. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც კარგად იცნობს კოდორის ხეობის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზემო აფხაზეთს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. ალადაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ემზარ კვიციანი უკვე მოქმედებდეს რუსებთან და აფხაზებთან შეთანხმებით:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”სამწუხაროდ, ამის ნიშნები გამოჩნდა, როდესაც, აი, იმ სამი ”გრადის” ჩამოვარდნის შემდეგ, კვიციანმა ეს თავის თავზე აიღო. ტექნიკურად ეს იყო შესაძლებელი, მაგრამ ძალიან რთული იყო. და მარტო, გარკვეული ძალების დაუხმარებლად, ცოტა რთული იქნებოდა ამის განხორციელება.”(სტილი დაცულია)

ექსპერტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ახლოვდება ზამთარი, როდესაც გეოგრაფიულად კარგად გამაგრებული ზემო აფხაზეთი, ძირითადად, სწყდება დანარჩენ საქართველოს, მაშინ როცა აფხაზთა კონტროლირებადი ტერიტორიებიდან კოდორის ხეობაში შეღწევა არცთუ ისე დიდ პრობლემას წარმოადგენს. სამხედრო ექსპერტმა ზვიად ჩხაიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხეობაში მუდმივი თავდაცვითი ძალის შენარჩუნებაზე უნდა იფიქროს:

[ზვიად ჩხაიძის ხმა] ”მაგრამ თუ იქ მუდმივად იქნება იმ რაოდენობით თავდაცვითი საშუალება, რაც სჭირდება კოდორის ხეობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა იხსნება, საკმაოდ რთულია კოდორის ხეობაში, თუნდაც საკმაოდ მობილიზებული ქვედანაყოფებიც რომ მონაწილეობდნენ აფხაზების მხრიდან ან იგივე რუსების მხრიდან, იქ რაიმე სახის ოპერაციის ჩატარება.”(სტილი დაცულია)

მაგრამ არის თუ არა საკმარისად გამაგრებული კოდორის ხეობა იმისათვის, რომ ემზარ კვიციანმა და მისმა მომხრე შეიარაღებულმა რაზმებმა ვერ მოახერხონ ზამთარში ზემო აფხაზეთის დაკავება? - ეს უცნობია არა მარტო ჟურნალისტებისა და სამხედრო ექსპერტებისათვის, არამედ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვისაც, რომლებმაც წინა კვირაში ვერ მოისმინეს ოფიციალური ინფორმაცია კოდორის ხეობაში შექმნილ მდგომარეობაზე. ოპოზიციური უმცირესობის წევრმა კახა კუკავამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ისინი მომავალ კვირაში ინფორმაციას უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან ელოდებიან:

[კახა კუკავას ხმა] ”ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეკითხვა არის. ზოგადად, როდესაც შეტევითი ოპერაცია იგეგმება, ამას ყველა ექსპერტი ამბობს, რომ გაცილებით იოლი არის (მარტო კოდორს არ ეხება ეს, ზოგადად), ამა თუ იმ პუნქტის დაკავება, ვიდრე მისი შენარჩუნება, თუ არ ახლავს ამას რაღაც პოლიტიკური გარანტიები. ამიტომ, არ ვიცი, ახლა ჩემთვის ძალიან ძნელია ვთქვა, თუ როგორია იქ ძალთა ბალანსი, მაგრამ მომავალ კვირაში ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე პრემიერთან.”(სტილი დაცულია)

ემზარ კვიციანის სატელევიზიო გაფრთხილება რომ რიგითი მუქარა არ არის, ეს გასულ კვირაში რუსული საზოგადოებრივი არხის გადაცემა ”ოდნაკოს” წამყვანმა მიხეილ ლეონტიევმაც დაადასტურა. ანტიქართული პოზიციით ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც შემჩნეულია კრემლის იდეების ტრანსლირებაში, ღია ეთერში განაცხადა, რომ კოდორის ხეობიდან, შესაძლოა, საქართველოში მეორე სამოქალაქო ომი დაიწყოს.
XS
SM
MD
LG