Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილ განაჩენზე


კვირას ერაყის სასამართლომ ყოფილ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მრავალი ქვეყანა, მათ შორის ვისაც ერაყში ჯარები ჰყავს გაგზავნილი - ასევე ერაყის მთავრობა - მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას და იგი ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასეს. მაგრამ ევროპის რიგი სახელმწიფოები და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ ბაღდადს, არ აღასრულოს განაჩენი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც სამიწლინახევრის წინ ჯარები გაგზავნა ერაყში, სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ეპოქალური მნიშვნელობისა უწოდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ ასევე მაღალი შეფასება მისცა სასამართლოს განაჩენს, რომელიც, მისი თქმით, მთელი ეპოქისთვის გამოტანილი განაჩენია.

[მალიქის ხმა] "ყოფილი რეჟიმის ლიდერის სასამართლო განაჩენი არის არა ერთი პიროვნების, არამედ ერაყის ისტორიაში უპრეცედენტო ბნელი ეპოქისთვის გამოტანილი განაჩენი. სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანმა სასამართოლომ პროცესი მოუწყო მმართველს, რომელმაც ხალხის მიმართ ყველაზე საშინელი დანაშაულებები ჩაიდინა."

ჰუსეინსა და მის ორ თანამოაზრეს კვირას სიკვდილი მიუსაჯეს 1982 წელს სოფელ დუჯაილში 148 შიიტის მკვლელობისთვის.

ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც 2003 წელს მხარში ამოუდგნენ შეერთებულ შტატებს ერაყის სამხედრო კამპანიაში, ასევე მაღალი შეფასება მისცეს სასამართლოს განაჩენს.

მაგრამ ევროპის კავშირის ქვეყნები შენიშვნებს გამოთქვამენ სასიკვდილო განაჩენის შესახებ, რომელიც ჩამოხრჩობით უნდა იქნეს სისრულეში მოყვანილი.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთმა, მორალური მოსაზრებებით მოითხოვა, არ იქნეს აღსრულებული განაჩენი.

"ევროპის კავშირი ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას და იგი არც ამ შემთხვევაში არ უნდა აღსრულდეს", ნათქვამია ფინეთის განცხადებაში.

ამავე სულისკვეთებას გამოხატავენ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჰუსეინისა და მისი თანამოაზრეების სასამართლო პროცესის მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას.

"ამნესტი ინტერნეიშნელი" და "ჰიუმენ რაიტს უოჩი" აცხადებენ, რომ პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა და დაცვის გუნდს ხელი შეეშალა მისი სამი ვექილის მკვლელობით.

გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი ლუიზ არბური გამოვიდა მოწოდებით, სრულად იქნეს დაცული მსჯავრდებულების უფლება, გაასაჩივრონ განაჩენი.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს სიკვდილმისჯილებს სააპელაციო პროცესი.

ასევე არ არის ნათელი, აღასრულებენ თუ არა განაჩენს სადამ ჰუსეინის შემთხვევაში, რომლის წინააღმდეგ სხვა სასამართლო საქმეა აღძრული 1988 წელს ქურთების მასობრივ გაჟლეტასთან დაკავშირებით. არც ისაა ნათელი, აღიძრება თუ არა მის წინააღმდეგ საქმე 1990 წელს ქუვეითში ინტერვენციისთვის, რომელსაც სპარსეთის ყურეში ომი მოჰყვა.

კვირას განაჩენის გამოცხადებისას სადამ ჰუსეინმა ასე გამოხატა თავისი რეაქცია სასამართლოს მიმართ, რომლის ლეგიტიმურობასაც ის არ აღიარებს:

[ჰუსეინის ხმა] "გაუმარჯოს ხალხს. გაუმარჯოს ქვეყანას. ძირს აგენტები. ძირს ინტერვენტები. დიდია უფალი, დიდია უფალი, დიდია უფალი, დიდია უფალი, დიდია უფალი, დიდია უფალი."

თავად ერაყში ჰუსეინის სასამართლო განაჩენს განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, შიიტები და ქურთები ზეიმობენ, ზოგიერთ სუნიტურ რეგიონში კი საპროტესტო აქციები გაიმართა. ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ბაყუბაში, სადაც პოლიციამ სადამ ჰუსეინის მომხრეთა დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა.
XS
SM
MD
LG