Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ოპოზიციას არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პრეზიდენტისეული პროექტი


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მეხუთე დღეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევისგან

საკუთარი უფლებამოსილებების ნებაყოფლობით შეკვეცას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადადგომას მოითხოვენ. დღეს ბაკიევმა ქვეყნის პარლამენტს მართლაც წარუდგინა განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელმაც ყირგიზეთის საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა ამ რამდენიმე დღის წინ დაწყებული დისკუსია. ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტს ხალხის მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებენ.

პრეზიდენტმა ბაკიევმა არ შეასრულა თავისი დაპირება, რომ პარლამენტს პირადად შესთავაზებდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. "საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების" პროექტი საკანონმდებლო ორგანოში მისმა წარმომადგენელმა მიიტანა.

მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა ადახან მადუმაროვმა ჟურნალისტებს უთხრა, ბაკიევის წინადადებები მიზნად ყირგიზეთში საპრეზიდენტო-საპარლამენტო მმართველობის დამყარებას ისახავსო. მადუმაროვის თქმით, ცვლილებების პროექტი ზრდის პარლამენტის ძალაუფლებას და ამცირებს პრეზიდენტისას, თუნდაც თავად საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის საკითხში.

[ადახან მადუმაროვის ხმა] "პრეზიდენტი მთავრობის კონსენსუალურ ფორმას გვთავაზობს. ვფიქრობ, დისკუსიაში მონაწილე ყველა მხარე - ისევე, როგორც რამდენიმე პოლიტიკური პარტიაც - იზიარებს მოსაზრებას, რომ ყირგიზეთში მმართველობის საპრეზიდენტო-საპარლამენტო ფორმა უნდა დამკვიდრდეს. სწორედ ეს პროექტი გაეგზავნა პარლამენტს განსახილველად."

ასეთ შეფასებას ბაკიევის ოპონენტები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. "რეფორმებისთვის" ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ედილ ბაისალოვი, მაგალითად, ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი იტყუება და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გაჩუმებას ცდილობს. ბაისალოვის მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი აზიმბეკ ბეკნაზაროვი, რომლის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადების ნაცვლად პრეზიდენტს ახალი, ძირფესვიანად სახეცვლილი საკონსტიტუციო დოკუმენტი უნდა წარმოედგინა.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ომურბეკ ბაბანოვმა ასეთი სიტყვებით მიმართა მთავრობის სახლთან შეკრებილ დემონსტრანტებს:

[ომურბეკ ბაბანოვის ხმა] "პრეზიდენტი გვთავაზობს პროექტს, რომელიც ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაზე უარესია. აი, როგორ გვიგდებს ყურს! რასაც ის გვთავაზობს, სუპერ-საპრეზიდენტო კონსტიტუციაა! ამის უფლებას ჩვენ მას არ მივცემთ! ბაკიევი უნდა წავიდეს!"

ბაბანოვს მხარი დაუჭირა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარემ, მრეწველობის, საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის ყოფილმა მინისტრმა ალმაზბეკ ატამბაევმა:

[ალმაზბეკ ატამბაევის ხმა] "დღეს, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა, იმის ნაცვლად, პარლამენტისთვის კონსტიტუციის ისეთი პროექტი შეეთავაზებინა, რომელიც შეზღუდავდა ერთი ოჯახის მმართველობას, გამჭვირვალობას შეიტანდა პრეზიდენტისა და მთავრობის მოქმედებებში, შემოგვთავაზა სრულიად განსხვავებული პროექტი: პროექტი, რომელიც კონსტიტუციას კიდევ უფრო გააუარესებს; ქვეყანას კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის ერთ ადამიანზე, რომელსაც, როგორც დავინახეთ, გარს ახვევია არცთუ კეთილსინდისიერი ხალხი. ეს ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა!"

ბიშკეკში დემონსტრაცია გრძელდება. როგორც რადიო "თავისუფლების" იქაური კორესპონდენტი იუწყება, ნაშუადღევისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათი ათასამდე დემონსტრანტს მოეყარა თავი. აქციის ხალხმრავლობას თბილი ამინდიც ხელს უწყობს: დღეს ბიშკეკში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსს აღწევდა.
XS
SM
MD
LG