Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


დიტო ცინცაძის ფილმს ”რევერსი”

კინოთეატრ ”ამირანის” თითქმის სრულიად სავსე დარბაზში უჩვენებენ. ფილმის მიმართ ინტერესი, პირველ რიგში, ინგა გრიგოლიას ტოკ-შოუმ, ”რეაქციამ ”, განაპირობა - იმ გადაცემამ, რომელშიც ახალგაზრდებმა სულ შავი დღე დააყარეს ფილმში მონაწილე მსახიობებს. ”ესემესებზე” აღარაფერს ვამბობ. შეტყობინებების ავტორებმა რეჟისორს და მსახიობებს გაახსენეს, რომ მრუშობა ცოდვაა...

არსებითად ეს სატელევიზიო სანახაობა ერთი ”დიდი ბლეფი” აღმოჩნდა - ”რევერსში” ზუსტად იმდენივე ეროტიკაა, რამდენიც სხვა ქართულ ფილმებში. პოპულარულ ”რეალურ შოუსთან , ”ჯეობართან”, შედარებით, ”რევერსი” ხომ, საერთოდ, საბავშვო ფილმია... მიუხედავად ამისა, სატელევიზიო ეთერში ნაჩვენებმა ფრაგმენტებმა სტუდიაში მოწვეულ საზოგადოებასაც და ტელემაყურებელსაც ილუზია შეუქმნა, რომ ჩვენ ტინტო ბრასის ეროტიკის მსგავსი რაღაც უნდა გვენახა ეკრანზე... ყველაფერი ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე დღეს ”ამირანის” სალაროებთან დიდი რიგი დამდგარიყო. მაყურებელმა გულწრფელად გვითხრა, რომ ახალი ქართული ფილმის ნახვა ”რეაქციაში” გასულმა დებატებმა გადააწყვეტინა:

[მაყურებლის ხმა] ”მსმენია ამ ფილმზე. პატარა სკანდალივით იყო ეროტიკულ სცენებთან დაკავშირებით... ეს ხომ შეზღუდულია ქართულ ფილმებში.”

[მაყურებლის ხმა] ”რეაქციაში ვნახე სიუჟეტი და მაინტერესებს რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი.”

[მაყურებლის ხმა] ”აჟიოტაჟი მოჰყვა და მაინტერესებს.”

”რეალური შოუ” შემთხვევით არ გვიხსენებია. დიტო ცინცაძემ, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ ძალიან მოსწონს დანიური ”დოგმა” და თითქმის მთლიანად იზიარებს ამ მიმართულების ესთეტიკურ პრინციპებს, ”რევერსს” ”რეალური შოუს” მიბაძვით იწყებს - მამაკაცები სვამენ, ეწევიან და ქალებზე, უფრო სწორად, სექსზე საუბრობენ.

[ფილმის ხმა] ”ყველაზე მეტად მომწონს სუნი... სუნამოსი? არა, ქალის სუნი [სიცილი დარბაზში...] - ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს სექსის დროს.”

სეანსის დროს მაყურებელი დიდი ინტერესით შესცქეროდა ამ სანახაობას...უფრო სწორად, ყურადღებით უსმენდა მსახიობებს... სადღაც 20, თუნდაც 10 წლის წინ, საეჭვოა კინოდარბაზი არ დაცარიელებულიყო ფილმზე, რომლის ძირითადი ნაწილი მსახიობების ახლო ხედებზე, მოძრავ კამერასა და მათ დიალოგზეა აგებული. მაგრამ დღეს მაყურუბელი შეიცვალა - ეს უკვე ტელევიზიის, უფრო სწორად, რეალური შოუს მაყურებელია, რომელიც ჭკუას კარგავს თვალთვალზე... და რადგანაც მსახიობები - გიორგი ნაკაშიძე, კახა აბუაშვილი, გიორგი ყიფშიძე - თამაშობენ ისე, როგორც ”რეალურ შოუში” მონაწილე ახალგაზრდები, - შეიძლება ითქვას, რომ თავიანთ თავს ასახიერებენ, - პუბლიკას მოსწონს ეს სანახაობა. მით უმეტეს, როცა (”რეალური შოუსი” არ იყოს ) აქ სექსზე ლაპარაკობენ. პირადად ჩემთვის ეს ეპიზოდები სხვა მხრივ იყო საინტერესო - დიტო ცინცაძის ფილმში პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ ისე, როგორც კინოში უნდა ითამაშონ და არა თეატრში... გაიხსენეთ ბოლო დროის ქართული ფილმები ან, თუნდაც, ქართული ტელესერიალები...გაიხსენეთ, როგორ თამაშობენ იქ მსახიობები - განუწყვეტლივ მიმართავენ ხაზგასმულ ჟესტს, მიმიკას, ყვირიან, ბოდიში და...იმანჭებიან... ყველაფერი ეს მუდმივად ქმნის სიყალბის განცდას, ქართული კინოსამსახიობო სკოლის კრიზისის განცდას. მაგრამ ”რევერსში” ნათელი ხდება, რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა კინოში რეჟისორი და როგორ შეუძლია მას გარდაქმნას არტისტი, გაათავისუფლოს იგი თეატრალური პირობითობის სტერეოტიპებისგან.

არადა, დიტო ცინცაძეს ”რევერსში” სწორედ თეატრის მსახიობები სჭირდებოდა... ამ გრძელი ექსპოზიციის შემდეგ ხომ ”მოწყენილი მამაკაცები” იდეალურ ქალს წარმოიდგენენ და თავიანთ სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებენ ერთმანეთს. ”რეალურ შოუში” მოულოდნელად ფანტასტიკა ერთვება - ანიმაცია, ვიდეოტრიუკები, კომპიუტერული გრაფიკა...ამ ეპიზოდებში მსახიობები სახეს იცვლიან - ”დოგმა”, თავისი ”დოკუმენტურის ეფექტით”, იცვლება პირობითზე, პირობითი სანახაობით. მსახიობებიც იცვლებიან - განსაკუთრებით გიორგი ყიფშიძე და გიორგი ნაკაშიძე, რომლებიც თავიანთი პერსონაჟების მიმართ ირონიას გამოხატავენ.

[ფილმის ხმა, ”მე შენზე დიდი მაქვს...”]

აქ უკვე გასაგებია, რატომ დასჭირდა დიტო ცინცაძეს მთელი ეს ბუფონადა. მამაკაცები წარმოდგენილნი არიან რაღაცნაირი ”ვერბალური ანანისტების” როლში...ქალი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ თვითდამკვიდრების საშუალებაა. არაფრის მაქნისი, გალოთებული და განარკომანებული მამაკაცებისთვის სექსი ერთგვარი შეჯიბრია, ქალი კი - მოხმარების ობიექტი. მაგარამ დღეს ხომ სულ სხვა დროა - ფილმის ფინალში მოხმარების ეს ობიექტი, ქალი-თოჯინა, ავტომატით დაცხრილავს სურათის გმირ მამაკაცებს. ”რევერსი” შურისძიებით და, თუ გნებავთ, მამაკაცების გაფრთხილებით მთავრდება.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ”რევერსის” იმ სეანსზე, რომელსაც მე დავესწარი, დარბაზი ცოცხლად რეაგირებდა ფილმის პირველ ეპიზოდებზე (რომელიც, როგორც გითხარით, ”რეალური შოუს” სტილშია გადაღებული)... ფილმის მეორე ნახევარს კი პუბლიკის უმრავლესობამ უკვე მთქნარებ-მთქნარებით უყურა... შესაძლებელია, გული დასწყდა, რომ ეროტიკული სცენები ვერ ნახა (არადა, რა ამბავი ატყდა ”რეაქციაში”!); შესაძლებელია, ვერ მოასწრო მეტისმეტად რეალისტურიდან მეტისმეტად პირობითზე გადართვა... არ ვიცი... ფილმის დასრულების შემდეგ სამ მაყურებელს გავესაუბრეთ და სამივემ უკმაყოფილება გამოთქვა:


[მაყურებლის ხმა] ”ძალიან არ მომეწონა - ყველაფერი დაბალ დონეზე იყო, რაღაც რაიონის დონეზე.”

[მაყურებლის ხმა] ”არ მოგვეწონა... იდეა არანაირი... გაღიზიანებით იმ დონეზეც არ იყო, გაღიზიანება რომ ყოფილიყო... ამერიკელებიც ვეღარ იღებენ დღეს კინოს.”(სტილი დაცულია)

[მაყურებლის ხმა]”ცუდადაა გაკეთებული... დავიღალე. ცუდია, როცა ფილმი გღლის.”

ვერ გეტყვით, რატომ დაიღალა მაყურებელი - დიტო ცინცაძის ახალი ფილმი ხომ მხოლოდ ერთი საათი გრძელდება. ვერ გეტყვით, რატომ არ დაღალა პუბლიკა მამაკაცების გაჭიანურებულმა საუბარმა სასურველ ქალზე და დაღალა ქალების შურისძიებამ... ყველაფერი ეს გენდერული ურთიერთობების სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ. ვერც იმას გეტყვით, რატომ არ აკლდება ”რევერსს” მაყურებელი, თუკი ყველამ შეიტყო უკვე, რომ ”რევერსი” არ არის ფილმი ”მრუშობასა” და ”მრუშებზე”, როგორც ეს ”რეაქციაში” მოწვეულ ზოგიერთ ახალგაზრდას ეგონა... იქნებ იმიტომ, რომ ასეთი ირონიული, პროფესიულად გადაღებული ქართული ფილმი დიდი ხანია არ უჩვენებიათ ჩვენს კინოთეატრებში?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG